საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მთავარ პროკურორს მიმართავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა 2012 წლის 06 დეკემბერს მედიის საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ამასთანავე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს მონაცემები გაუგზავნა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა; ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებს არ ჰქონდათ თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, არ იყო დაცული მათი კუთვნილი აპარატურა და პირადი ხელშეუხებლობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.
თითეულ საქმესთან დაკავშირებით საია პერიოდულად აქვეყნებდა ოფიციალურ განცხადებებს, მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში გამოძიება სწრაფად და ეფექტურად არ განხორციელებულა. საქმეების უმრავლესობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. რამოდენიმე მათგანზე გამოძიება არ დაწყებულა.
მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ფაქტის ყურადღების მიღმა დატოვებით მნიშვნელოვნად ილახება მედიის წარმომადგენლების უფლება, უარესდება მათი სამუშაო პირობები, ვერ ხორციელდება გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა ქვეყანაში.
მედიის წარმომადგენლების დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით საია მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი 38 საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის მთავარ პროკურატურას.
ვიმედოვნებთ, რომ თითოეული საქმეზე სწრაფი და ობიექტური გამოძიებით შესაძლებელი გახდება აქამდე არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოსწორება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge