საიას ივნისის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით ექვსმა პირმა შპს კაზინო ,,აჭარას“ შრომითი დავა მოუგო
 
საიას თბილისის ოფისი იცავდა ექვს პირს, რომელთაც შპს კაზინო ,,აჭარამ“ დაუსაბუთებლად შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი და შპს კაზინო ,,აჭარას“ მათ სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. საკომპენსაციო თანხამ ჯამში 68 120 ლარი შეადგინა. 
 
საიას დახმარებით კიდევ ერთი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესები იქნა დაცული
 
საია იცავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომლის წინააღმდეგაც ყოფილმა ქმარმა არასრულწლოვანი ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. საიას დახმარებით, ბავშვის ნახვის დღეები განისაზღვრა დამცავი ორდერის პირობების შესაბამისად. 
 
საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით სასამართლომ მოქალაქე უდანაშაულოდ ცნო
 
საიას ზუგდიდის ოფისი სასამართლოში იცავდა ბრალდებულ ზ. ჭ-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალად ედებოდა რომელსაც ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ჭ-მ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  სპეცღონისძიებების სამმართველოს თანამშრომელს. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, ასევე მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები  და მივიდა დასკვნამდე, რომ დაზარალებულ ლ.თ-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს ბრალდებული არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. შესაბამისად, არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი და სასამართლომ ზ.ჭ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოძალადეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალა
 
2015 წლის 3 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ნ.ს-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ნ.ს-ს მიმართ, მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტები. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და  გ.გ-ს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 6 თვის ვადით.
 
საიას ქუთაისისა და თელავის ოფისების დახმარებით მოქალაქეები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა ი.რ-ს ინტერესებს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის 6 თვის ვადით შეუჩერა მართვის უფლება. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით ი.რ-მ ადმინისტრაციული ოქმი გაასაჩივრა სასამართლოში.  სასამართლომ ბათილად ცნო ი.რ-ს მიმართ გამოცემული დადგენილება და შეწყვიტა საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
 
2015 წლის მაისში ა.გ-ს მიმართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის  მდგომარეობაში მართვისათვის. მას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის შეუჩერდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 6 თვის ვადით. ა.გ-მ სამართალდარღვევის ოქმი საიას თელავის ოფისის ადვოკატის დახმარებით გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი კანონდარღვევით გამოცემული ოქმი და ა.გ-ს მოეხსნა ადმინისტრაციული სახდელი.
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოქალაქე უძრავი ქონების მესაკუთრედ იქნა ცნობილი
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე თ.ა-ს ინტერესებს, რომელმაც 2006 წლის 22 აგვისტოს აუქციონის გზით შეიძინა მიწის ნაკვეთი. აუქციონის შედეგების საფუძველზე თ. ა.-სთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სამსახურის 2010 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით  თ. ა.-ს განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ  აღნიშნული ხელშეკრულება არ პასუხობდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა ქ. ქუთაისის მერიასა და თ. ა.-ს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ნამდვილობა და თ.ა-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა სადავო ქონება საკუთრების უფლებით.  
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოქალაქეს სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში წარმოადგენდა პენსიონერი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, მძიმე ონკოლოგიური პაციენტის ნ.ლ-ს ინტერესებს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაჭირდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ხარჯების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით,  რომ ოპერაცია წარმოადგენდა არა გადაუდებელს, არამედ გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციას. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ  ფორმა # 100-ში მითითებული იყო, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით მისი ოჯახი იძულებული იყო თვითონვე  გადაეხადა ოპერაციის ღირებულება - 4053 ლარი. ნ.ლ-მ  საია-ს ქუთაისის ფილიალის დახმარებით  სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადაზღვევო კომპანიისაგან მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მხარეებს შორის შედგა მორიგება და სადაზღვევო კომპანიამ  ნ.ლ-ს აუნაზღაურა გადახდილი ოპერაციის თანხის 90%.
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge