საიას მოსაზრებები „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე

სამოქალაქო საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელად 2021 წლის 27 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოითხოვა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ყოველგვარი საფუძვლიანი დასაბუთებისა და კონკრეტული საჭიროების გარეშე, რასაც სრულად დაუჭირა მხარი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემაც. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა 2022 წლის 27 იანვარს იწყება, რაც სრულად გამორიცხავს ფართო საზოგადოების ეფექტურ და შინაარსობრივ მონაწილეობასა და ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელი და მიუღებელია ისეთი მნიშნელოვანი ინსტიტუციური ცვლილების მიღების პროცესში, როგორსაც მოცემული კანონპროექტი ითვალისწინებს. საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სტრატეგიულ დოკუმენტებზე დასკვნის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  კანონპროექტის მიხედვით კი, იგეგმება ინსტიტუციური ცვლილება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი სრულად უნდა გადავიდეს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში და სწორედ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის უნდა მოხდეს ამ უფლებამოსილებების სრულად კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებული მიზეზები, რომელთა გამოც იგეგმება ეს ცვლილება, არ წარმოადგენს ამგვარი ინსტიტუციური ცვლილებისთვის საკმარის საფუძველს, დაუსაბუთებელია და, შესაბამისად, საია მას უარყოფითად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ანალოგიური ვერსია მანამდე ინიცირებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით 2021 წლის 7 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე, ესწრებოდა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც, კომიტეტის თავმჯდომარემ არაერთგზის აღნიშნა, რომ კანონპროექტის არსებული ვერსია წარმოადგენდა სამუშაო ვარიანტს და სამოქალაქო საზოგადოებასთან იგეგმებოდა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რათა დეტალურად მომხდარიყო კანონპროექტის განხილვა, პასუხი გასცემოდა ყველა იმ კითხვასა და საფუძვლიან შიშს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰქონდათ და მომხდარიყო იმ არაერთი ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც კანონპროექტის ამ ვერსიას აქვს. 2021 წლის 27 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე კი ცხადი გახდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ სამუშაო შეხვედრებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიცემული პირობა არ შესრულდა. პირიქით, სრულიად მოულოდნელად ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტის არსებული ვერსიის მიღება დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. 

მსგავსი მიდგომა ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების ნდობას მიმდინარე პროცესების მიმართ და სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ორჰუსის კონვენციასთან, რომელთა მიხედვითაც, გარანტირებულია საზოგადოების ინფორმირებულობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პროცესში შინაარსობრივი მონაწილეობის უფლებები.

ინსტიტუციურ ცვლილებასთან ერთად კანონპროექტით, ასევე, შემოთავაზებულია, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“  47-ე მუხლის მე-2 ნაწილში შევიდეს ცვლილება და კანონმდებლობით განსაზღვრული იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სამინისტროსთვის უნდა მიემართათ 2019 წლის 01 ივნისამდე, ეს ვალდებულება გადაუვადდეთ 2022 წლის 01 ივლისამდე. ამასთან, კანონპროექტი აფართოვებს იმ სუბიექტების წრეს, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული ცვლილება და ის შეეხება იმ საქმიანობებს, რომელთა განხორციელება დაიწყო 2018 წლის 01 იანვრამდე, ნაცვლად 2015 წლის 01 ივნისამდე, რომელიც კანონის მოქმედი რედაქციით არის განსაზღვრული, და რომელთაც არა აქვთ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება და არ მიუმართავთ გზშ-ს სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის. კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული არც ერთი ობიექტური  გარემოება, რის  გამოც აუცილებელია ეს ცვლილებები, შესაბამისად, ისინი დაუსაბუთებელია.  

კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებები, ასევე, შეეხება საქმიანობის სკრინინგის პროცედურასა და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, რომელთა ნაწილიც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც თავს იჩენს მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს გამოსწორებას და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს/დაზუსტებებს

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge