საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა საიას რეკომენდაციები, რაც მიზნად ისახავდა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცედურების დახვეწას. რეკომენდაციები წარდგენილი იყო მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, რომლის შედეგად იგეგმება 43 ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლეების დანიშვნა, მათ შორის, უვადოდ. საიას რეკომენდაციების ერთი ნაწილი გათვალისწინებულია და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა საბჭოს ვებ-გვერდზე, თუმცა, რეკომენდაციების მეორე ნაწილი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული.
ის ფაქტი, რომ წარდგენილი რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, მნიშვნელოვანია და დადებითად უნდა შეფასდეს. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და მათი წინადადებების გათვალისწინებით გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის დამკვიდრება აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის.
საიას რეკომენდაციების ირგვლივ საბჭოს სხდომაზე გამართულმა განხილვამ კიდევ ერთხელ ცხადყო სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საქართველოს პარლამენტის ეფექტური ჩართვის აუცილებლობა და მისი მაღალი პასუხისმგებლობა ამ საქმეში. მიუხედავად აღნიშნულისა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უარი თქვა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვაზე, რომელიც მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესში არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებს შეეხებოდა. კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო წინადადება განსახილველად გაეგზავნა სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის სამუშაო ჯგუფს. გასათვალისწინებელია, რომ ჯგუფის მუშაობა გაჭიანურებულია, ხოლო მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის საკითხის განხილვა ჯგუფში უახლოეს მომავალში არ იგეგმება.
მიგვაჩნია, რომ მიუხედავად რეკომენდაციების არასრულად გათვალისწინებისა, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საბჭოს მიერ საიას რეკომენდაციით განხორციელებული შემდეგი ცვლილებები:
- დადგინდა წყაროების კონკრეტული ჩამონათვალი, საიდანაც სავალდებულო წესით მოხდება კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. მათ შორის არის: მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მოძიება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან ინფორმაციის გამოთხოვა, არანაკლებ ორი რეკომენდატორის რეკომენდაციის გამოთხოვა და სხვა. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბჭოს მიერ კანდიდატების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას;
- მოსამართლეობის კანდიდატებზე საზოგადოებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გახდება წინასწარ ცნობილი, რაც ქმნის უკეთეს პირობებს კანდიდატების შესახებ საბჭოს წევრებისთვის მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად;
- მოსამართლეთა შერჩევის წესი უფრო დეტალურად არეგულირებს კონკურსის ჩატარების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული, მათ შორის, ხელს შეუწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრას და შესაბამისად, ინფორმაციის უფრო ეფექტურად მოძიებას.
საბჭოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ორი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარება ღია სხდომაზე და საბჭოს ცალკეული წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების დასაბუთება. მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ განიხილონ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის საკითხი. საია კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის პროცესში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge