საიას თბილისის ადვოკატის დახმარებით ბრალდებულების მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
საიას თბილისის ადვოკატი ახორციელებდა ბრალდებულების გიორგი და ლაშა სოზაშვილების დაცვას სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით, ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში.
გიორგი და ლაშა სოზაშვილებს ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჩადენილს ჯგუფის მიერ.
გამოძიების ინფორმაციით 2012 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 02:50 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლაშა სოზაშვილი და მისი ძმა გიორგი, თბილისში, თრიალეთისა და კალაუბნის ქუჩების კვეთაზე ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი ერთმანეთს მაღალ ხმაზე აგრესიულად ესაუბრებოდნენ და იგინებოდნენ. მას შემდეგ რაც პოლიციის თანამშრომლებმა მათ მოსთხოვეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სოზაშვილები არ დაემორჩილნენ პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც თითქოს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და პოლიციელების მიმართ დანის საშუალებით მუქარას.
ბრალდების აღნიშნული პოზიცია ეფუძნებოდა მხოლოდ დაზარალებული პოლიციელების ჩვენებებს. ადგილობრივ მაცხოვრებელთა ჩვენებები და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული სხვა მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, ცალსახად არ მიუთითებდა ბრალდებულთა მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გიორგი და ლაშა სოზაშვილები უდანაშაულოდ სცნო.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge