საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება
2013 წლის 15 თებერვალს „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გავრცელდა გურია ნიუსის ჟურნალისტის ჟანა მეგრელიშვილის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული
გამგებელი ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს მას.
აღნიშნულ ფაქტს თავად კონსტანტინე შარაშენიძეც არ უარჰყოფს. 2013 წლის 16 თებერვალს მან მედიაში გავრცელებული განცხადებით
ბოდიში მოიხადა მომხდარი ფაქტის გამო.
მიგვაჩნია, რომ კონსტანტინე შარაშენიძის ქმედება შეფასებული უნდა იქნეს როგორც მოხელის და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს დისციპლინალურ გადაცდომას. კონსტანტინე შარაშენიძის ქმედებას უნდა მიენიჭოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიკაცია და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზომა. მართალია, ბოდიშის მოხდა პოზიტიურ ქმედებად უნდა შეფასდეს, მაგრამ ამ ქმედებას, როგორც პასუხისმგებლობის ზომას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ ბოდიშის მოხდის ფაქტი არ წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის საკითხის განუხილველობის საფუძველს.
მოვუწოდებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი და კონსტანტინე შარაშენიძის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზომა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge