საიას წარმატებული საქმეები

სამოქალაქო საქმე

თ.ა. ი.მ-ს, ი.გ-სა და ი.გ-ს წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე თ.ა-ს, რომელიც 1996 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ფლობდა საცხოვრებელ სახლს. მესაკუთრეებთან - ი.მ-ს, ი.გ-სა და ი.გ-სთან დადებული ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მას გადახდილი ჰქონდა 4000 აშშ დოლარი, თუმცა, არ იყო რეგისტრირებული სადავო ფართში. თ.ა-ს მოვუმზადეთ სარჩელი, რომლითაც საია ითხოვდა სადავო ფართის მოსარგებლედ თ.ა-ს აღიარებას და, მოპასუხეებისთვის ფართის ღირებულების (32000 აშშ დოლარის) 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრედ ცნობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. მისი განმარტებით, თ.ა. არ წარმოადგენდა ფართის მოსარგებლეს, ვინაიდან მას არც წერილობითი ხელშეკრულება გააჩნდა და არც სადავო ფართში იყო რეგისტრირებული. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ თ.ა. მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მოსარგებლედ. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, სადაც მხარეებს შორის მოხდა მორიგება, რომლითაც ი.მ-მ, ი.გ-მ და ი.გ-მ აიღეს ვალდებულება, მორიგების აქტის დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში, თ.ა-სთვის გადაეხადათ 27000 აშშ დოლარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები ვერ შეძლებენ დათქმულ ვადაში 27000 აშშ დოლარის გადახდას, ძალაში შევა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციული საქმე

მ.ფ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე მ.ფ-ს, რომელიც შემოსავლების სამსახურმა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის მოტივით დააჯარიმა 500 ლარით. მ.ფ-მ დაჯარიმების შესახებ შედგენილი აქტი გაასაჩივრა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ ფინანსთა სამინისტროში. მ.ფ-ს განმარტებით, მას არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, მის მიერ მოხდა ჩეკის გამოწერა, თუმცა, ვერ მოახერხა შემძენისთვის მისი გადაცემა, ვინაიდან შემძენმა სწრაფად დატოვა მაღაზიის ტერიტორია. მ.ფ-ს ჰქონდა სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე ორი წუთით ადრე გამოწერილი ჩეკი, თუმცა, აღნიშნული არც შემოსავლების სამსახურმა და არც ფინანსთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და მ.ფ-ს უარი ეთქვა საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

საიას დახმარებით მ.ფ-მ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ხელახლა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, მიეღო ახალი გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს ჯერ სააპელაციო, შემდეგ უზენაეს სასამართლოში, თუმცა, მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ძალაში შევიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

საიას ადვოკატების ჩარევის შედეგად ოზურგეთისა და ჩოხატაურის საკრებულოების უკანონო აქტები ძალადაკარგულად გამოცხადდა

2012 წლის 25 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ხოლო 2012 წლის 25 მაისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ძალადაკარგულად ცნო აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეთა მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებდა წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში მოქალაქეთა მიღება-გადაადგილების წესს და უკანონოდ ზღუდავდა მათ თავისუფალ გადაადგილებას.

აღნიშნული აქტები გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ და ისინი არეგულირებდა მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. “ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის” შესაბამისად, დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის მქონე სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ორივე შემთხვევაში ვრცელდებოდა არა მხოლოდ წარმომადგენლობით, არამედ, ასევე, აღმასრულებელ ორგანოებზეც.

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ ბრძანებაზე მითითებით, 2012 წლის 13 მარტს ჟურნალისტ ნ.გ-ს შეუზღუდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლა. შესაბამისად, მან ვერ მოახერხა, კანცელარიაში დაეტოვებინა განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე. 2012 წლის 16 მარტს იგივე განმეორდა ოზურგეთში ჟურნალისტ ჟ.მ-ს მიმართ. მას არ მიეცა გუბერნატორის ადმინისტრაციის კანცელარიაში განცხადების დატოვების საშუალება.

ნ.გ-მ და ჟ.მ-მ სასამართლოში აღძრეს ადმინისტრაციული სარჩელი და მოითხოვეს ზემოაღნიშნული უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. მათ ინტერესებს საიას ადვოკატი იცავდა. ორივე შემთხვევაში, საქმე წარმატებით დასრულდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის გარეშე. როგორც ოზურგეთის, ასევე ჩოხატაურის საკრებულომ, სასამართლოში მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ, ძალადაკარგულად ცნეს საკრებულოს თავმჯდომარეთა მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

გასაჩივრებული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების გამო, ჟურნალისტებმა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე გამოიხმეს სარჩელი და უკან დაიბრუნეს საქმის განხილვისთვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საიას იურისტების დახმარებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დაბადების მოწმობებს აიღებენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი პირების ლ.ა-ს და ს.მ-ს სარჩელები და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაევალა მათი დაბადების სააქტო ჩანაწერებში არსებული არაზუსტი მონაცემის - დაბადების თარიღის - შესწორება. მათ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაკარგეს დაბადების მოწმობები. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეები აიღებენ მოწმობებს დაბადების თარიღის ზუსტი მონაცემის მითითებით.

საიას ადვოკატებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ 23 საქმე წარმატებით დაასრულეს

საიას აჭარის ფილიალის ადვოკატები სასამართლოში იცავდნენ მოქალაქეთა  ინტერესებს (სულ 23 პირი), რომლებიც ჩარიცხულ იქნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლეს სწავლის საფასურის გადახდა და სასწავლო წლის დაწყებისთანავე უარი განაცხადეს სწავლის გაგრძელებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ პირებს არ მიუღიათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უნივერსიტეტის მხრიდან, კერძოდ, მათ სწავლის საფასურის გადახდის შეუძლებლობის გამო, უარი განაცხადეს სწავლის გაგრძელებაზე, უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა და მოითხოვა  მათთვის სწავლის გადასახადის დაკისრება. თითოეულ პირზე დასაკისრებელი თანხის განსაზღვრა მოხდა ინდივიდუალურად, სასწავლო პერიოდისა და ფაკულტეტის გათვალისწინებით, 1500-დან 3500 ლარის ფარგლებში. საიას აჭარის ფილიალის ადვოკატების მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად, როგორც ბათუმის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა არ გაიზიარეს მოსარჩელე მხარის (უნივერსიტეტის) პოზიცია. სარჩელი სასამართლოების მიერ  ხანდაზმულად იქნა ცნობილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა და ისინი უკვე შევიდა კანონიერ ძალაში.

საიას ადვოკატების დახმარებით, არასრულწლოვნებს ალიმენტი დაენიშნათ

საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატების დახმარებით, ქუთაისის საქალაქო  სასამართლოს გადაწყვეტილებებით, სამ არასრულწლოვანს ლ.ნ-ს, ს.შ-ს და მ.ჩ-ს დაენიშნა ალიმენტი, თითოეულს 100 ლარის ოდენობით. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეები - არასრულწლოვანთა მამები - ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებშიც კი არ უქმნიდნენ თავიანთ შვილებს განვითარებისათვის აუცილებელ ცხოვრების პირობებს და არ იჩენდნენ სათანადო მზრუნველობას მათ მიმართ.

ამასთან, არასრულწლოვან ლ.ნ-ს მამას, გარდა ალიმენტისა, ასევე დაეკისრა, შვილის ავადმყოფობის გამო, ყოველთვიურად დამატებით ხარჯებში მონაწილეობა 100 ლარის ოდენობით, მის სრულ გამოჯანმრთელებამდე.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge