საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2010 წლის ივლისიდან დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან ერთად (DRC) ახორციელებს პროექტს _ ,,საქართველოში მცხოვრები დევნილების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა”, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ. პროექტი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს - იურიდიულ დახმარებას, ცნობიერების ამაღლებას, ადვოკატირებასა და გამოსახლების პროცესის მონიტორინგს.
პროექტის განხორციელების პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული პრობლემების გაანალიზების მიზნით მომზადდა კვლევა _ ,,სახელმწიფო პოლიტიკა დევნილთა მიმართ, ხარვეზების ანალიზი.”
კვლევაში გაანალიზებულია ის საკითხები, რომლებიც ყველაზე აქტუალური იყო პროექტის განხორციელების პროცესში. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭება აქტუალურ პრობლემად რჩება, იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილს სტატუსი დღემდე არ მინიჭებია. ასევე ხარვეზები ფიქსირდება საკომპენსაციო თანხის გაცემის თვალსაზრისით, რაც ერთის მხრივ გამოწვეულია საკითხის მარეგულირებელი ნორმების ბუნდოვანი შინაარსით. კვლევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გამოსახლებისა და განსახლების თემას. როგორც აღმოჩნდა 2010-2011 წლებში გამოსახლებული 1666 ოჯახიდან ადეკვატური საცხოვრებლი უმრავლესობას არ შეეთავაზა, სამინიტროს წინადადებას საქართველს სხვადასხვა რეგიონში განსახლების თაობაზე, მხოლოდ 76 ოჯახი დათანხმდა. კვლევა ასევე ასახავს პრივატიზაციის პროცესში არსებულ პრობლემებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პრივაზიტაციის ნელი ტემპი.
ყველა დასახელებულ პრობლემასთან დაკავშირებით, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინება საიას აზრით, ხელს შეუწყობს ხარვეზების აღმოფხვრას და დევნილების პრობლემების მოგვარებას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge