საიას კვლევის „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზის“ პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა სერია დახურა კვლევის პრეზენტაციით - „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი“.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიკვეთა თვალშისაცემი ტენდენცია-ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში შესამჩნევად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავებები. შესაბამისად, საზოგადოებაში ყოველთვის ჩნდება კითხვა, ახლავს თუ არა ამ საქმეთა წარმოებას პოლიტიკური მოტივი. 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2011 წელს გამოაქვეყნა მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც შევიდა 2009 წლის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების საქმეები და მათი ანალიზი. მონიტორინგმა გამოავლინა არაერთი დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებისას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2011 წლის მაისში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებს მოჰყვა არაერთი იმ პირის დაკავება, რომელიც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდა საპროტესტო მიტინგებში. საია, მსგავსად 2009 წლის საპროტესტო აქციების შემდგომი მოვლენებისა, ამჯერადაც გამოეხმაურა საზოგადოების ინტერესს. იმის გასარკვევად, აღნიშნული საქმეები წარიმართა თუ არა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვით, ორგანიზაციამ შეისწავლა 21 საქმე, რომელიც 55 პირს ეხება. 
 
სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზმა გამოავლინა კანონის არსებითი დარღვევა  და უარყოფითი ტენდენციები როგორც გამოძიების ორგანოების, ისე სასამართლოს მხრიდან, რაც კითხვითი ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების განხორციელებას. კერძოდ, გამოვლინდა: 
 
ოპოციზიური პარტიების აქტივისტების დაკავება ხშირ შემთხვევებში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ფლობისა ან პოლიციისათვის წინააღმდეგობის ბრალდებით; 
ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა;
საქმის არასრულყოფილი გამოძიება;
ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი მტკიცებულებები;
დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია;
გარემოებათა ერთობლიობით გამოვლენილი დასაბუთებული ეჭვები გამოძიების და სასამართლოს მიმართ.
 
ასევე, საიამ, საქმეთა შესწავლის პროცესში, გამოავლინა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზები, რომელთა გამოსწორება აუცილებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დასაცავად და მოამზადა კონკრეტული რეკომენდაციები. 
 
სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად, საიამ შეისწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 12 საქმეც. დარღვევები  და მსგავსი ტენდენციები გამოვლინდა როგორც პირთა დაკავების, ასევე სასამართლო განხილვისა და შემდგომ - დროებითი მოთავსების იზოლატორის პირობებში. კერძოდ:
 
დაკავებულის უფლებების უხეში დარღვევა;
დაკავებისას ძალის გადამეტება და არასათანადო მოპყრობა;
ფორმალური სასამართლო პროცესი;
დაცვის მხარის შუამდგომლობებზე უარის თქმა; 
პოლიციელთა ჩვენებების ცალმხრივად გაზიარება;
არაპროპორციული სახდელის დაკისრება;
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები;
უფლებების უხეში დარღვევა დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, შესწავლილ საქმეთა მსჯავრდებულები ან/და მათი წარმომადგენლები. 
 
 
 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge