საიას კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის

კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, დაფიქსირდა  არსებითი დარღვევები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები: სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტები; არჩევნების ძირითადი პრინციპების - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ცალკეული შემთხვევები და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები. ასევე, ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა საიას დამკვირვებლებისათვის უფლებების შეზღუდვას. 

 

არსებითი ხასიათის დარღვევები

1. სავარაუდო გაყალბების ფაქტები და განმეორებით ხმის მიცემის მცდელობები

- მარნეულის #49 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტი;

- წალენჯიხის #11 და ოზურგეთის #7 უბნებზე დაფიქსირდა განმეორებით ხმის მიცემის მცდელობები;

- მარკირების შემოწმება არ ხდებოდა მარნეულის #48, #13, #11 საარჩევნო უბნებზე.

 

2. ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ხობის #15 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტს. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში თანხის გაცემა განახორციელა ერთი და იგივე პირმა.

 

3. სავარაუდო მუქარის ფაქტი

ზუგდიდის #21 საარჩევნო უბნის გარეთ, ეზოში ორი ნასვამი პირი ზუგდიდის #21 უბნის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაჭრით ემუქრებოდა. თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. მოგვიანებით სიტუაცია განიმუხტა.

 

4. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

- სხვადასხვა უბნებზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი  (ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - 2 ფაქტი; ახმეტის #4 უბანი -1; ახმეტის #12 უბანი - 2; გურჯაანის #19 უბანი - 2; წალენჯიხის #15 უბანი - 1; ზუგდიდის #53 უბანი - 2). კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა;

- ახალქალაქის #4 უბანზე 2-მა ამომრჩეველმა კაბინაში ფოტოგადაღება განახორციელა.

 

5. ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა და მობილიზების ფაქტები

- კვლავაც გაგრძელდა ნების კონტროლის ტენდენცია საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიებზე, რა დროსაც ხდებოდა უბანზე მისულ ამომრჩეველთა აღრიცხვა/მობილიზება. ამ ტიპის დარღვევები დაფიქსირდა გლდანის #79, #80, #81;  ნაძალადევის #37, #38, #40; სამგორის #7, #9 #32, #34, #39 და #40; კრწანისის #3; წალენჯიხის #15; ზუგდიდის #73 და #106; დუშეთის #49 საარჩევნო უბნებთან;

- ამომრჩევლის ტრანსპორტით მობილიზების ფაქტები დაფიქსირდა დუშეთის ოლქის ცალკეულ უბნებზე, ასევე, ხობის #14 და #15 უბნებთან. ამასთან, ამომრჩევლის მობილიზება შეიმჩნეოდა ხობის #15 უბნის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

6. დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა

- ახალქალაქის #20 უბანზე საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კომისიის წევრები (კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და ერთ-ერთი რეგისტრატორი). საიას დამკვირვებლის მიერ დარღვევის დაფიქსირების შემდგომ, კომისიის წევრებმა მის მიმართ გამოხატეს აგრესია და ხელს უშლიდნენ უფლებამოსილების შესრულებაში, კერძოდ, ხელი შეუშალეს საჩივრის დარეგისტრირებაში;

- მარნეულის #65 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ საკუთარი ფუნქციის შესრულებას თვითნებურად აკისრებდა კომისიის სხვა წევრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და განახორციელა ვიდეო გადაღება, რის შემდეგაც „მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელმა საიას დამკვირვებელს წაართვა ტელეფონი და წაუშალა გადაღებული ვიდეო-მასალა;

- გურჯაანში #1 და #15 უბნებზე საიას დამკვირვებლებს ხელი შეუშალეს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში და უბნიდან გამოაძევეს;

- მარნეულის #49 უბანზე კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ელდარ გაჯიევმა საიას დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა;

- ისანში #62 უბანზე საიას დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, არ აჩვენა ჩანაწერთა წიგნი და შეუზღუდა საარჩევნო პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე;

- დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემების არ შექმნასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების გაფრთხილების მიუხედავად, ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს კრწანისის #11, ახალქალაქის #2, #12, #16, #63, ახმეტის #6 და ბათუმის #73 უბნებზე. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე.

 

გადასატანი ყუთის სიის ფორმირება

- გადასატანი ყუთის სია - სხვადასხვა უბნებზე გადასატანი ყუთის სიაში არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობა ამავე უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 3%-ს აღემატებოდა. აღნიშნულის თაობაზე არსებობს საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლის დასაბუთებულობას საია მოგვიანებით გადაამოწმებს. აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა შემდეგ უბნებზე: დუშეთში არსებული 50 უბნიდან - 11 უბანზე; ბათუმის #41-ე და #43-ე უბნები;  ქობულეთის #42-ე უბანი.

 

ნეიტრალური დაკვირვების პრინციპების დარღვევა

კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ცალკეული დამკვირვებლების მიერ ნეიტრალური დაკვირვების პრინციპების დარღვევის შემდეგი ფაქტები:

- ამომრჩეველთა ნების კონტროლის განხორციელება - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელს (ახმეტის #4 უბანი); გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელს. მარნეულის #65 უბანზე ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში შეყვა არაუფლებამოსილი პირი - „მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი;

- ამომრჩეველთა მობილიზება უბანზე - გარდაბნის 43-ე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ჯაბა აბრამაშვილი ჩართული იყო ამომრჩევლის უბანზე მობილიზების პროცესში;

- არაუფლებამოსილი პირის რეგისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი სამგორის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ხაბარელს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდა. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. საიას მიმართვის საფუძველზე ცესკომ შოთა ხაბარელს დამკვირვებლის სტატუსი გაუუქმა.

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ სულ დაიწერა 60 საჩივარი, ამათგან, 31 საჩივარი - უბანზე, ხოლო 29 საჩივარი ოლქში. ასევე, დაფიქსირდა 30 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

 

 

საიას სადამკვირვებლო მისია  კენჭისყრის დღეს

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტურის კენჭისყრის დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (300 დამკვირვებლის საშუალებით).

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 170-მდე საარჩევნო უბანში. 28 საარჩევნო ოლქში 57 მობილური ჯგუფისა და 46 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება:

წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე (აღნიშნული უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით);

- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;

- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);

- აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გარემოზე, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის, ასევე, პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.   

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

29 ნოემბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, ბრიტანეთის საელჩოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასდა მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge