საიას დახმარებით, 79 წლის ქალბატონი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლდა
საიას თბილისის ოფისი საადვოკატო დახმარებას უწევდა 79 წლის მ.კ-ს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარმა სამმართველომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-41 ნაწილით, 700 ლარით დააჯარიმა (სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა განმეორებით, წლის განმავლობაში, წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება). აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მ.კ-ს ასევე დაეკისრა საურავის გადახდა 500 ლარის ოდენობით.
საიას მონაწილეობით, სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა ქალბატონ მ.კ-ს უდანაშაულობა. შესაბამისად, დადასტურდა, რომ, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, საქმის გარემოებები არასათანადოდ იყო გამოკვლეული. მ.კ-მ 1996 წელს, ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა მანქანა და მას შემდეგ არავითარი კავშირი აღარ ჰქონია ხსენებულ სატრანსპორტო საშუალებასთან. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაუქმდა როგორც დაჯარიმების, ასევე ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ მიღებული დადგენილებები.
საიას ჩარევით, სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით
2012 წლის 5 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის - დ.ქ-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. დ.ქ-ს ინტერესებს სასამართლოში საიას ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა მის მიმართ ოჯახის წევრების - მ.ქ.-სა და თ.ი-ს მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადეების მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და მათ აეკრძალათ მსხვერპლის - დ.ქ-ს მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება. დამცავი ორდერი გაცემული იქნა 15 დღის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2012 წლის 3 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აღარ საჩივრდება.
საიას დახმარებით, სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულს აუნაზღაურდება მკურნალობის ხარჯები
ჯ.ზ-მ ავტოავარიის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილი იქნა შპს „იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში". პაციენტი საავადმყოფოში მიყვანისას იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში და ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება. სამედიცინო დაწესებულებამ მის თანმხლებ პირთან - მეუღლესთან - დადო ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელმა იკისრა სრული თავდებობა, აენაზღაურებინა პაციენტის მკურნალობის ხარჯები. ჟ.ზ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია „ალფაში", რომელმაც უარი განაცხადა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე. შპს „იმერეთის რეგიონულმა კლინიკურმა საავადმყოფომ" სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ჯ.ზ-სგან მოითხოვა მკურნალობის თანხის გადახდა. მოპასუხე მხარემ სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა საქმის განხილვაში სადაზღვევო კომპანია „ალფას" თანამოპასუხედ ჩაბმის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯ.ზ-ს მკურნალობის ხარჯების - 3912 ლარის - გადახდა დაეკისრა სადაზღვევო კომპანია „ალფას".
საიას დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაუბრუნდა ავტომანქანა, რომელსაც ბრალდების მხარე დანაშაულის საგნად მიიჩნევდა
2012 წლის 11 მაისს შსს-ს დუშეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება გ.ქ-ს და გ.ჯ-ს მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით - ქურდობა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ), ორი ტომარა ქვიშის მოპარვის ბრალდებით. საიას ადვოკატი იცავდა არასრულწლოვან გ.ქ-ს ინტერესებს. ბრალდებულთა განმარტებით, აღნიშნული ქვიშა წლების განმავლობაში უპატრონოდ ეყარა ქუჩაში და, სახლში სარემონტო სამუშაოების დასრულების მიზნით, ქვიშის წაღებას ისინი დღისით, საჯაროდ შეეცადნენ. მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით, პროკურორსა და ბრალდებულებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ეკუთვნოდა არასრულწლოვან გ.ქ-ს ოჯახს, მას ჩამოერთვა, როგორც დანაშაულებრივი იარაღი და უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.
მიღწეული საპროცესო შეთანხმება გამომდინარეობდა ბრალდებულების სურვილიდან. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, საიას ადვოკატის მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული იმ მოტივით, რომ დანაშაულის აღკვეთა განხორციელდა მისი ჩადენის მცდელობისას - ტომრებში სამშენებლო მასალის ჩაყრის დროს - და ბრალდებულებს ავტომანქანა დანაშაულის ჩასადენად არ გამოუყენებიათ. ფოტომასალით, მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებით უდავოდ დგინდებოდა ის ფაქტი, რომ ავტომანქანა დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა.
ბრალდების მხარემ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა და ბრალდებულ გ.ქ-ს ოჯახს ჩამორთმეული ავტომანქანა დაუბრუნა.
საიას დახმარებით, გ.ვ-მ შეძლო მემკვიდრეობის მიღება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა იურიდიული დახმარება გაუწია გ.ვ-ს. ეს უკანასკნელი მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას, თუმცა, სამკვიდრო მოწმობის ასაღებად არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის და, შესაბამისად, არც საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებია მემკვიდრეობით მიღებული ქონება. მოგვიანებით, 2012 წლის მაისში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონების მესაკუთრედ, იმერეთის საარბიტრაჟო პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ცნობილ იქნა ნ.ვ. გ.ვ-მ, საიას დახმარებით, სარჩელით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა იმერეთის საარბიტრაჟო პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, გ.ვ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა იმერეთის საარბიტრაჟო პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც, გ.ვ. შეძლებს, ფაქტობრივი ფლობით მიღებული მამის დანაშთი ქონება საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს.
საიას დახმარებით, ნ.ხ-ს შეუნარჩუნდა საკუთრების უფლება მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე და თავიდან იქნა აცილებული საცხოვრებელი სახლის უკანონო დემონტაჟი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე ნ.ხ-ს, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გაუუქმა 4000 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. ამასთან, ამავე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ნ.ხ. დაჯარიმდა 200 ლარით იმ საფუძვლით, თითქოს ის საცხოვრებელ სახლს იშენებდა სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე და დაევალა ამ მშენებარე სახლის დემონტაჟი. ზემოაღნიშნული ორივე აქტი აჭარის ფილიალის იურისტების მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული აქტი, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, ბათილად ცნო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქმე დამატებითი განხილვისთვის აღიარების კომისიას დაუბრუნა. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ აღიარების კომისიამ კვლავ ბათილად ცნო საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილებაც გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად სარჩელის დასაბუთებულობისა, სასამართლომ არ გაიზიარა არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოება და ნ.ხ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმეზე წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სათანადო ყურადღება მიაქცია საქმეში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს და მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მორიგების საფუძველზე შეწყდა. მორიგების პირობების თანახმად, ნ.ხ-ს საკუთრების უფლება აღსდგა 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. მას შემდეგ, რაც, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ.ხ-ს საკუთრებაში კვლავ დარჩა სადავო მიწის ნაკვეთი, დაკმაყოფილდა ნ.ხ-ს მეორე სარჩელიც - მისი მშენებლობის დემონტაჟისა და დაჯარიმების თაობაზე აქტის გაუქმების შესახებ. შესაბამისად, იგი აგრძელებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
საის დახმარებით შპს „ო.მ.ც“-ს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 13 667 ლარი ჩაერიცხა
საიას აჭარის ფილიალი საადვოკატო დახმარებას უწევდა შპს „ო.მ.ც“-ს, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ეუბნებოდა შპს-ს სასარგებლოდ ქ. ბათუმის მერიის მიერ ჩარიცხული 13 667 ლარის გადარიცხვაზე. აღნიშნულმა შპს-მ არაერთხელ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თანხების გადმორიცხვის მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. საიას მიერ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უმოქმედობა გასაჩივრდა ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის თანხის გადარიცხვის დავალდებულების მოთხოვნით. მოცემული საქმე დასრულდა მორიგებით, რომლის თანახმადაც, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში, შპს „ო.მ.ც“-ს ანგარიშზე სრულად ჩარიცხა 13 667 ლარი.
საიას დახმარებით, გ.შ-ს მოძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნა
საიას აჭარის ფილიალი საადვოკატო დახმარებას უწევდა გ.შ-ს, რომელსაც აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ დაუყადაღა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები, ყოფილი მეუღლის - მ.გ-ს წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო განაჩენის აღსრულების მიზნით.
ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით, მოსარჩელის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა სამოქალაქო სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მ.გ-ს წინააღმდეგ. მოგვიანებით, საქმეში ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად ჩაერთო საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომლის ინტერესებსაც, დელეგირების გზით, იცავდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენდა მ.გ-ს. საკუთრებას, სრულად დააკმაყოფილა გ.შ-ს მოთხოვნა და ყადაღა მოხსნა მოსარჩელის მოძრავ ქონებას.
არასრულწლოვან ა.ვ-ს ინტერესებიდან გამომდინარე, დედას მშობლის უფლება შეეზღუდა
საიას გორის ოფისის დახმარებით, არასრულწლოვან ა.ვ-ს დედას - რ.ხ-ს - ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის გამო, მშობლის უფლება შეეზღუდა. დედამ 2010 წელს მცირეწლოვანი შვილი მიატოვა მამასთან, რომლის ერთადერთ შემოსავალს დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობა წარმოადგენდა. შვილის მიტოვების შემდეგ დედა საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა და მუშაობა დაიწყო. თითქმის ორი წლის განმავლობაში იგი შვილის მიმართ არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა, პირიქით, ყოველთვიურად იღებდა მის კუთვნილ დევნილის შემწეობას და შვილს საარსებო წყაროს გარეშე ტოვებდა. სასამართლომ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სოციალური მუშაკის მიერ დადებული დასკვნა მშობლის უფლების შეზღუდვის აუცილებლობაზე და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. დედას, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, შეუზღუდა მშობლის უფლება - წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ასევე, დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა - ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით.
საიას დახმარებით, ქ.ქ-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი
საიას გორის ოფისის დახმარებით, მორიგების აქტის საფუძველზე, არასრულწლოვან ქ.ქ-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.
2010 წლიდან ქ.ქ-ს მშობლები არიან განქორწინებულნი. არასრულწლოვანი საცხოვრებლად დარჩა მამასთან. 2012 წლის 11 აპრილს ქ.ქ-მ თვითნებურად მიატოვა მამა და საცხოვრებლად გადავიდა დედასთან. არასრულწლოვანმა კატეგორიული უარი განაცხადა მამასთან დაბრუნებაზე და სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკთან განაცხადა, რომ მამისა და მისი ახლო ნათესავების მხრიდან განიცდიდა არაადამიანურ მოპყრობას. შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, დედა იძულებული გახდა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიემართა. საიას ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც ასევე გამყარებული იქნა საიას იურისტების შუამდგომლობების საფუძველზე დაკითხული არასრულწლოვნის, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ახსნა-განმარტებებით. მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარემ განაცხადა მორიგების შესახებ. მორიგების აქტის საფუძველზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ქ.ქ-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ბავშვის მამას მიეცა უფლება, ორ კვირაში ერთხელ - პარასკევიდან კვირამდე და ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე - მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, თავისი არასრულწლოვანი შვილი სახლში წაიყვანოს.
საიას ადვოკატების დახმარებით, არასრულწლოვნებს ალიმენტი დაენიშნათ
საიას გორის ოფისი სასამართლოში აწარმოებდა 4 სასამართლო დავას არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, 9 ბავშვს ა.ტ-ს, გ.ტ-ს, მ.ჩ-ს, გ.ჩ-ს, ა. ჩ-ს, შ.შ-ს, გ.წ-ს, ლ.ტ-ს, გ.წ-ს დაენიშნა ალიმენტი, თითოეულს 100 ლარის ოდენობით. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეები - არასრულწლოვანთა მამები - ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებშიც კი, არ უქმნიდნენ თავიანთ შვილებს განვითარებისათვის აუცილებელ ცხოვრების პირობებს და არ იჩენდნენ მათ მიმართ სათანადო მზრუნველობას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge