საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - თამაზ ტყემალაძის 2013 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით, ეკა კვესიტაძე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. გათავისუფლების საფუძვლად გადაცემა ,,აქცენტების“ დახურვა დასახელდა.
ჟურნალისტს სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ხელშეკრულება 2013 წლის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს გათავისუფლების შესახებ წინასწარი გაფრთხილების შემცირებული ვადა და სამი კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული გათავისუფლების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, ნაცვლად ერთი თვის კომპენსაციისა, დასაქმებულს გადაუხადოს ორი თვის კომპენსაცია. ჟურნალისტი წინასწარ არ იყო გაფრთხილებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არც ერთ თვიანი და არც სამ დღიანი ვადის დაცვით. უფრო მეტიც, როგორც გათავისუფლების დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მედიას განუცხადა, პირადად ესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც განუმარტა, რომ არ იგეგმებოდა ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 17 სექტემბერს ეკა კვესიტაძე არ შეუშვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, რაც მისთვის მოულოდნელობა იყო. შესაბამისად, ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge