საიას სარჩელის საფუძველზე პატიმრის გაშიშვლების უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

2018 წლის 26 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოცხადა გადაწყვეტილება ნანა ფარჩუკაშვილის საქმეზე. მოსარჩელის ინტერესებს იცავდა საია. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს #200 ბრძანების ის ნორმა, რაც ითვალისწინებდა პატიმრის გაშიშვლების შესაძლებლობას. ამ საქმეში საია ამტკიცებდა იმას, რომ პატიმრის სხეულში დამალული უკანონო საგნის (დანა, ნარკოტიკული საშუალება და ა.შ.) აღმოჩენა შესაძლებელია გაშიშვლების გარეშე, სკანერის მეშვეობით. ამასთან გასაჩივრებული ნორმა არ განსაზღვრავდა დღეში რამდენჯერ უნდა ყოფილიყო გაშიშვლების ღონისძიება გამოყენებული.

ბრძანებით არ იყო განსაზღვრული რა შემთხვევებში ჰქონდა დირექტორს გაშიშვლების ღონისძიების გამოყენების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული ნორმა არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობის უფლებას, ასევე, კონსტიტუციის მე-20 მუხლით აღიარებულ პირადი ცხოვრების უფლებას დირექტორის მიერ შეუზღუდავად პატიმრის გაშიშვლების ნაწილში.

აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულად სცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ, მინისტრის 2017 წლის 30 აპრილის ბრძანებით (ნორმის გაუქმება ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2015 წლის 25 აგვისტოს, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ჯერ კიდევ ძალაში იყო.     


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge