საიას რეკომენდაციების დიდი ნაწილი 2017-2018 წლების განახლებული ანტიკორუფციულ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ბოლო ვერსიაში არ აისახა

2017 წლის 24 აპრილს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-15 სხდომა გაიმართება, სადაც ერთ-ერთ მნიშნველოვან საკითხად განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგიის წარდგენა და 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის განხილვა იგეგმება.

2017 წლის 13 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივდნოს ოფიციალურად წარუდგინა წინადადებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ასახვაც 2017-2018 წლების ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში უნდა განხორციელებულიყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი ეხებოდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

- საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია;

- სახელმწიფო შესყიდვები;

- პოლიტიკური პარტიები, სასამართლო ხელისუფლება;

- კერძო სექტორი;

- კორუფციული დანაშაულის პრევენცია.

არაერთი სამუშაო შეხვედრის და შეთავაზებული საკითხების დეტალური განხილვის შემდეგ, 2017-2018 წლების ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნა პოლიტიკურ პარტიებთან  და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი წინადადებები, რაც დადებით შეფასებას იმსახურებს. თუმცა, სტრატეგიის მიღმა დარჩა არაერთი მნიშვნელოვანი წინადადება. კერძოდ:

საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია (პასუხისმგებელი უწყება: საჯარო სამსახურის ბიურო).

- საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.

სახელმწიფო შესყიდვები (პასუხისმგებელი უწყება: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო)

- სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვების ელექტრონული პროცედურის დახვეწა;

- ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების მოდულში (CMR) საიდუმლო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებთან დაკავშრებით ინფორმაციის მოდულის ინტეგრირება;

- საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე რეგულაციების დაწესება;

- გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებში დამატებითი რეგულაციების დაწესება;

კერძო სექტორი (პასუხისმგებელი უწყება: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო)

- სახელმწიფო საწარმოების დაფუძნების სფეროებისა და კრიტერიუმების განსაზღვრა;

- სახელმწიფო საწარმოების საკადრო პოლიტიკის რეგულირება;

- სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებული თანამშრომლებისათვის ეთიკის/ქცევის წესების შემუშავება და მიღება;

- სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციულ საკითხებზე;

კორუფციული დანაშაულის პრევენცია (პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური)

- კორუფციული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული წინადადებების გათვალისიწინება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას და არსებითად გაზრდიდა კორუფციის პრევენციის შესაძლებლობას. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინადადებები დეტალურად იხილეთ აქ


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge