საიას პოზიცია სახელმწიფოსა და ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს შორის დადებულ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე

2014 წლის 17 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოსა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის 2011 წლის 06 ივლისს საერთაშორისო არბიტრაჟში დადებული მორიგების შეთანხმება და მისი დამატებითი დოკუმენტები. არბიტრაჟში ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა მოთხოვნა იყო ტელეკომპანია ,,იმედის" საკუთრებაში დაბრუნება და ,,მთაწმინდის პარკის" იჯარის აღდგენა, ან კომპენსაცია 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. როგორც აღვნიშნეთ, საარბიტრაჟო განხილვა დასრულდა მორიგებით, ა.პატარკაციშვილის მემკვიდრეებსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმებული პირობებით.

მორიგების აქტების გაცნობისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ შესაძლებელია დოკუმენტი წარმოაჩენდეს იმდროინდელი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირთა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებს. აუცილებელია, სახელმწიფომ სათანადოდ გამოძიოს როგორც აღნიშნული დოკუმენტის, ასევე მის შედგენამდე და  შედგენის შემდეგ განხორციელებული პროცესების კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო და სხვა ორგანოთა მხრიდან სისტემურ კანონდარღვევებს. 
საია ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე არსებით გარემოებაზე, რაც, ჩვენი აზრით, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოთა შეწავლის საგანი უნდა გახდეს.
 
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები
 
შეთანხმება შედგენილია საქართველოს სახელმწიფოსა და არკადი პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის. ტერმინით ,,ქართული მხარეები" მოხსენიებულია:
 
1. საქართველო, წარმოდგენილი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილით;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
3. საქართველოს გენერალური პროკურატურა;
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი;
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
7. ფინანსური პოლიცია;
8. საგადასახადო დეპარტამენტი;
9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
10. თბილისის მერია. 
 
გასარკვევია, რა გარემოებებით იყო გამოწვეული საარბიტრაჟო დავაში სამართალდამცავი ორაგანოების ასეთი ფართო სპექტრით მონაწილეობის აუცილებლობა. ასევე ყურადღებას იქცევს დავაში თბილისის მერიისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაწილეობა. 
 
შეთანხმების აქტში მითითებულია, რომ პრეზიდენტის 2011 წლის 30 ივნისის ბრძანებულებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს წარმოადგენს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე. თუმცა, შესასწავლია, თუ რამდენად ჰქონდა პრეზიდენტს უფლება მისთვის მიენიჭებინა სამართალდამცავი ორგანოების და, განსაკუთრებით, თბილისის მერიისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლობის უფლება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არ შედის არც სამართალდამცავი და მით უმეტეს არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დამოუკიდებელი კომისია. 
 
შეთანხმება სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე
 
შეთანხების ერთ-ერთი პირობა ასეთია:
 
”ქართული მხარეები” (ცალ-ცალკე და ყველა ერთად) უზურნველყოფენ, რომ ნებისმიერი შესაბამისი მესამე მხარისაგან მოხდეს ინა გუდავაძის მიერ დასახელებულ იურიდიულ პირზე (”ინვესტორი”) ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, ამაჟამად სს ქართული ფოლადის აქტივების გადაცემა."
 
სს ,,ქართული ფოლადი" შეთანხმების გაფორმების დროისთვის იყო სხვა პირის (და არა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის) საკუთრებაში. შესაბამისად, ზემოაღნიშნულმა ორგანოებმა ვალდებულება აიღეს ,,ინვესტორისთვის" გადაეცათ სხვისი ქონება. ჩვენთვის უცნობია მსგავსი ანალოგის მქონე სხვა ოფიციალური შეთანხმება. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ რაიმე გარიგებით ერთმა მხარემ იკისროს ვალდებულება, მეორე მხარეს გადასცეს სხვა მესამე პირის ის ქონება, რომელზეც მას უფლებები არ გააჩნია. სახელწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მსგავსი შინაარსის გარიგების დადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
 
გამოძიების ინტერესის საგანი ასევე უნდა გახდეს სს ,,ქართული ფოლადის" განცხადება, რომლის თანახმადაც ,,მორიგების შეთანხმების ხელმოწერიდან 2 საათში ...სპეცრაზმმა ზუსტად 15 წუთში იძულებით დაგვატოვებინა ქარხნის ტერიტორია".  
 
სასამართლოს საქმიანობაში სავარაუდო ჩარევა
 
შეთანხმებაში მითითებულია შემდეგი: 
 
,,აპ-ს ოჯახის მხარეებს” არ სურთ რაიმე შეთანხმებაში მონაწილეობა, სანამ ...,,საქართველოს სასამართლოში მიმდინარე დავა” საბოლოოდ არ მოგვარდება  და ”აპ-ს ოჯახის მხარეების” სარჩელი არსებითად არ  დაკმაყოფილდება".
 
ამავე შეთანხმების თანახმად, ტერმინში ,,საქართველოს სასამართლოში მიმდინარე დავა" იგულისხმება საქართველოს სასამართლოში არსებული და იმ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარე (დაუსრულებელი) სამი სხვადასხვა დავა. სამივე დავაში მხარეები იყვნენ ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრები და სხვა კერძო პირები. სახელმწიფო მისი რომელიმე ორგანოს სახით არცერთ ამ დავაში მხარედ არ მონაწილეობდა. აღნიშნული გარემოებები ბადებენ კითხვებს, მოახდინეს თუ არა რაიმე სახის გავლენა ზემოაღნიშნულმა ორგანოებმა სასამართლოში მიმდინარე დავებზე იმ მიზნით, რომ საარბიტრაჟო დავა იმდროინდელი ხელისუფლებისათვის მისაღები პირობებით დასრულებულიყო?! 
 
მართალია, შეთანხმებაში მითითებულია, რომ ქართულ მხარეებს სასამართლოში მიმდინარე დავებზე კონტროლის მოხდენა არ შეუძლიათ, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც საწინააღმდეგოზე მიუთითებენ: 
 
ა) შეთანხმებაში მითითებულია, რომ მიმდინარე სასამართლო დავების ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრთა სასარგებლოდ გადაწყვეტა უნდა მოხდეს 2011 წლის 15 აგვისტომდე (ანუ შეთანხმების გაფორმებიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტ დროში). თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას სასამართლო დავებზე გავლენის მოხდენა მართლაც არ შეეძლო, მაღალი ალბათობით, მას ასევე არ შეეძლო ევარაუდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო დავები ასე სწრაფად დამთავრდებოდა და თან აუცილებლად ა.პ.-ს ოჯახის სასარგებლოდ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ 400 000 000-იანი (ოთხასი მილიონი) დავის მორიგებით დასრულების აუცილებელ პირობად ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოები დათანხმებულიყვნენ იმ პირობას, რომლის დადგომაც მათი კონტროლის მიღმა იმყოფებოდა. შეთანხმების აქტის თანახმად, თუ ეს პირობა არ შესრულდებოდა, ა.პატარკაციშვილის ოჯახის მხარე 400 მილიონ აშშ დოლარზე დავის გაგრძელების უფლებას ინარჩუნებდა, რაც, ცხადია, ,,ქართული მხარეების" ინტერესებში არ შედიოდა.
 
ბ) ჩვენს ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს კონკრეტული ფაქტები: შეთანხმების გაფორმების დროისთვის (2011 წ. 06 ივლისი) უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდა საქმე (Nას-967-1246-09), რომელიც ა.პატარკაციშვილის ოჯახის მხარეს ჯოზეფ ქეისთან პირველ 2 ინსტანციაში წაგებული ჰქონდა (მოცემულ შემთხვევაში საიას ინტერესის საგანს არ წარმოადგენს იმის გარკვევა თუ ამ კერძო დავაში რომელი მხარის პოზიცია იყო კანონშესაბამისი). ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს 2009 წელს უზენაეს სასამართლოში შეტანილი ჰქონდათ საკასაციო საჩივარი და ითხოვდნენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, უზენაესმა სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა და საჩივრის შეტანიდან თითქმის 2 წელი ისე გავიდა, რომ არათუ საქმე განიხილა, არამედ საჩივარი დასაშვებადაც კი არ იყო ცნობილი. 
 
2011 წლის 6 ივლისის საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მდგომარეობა იცვლება. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრების საჩივარი და 3 აგვისტოს დააკმაყოფილა. საყურადღებოა, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა. შედეგად, შესრულდა საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა, რომ უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საქმე 2011 წლის 15 აგვისტომდე ა.პატარკაციშვილის ოჯახის წევრების სასარგებლოდ უნდა დასრულებულიყო.
 
აღნიშნულ გარემოებათა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით წლების განმავლობაში არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ, შესაძლებელია, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სასამართლოს საქმიანობაში დანაშაულებრივ ჩარევას, რაც სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს. 
 
შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეთა შეწყვეტაზე
 
როგორც შეთანხმების აქტშია მითითებული, ა.პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე მის წინააღმდეგ 2007 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის სამ საქმეზე. მისი გარდაცვალების მიუხედავად, სამივე საქმე წლების განმავლობში გრძელდებოდა. საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთ პირობად აღნიშნულ საქმეთა შეწყვეტა განისაზღვრა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამოძიების შეწყვეტის საფუძვლად საარბტრაჟო შეთანხმებას არ იცნობს.
 
საიას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების წარმოება და, ზოგადად, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება სახელმწიფომ საარბირაჟო შეთანხმების საგნად არ უნდა აქციოს. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ა.პატარკაციშვილის მიმართ გამოძიების დაწყება, მისი გარდაცვალების შემდეგ ძიების არშეწყვეტა და სახელმწიფოს მიერ გამოძიების საარბიტრაჟო შეთანხმების პირობად განხილვა, შესაძლებელია, მიუთითებდეს ა.პატარკაციშვილის მიმართ წარმოებულ სავარაუდო პოლიტიკური მოტივების შემცველ ძიებაზე.
 
ტელეკომპანია იმედის საკითხი
 
საარბტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი არსებითი საკითხი იყო შეთანხმება ტელეკომპანია ,,იმედთან" დაკავშირებით. მორიგების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება შეასრულებდა შეთანხმების პირობებს, ა.პატარკაციშვილის ოჯახი უარს იტყოდა ტელეკომპანია ,,იმედთან" დაკავშირებულ ყველა მოთხოვნასა და სამართლებრივ პრეტენზიაზე. როგორც ჩანს, ტელეკომპანიისადმი ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ ,,იმედის" სანაცვლოდ ხელისუფლებამ სავარაუდო დანაშაულებრივი შინაარსის ვალდებულების შესრულება იკისრა - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ა.პატარკაციშვილის ოჯახისათვის გადაეცა სხვა მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქონება (იხ.ზემოთ - ,,შეთანხმება სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე").
 
ტელეკომპანია ,,იმედის" მესაკუთრის თავდაპირველი ცვლილებებთან დაკავშირებით საჭიროა ობიექტური გამოძიების ჩატარება.   
 
მორიგების ხელშეკრულების საიდუმლოდ მიჩნევა
 
საიას ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობის, ხოლო 2013 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე მოხდა მორიგების ხელშეკრულების განსაიდუმლოება. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ტიპის საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენდა თავად მორიგების ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების შინარსიის გათვალისწინებით, დოკუმენტის საიდუმლოდ მიჩნევის კანონიერება თავისთავად აჩენს კითხვებს, რაც ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს. უნდა გაირკვეს მორიგების შეთანხმების საიდუმლოდ მიჩნევა კანონით გათვალისწინებულ საფუძველს ემყარებოდა თუ გასაიდუმლოება ზემოაღნიშნული სავარაუდო კანონდარღვევების დაფარვის მიზნით მოხდა.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე შეთანხმების დადება, სასამართლოს საქმიანობაში სავარაუდო ჩარევა, სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საარბიტრაჟო შეთანხმების პირობად განსაზღვრა, ტელეკომპანია ,,იმედთან" დაკავშირებით არსებული შეკითხვები, მორიგების შეთანხმების საიდუმლო დოკუმენტად განსაზღვრა და სხვა საკითხები შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების დამატებითი შესწავლის საგანი უნდა გახდეს. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, შესაბამისი თანამდებობის პირების და, მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედებებში არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, რის გამოც საჭიროა ობიექტური და მიუკერძოებელი  გამოძიების წარმოება. საკუთრების უფლების დაცულობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპოლიტიზაცია ის ფუნდამენტებია, რაზეც მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანა უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო როცა ამ ფუნდამენტს საფრთხე ემუქრება სამართლებრივად სწორი, ობიექტური და ეფექტური რეაგირება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოთა ვალდებულებაა.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge