საიას საერთო კრების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება - საია “რუსულ კანონის” მოთხოვნებს არ შეასრულებს და ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ დარეგისტრირდება

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) 2024 წლის 6 ივლისის 32-ე (რიგგარეშე) წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის (,,რუსული კანონი“) მოქმედების პირობებში საიას საქმიანობის შესახებ

1. 2024 წლის 3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ხელი მოაწერა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის.

2.კანონის მიღებით, ხელისუფლებამ განზრახ შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგს, მშვიდობასა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

3. ამ კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად ცხადდება ის საქმიანობა, რასაც საია დაარსების დღიდან საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად და სამართლის უზენაესობის პრინციპების დასამკვიდრებლად აკეთებდა და აკეთებს.

4. რეგისტრაცია რეესტრში, რომელიც საქართველოს და ქართული საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებულ საქმიანობას უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს, და იწვევს ორგანიზაციის სტიგმატიზებას, შეუთავსებელია საიას მისიასთან, მიზნებთან, პრინციპებთან და წარმოადგენს ორგანიზაციის დამაზიანებელ ქმედებას.

5. საერთო კრება ცნობად იღებს, რომ საიას გამგეობამ წინამდებარე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და თავის მხრივ ადგენს:

5.1. ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ შეასრულებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ;

5.2. ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ბრძოლის პარალელურად, საია  აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც წარმოადგენს ორგანიზაციის ინტერესებისათვის გადადგმულ ნაბიჯს;

5.3. კანონის რეპრესიული მოქმედების პირობებში ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის გაგრძელების გრძელვადიან სტრატეგიას საიას გამგეობა დაამტკიცებს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევამდე, რომელსაც წარუდგენს საერთო კრებას.

6. წინამდებარე გადაწყვეტილება მიღებულია ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთო კრების მიერ, ერთხმად.    




 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge