საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სამოქმედო გეგმის შესრულების 2020 წლის მეორე ნახევრის ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშები

19 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სამოქმედო გეგმის შესრულების 2020 წლის მეორე ნახევრის ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშები წარადგინა.

 

ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა კოლომბ დე მერსიმ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი ბარისაშვილმა.

 

პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის, ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებებზე. როგორც მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა:

 

- საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში მოცემული ამოცანები და ინდიკატორები საჭიროებს დახვეწას S.M.A.R.T. კრიტერიუმების შესაბამისად. გარდა ამისა, ამოცანების რეალურად მისაღწევად აუცილებელია მეტი აქტივობის განსაზღვრა და მათი შესრულებისთვის რეალური ძალისხმევის გაწევა;

 

- ზოგიერთი ამოცანის გასაზომად სამოქმედო გეგმით არასაკმარისი და ნაკლებად ამბიციური ინდიკატორებია გათვალისწინებული, რაც მნიშვნელობას უკარგავს ამოცანებს;

 

- ზოგიერთ შემთხვევაში ამოცანისთვის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულება თუ შეუსრულებლობა ამოცანის შესრულებაზე გავლენას არ ახდენს;

 

- მონიტორინგის პროცესში თავი იჩინა იმ არაერთმა ისეთმა ხარვეზმა და გამოწვევამ, რაც საქართველოში პოლიტიკის შემუშავების პროცესს ახასიათებს, მათ შორის, იდენტიფიცირებული რისკების შემცირებისა თუ აღმოფხვრის მექანიზმების არარსებობა სამოქმედო გეგმაში, უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ნაკლებობა, ზედამხედველობის სისუსტე და სხვა;

 

- პასუხისმგებელი უწყებები, როგორც ჩანს, სერიოზულად არ აღიქვამენ საჯარო მმართველობის სამოქმედო გეგმას და გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამაზე მეტყველებს პანდემიის, როგორც შემაფერხებელი გარემოების შაბლონური გამოყენება ვალდებულებათა უმეტესობის შემთხვევაში ისე, რომ კონკრეტულად არ ხდება მითითება პანდემიით გამოწვეულმა რომელმა კონკრეტულმა ფაქტორმა და როგორ განაპირობა ამა თუ იმ ღონისძიების შეუსრულებლობა;

 

- სამოქმედო გეგმით პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებული ოთხი ამოცანიდან ერთი მეტწილად შესრულდა, ხოლო სამი შეუსრულებელია; ცხრა აქტივობიდან ორი სრულად შესრულდა, ერთი - მეტწილად, ორი - ნაწილობრივ, ოთხი კი შეუსრულებელია.

 

- სამოქმედო გეგმით ანგარიშვალდებულების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებული ხუთი ამოცანიდან სამი ნაწილობრივ შესრულებულია, ორი კი - შეუსრულებელი. ამოცანებისთვის განსაზღვრული ექვსი ინდიკატორიდან (მათ შორის, ერთი დამატებითი ინდიკატორი) ერთი სრულად შესრულებულია, ერთი - ნაწილობრივ, ოთხი - შეუსრულებელი. რაც შეეხება აქტივობებს, 2020 წლის მეორე ნახევარში განსაზღვრული იყო ექვსი აქტივობა, რომელთაგან ორი ნაწილობრივ შესრულდა, ოთხი კი არ შესრულდა. აქტივობის შედეგის ცხრა ინდიკატორიდან სამი ნაწილობრივ შესრულდა, ექვსი კი არ შესრულდა;

 

- სამოქმედო გეგმით სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებული შვიდი ამოცანიდან, 2020 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობით, ერთი სრულად შესრულებულია, ერთი - მეტწილად, სამი - ნაწილობრივ, ორი კი - შეუსრულებელი. ამოცანისთვის განსაზღვრული ცხრა ინდიკატორიდან ორი სრულად შესრულებულია, ოთხი - ნაწილობრივ, სამი კი - შეუსრულებელი. რაც შეეხება აქტივობებს, 2020 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში განსაზღვრული ექვსი აქტივობიდან ორი ნაწილობრივ შესრულებულია, ოთხი კი - შეუსრულებელი. აქტივობის შედეგის ექვსი ინდიკატორიდან ორი ნაწილობრივ შესრულებული და ოთხი შეუსრულებელია;

 

- სამოქმედო გეგმით საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებული სამი ამოცანიდან ორი მეტწილად შესრულდა, ერთი კი  შეუსრულებელია. შვიდი აქტივობიდან ერთი სრულად შესრულდა, სამი - მეტწილად, სამი კი - ნაწილობრივ.

 

გაეცანით ანგარიშებს აქ:

 

მიმართულება 1: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია

 

მიმართულება 3: ანგარიშვალდებულება

 

მიმართულება 4: სახელმწიფო სერვისების მიწოდება

 

მიმართულება 5: საჯარო ფინანსების მართვა

 

 

ანგარიშები მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მათ შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ის შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge