საიას ივლისის თვის წარმატებული საქმეები
სასამართლომ პირი უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
საიას თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა ვ.შ.-ს ინტერესებს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ იყო ცნობილ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. სასჯელის სახით დანიშნული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.
საიას ადვოკატის დახმარებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, საჩივარში ადვოკატი ითხოვდა ვ.შ.-ს უდანაშაულოდ ცნობას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რომლითაც ვ.შ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა
საია იცავდა მსჯავრდებული კ.ც-ს ინტერესებს, რომელსაც წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელის სახით საბოლოოდ განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს კ.ც. ნასამართლევ პირად არ ითვლებოდა, სასამართლოს მიერ ის ნასამართლევ პირად იყო მოხსენიებული და ამ დამამძიმებელი გარემოების გამო შეფარდებული ქონდა უფრო მკაცრი სახის სასჯელი. საიას თბილისის ოფისის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, სადაც წარადგინა მტკიცებულება, რომ კ.ც.-ს ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის დროს გაქარწყლებული ჰქონდა. შუამდგომლობით ადვოკატი ითხოვდა დაკისრებული სასჯელის შეცვლას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას ადვოკატის შუამდგომლობა, კ.ც.-ს მიმართ გამოიყენა ე.წ. სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
კიდევ ერთ პირს არ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა
საიას თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა თ.ც-ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი ედებოდა ქურდობის ჩადენაში. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოითხოვა თ. ც.-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად პირობითი მსჯავრის გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თ.ც.-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა და დაენიშნა პირობითი მსჯავრი 3 წლის და 6 თვის ვადით.
წარმატებით დასრულდა რამდენიმე პირის შრომითი დავა და მათი ნაწილი სამსახურში იქნა აღდგენილი, ნაწილს კი აუნაზღაურდა სახელფასო დავალიანება
1. მ.გ.-ს 2010 წლიდან ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა, რომელზეც არჩეული იყო კონკურსის საფუძველზე 3 წლის ვადით. ამავდროულად, 2011 წლიდან იყო ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
2012 წლის 7 აგვისტოს უნივერსიტეტის რექტორის მიერ მიღებულ იქნა ბრძანებები მისი ორივე თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე, მიზეზად დასახელებული იყო ფაკულტეტზე დაგეგმილი რეორგანიზაცია.
საიას თბილისის ადვოკატის დახმარებით მ.გ.-მ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ხანგრძლივი დავა საბოლოოდ მ.გ-ს სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლომ უკანონოდ სცნო მ.გ-ს გათავისუფლების ბრძანებები, იგი აღადგინა თანამდებობებზე და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მის სასარგებლოდ დააკისრა თანამდებობებზე აღდგენამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის (ხელფასის) ანაზღაურება.
2. საიას დუშეთის ოფისი სასამართლოში იცავდა ნ. წ.-ს ინტერესებს, რომელიც 2009 წლიდან მუშაობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციული განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე. 2013 წლის 14 ნოემბერს სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, მას შეუწყდა შრომითი ურთიერთობა. განთავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო ნ.წ-ს კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან, რაც არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით. საია-ს დუშეთის ოფისის ადვოკატის აქტიური მონაწილეობით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მიღწეულ იქნა მორიგება, რომლის თანახმადაც 2014 წლის 11 ივლისს ნ. წ. აღდგენილ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურში ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
3. საიას ოზურგეთის ოფისი სასამართლოში იცავდა ლ.ბ-ს , თ.გ-ს და სხვათა (სულ 146პირი) ინტერესებს, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულნი იყვნენ ერთ-ერთი შპს-ს ჩოხატაურის და ლანჩხუთის ფილიალებში. წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მათ საიას ოზურგეთის ადვოკატის დამხმარებით სარჩელით მიმართეს სასამართლოს.
სასამართლოს გადაწყვეტილებებით მოსარჩელეთა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს „ადითს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების, ასევე შრომის ანაზღაურების ყოველი დაყოვნებული დღისთვის 0.07% -ის, მთლიანობაში 124 110 ლარის გადახდა.
4. საიას თელავის ოფისმა სამართლებრივი დახმარება გაუწია ნ.ი-ს და სხვებს (სულ 17 პირი), რომლებიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულნი იყვნენ შ.პ.ს „ენერგია პირველში“. წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მათ სარჩელი მიმართეს სასამართლოს დამსაქმებლის წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს „ ენერგია პირველს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების, სულ 28738 ლარის გადახდა.
საიას დახმარებით საცხოვრებელთან დაკავშირებული საქმე დევნილების სასარგებლოდ დასრულდა
საიას თბილისის ოფისის მიერ განხორციელებული საადვოკატო დახმარების შედეგად, საცხოვრებელთან დაკავშირებული დავა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო დევნილების, ნ.კ.-ს და მ.მ.-ს სასარგებლოდ დასრულდა.
2012 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველოფის მიზნით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ.მ.-ს ნ.კ.-ს და ნ.მ-ს გადასცა საცხოვრებელი ფართი ბაზალეთში, რომელიც გაფორმდა ნ.მ.-ს სახელზე და მასვე დაევალა უზრუნველეყო მ.მ. და ნ.კ. საცხოვრებლით. ხელშკრულების დადების მომენტისთვის მხარეები არ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. ასევე ხელშკრულება დადებულ იქნა კანონით დადგენილი წესისა და პროცედურების დარღვევით, მხარეები არ იყვნენ ინფორმირებული და ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში, არ ქონდათ გამოხატული ნება ხელშეკრულების შესაბამისი ფორმით დადებაზე, იმავდროულად კარგავდნენ უფლებას მოეთხოვათ ადეკვაური საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
საიას დახმარებით, დევნილებმა სასამართლოს მიმართეს. სასამართლო გადაწყვეტილებით, ნ.კ.-ს და მ.მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ნ.კ-ს და მ.მ-ს ნაწილში და საქართველოს მთავრობას დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საიას დახმარებით მოქალაქეებს მიენიჭათ დევნილის სტატუსი
1. საია-ს გორის ოფისი სასამართლოში იცავდა ვ.გ.-ს, ხ.ფ.-ს და დ.გ.-ს ინტერესებს, რომლებიც ცხოვრობდნენ გორის რაიონის სოფელ გუგუთიანთკარში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი სოფელ გუგუთიანთკარის იმ ნაწილზე, სადაც ვ.გ.-ს, ხ.ფ.-ს და დ.გ.-ს საცხოვრებელი სახლები მდებარეობს.ისინი არ ექცევიან საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულად აღიარებული ტერიტორიის საზღვრებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვ.გ.-ს, ხ.ფ.-ს და დ.გ.-ს არ ეძლევათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების და საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. მათი საცხოვრებელი სახლების ახლოს, 50 მეტრში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ იქნა საოკუპაციო ზოლი, რის გამოც ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ვ.გ. ხ.ფ. და დ.გ. იმყოფებიან ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები. ამის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა განსახლების სამინისტრომ კანონით დადგენილი ერთი თვის ვადაში არ განიხილა მათი განცხადება იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ვ.გ.-მ, ხ.ფ.-მ და დ.გ.-მ საია-ს გორის ოფისის დახმარებით სარჩელით მიმართეს სასამართლოს სამინისტროს წინააღმდეგ და ითხოვეს სამინისტროს მიეღო გადაწყვეტილება სტატუტის მინიჭების თაობაზე. სასამართლოში საქმის განხილვისას, სამინისტრომ ჩვენს ბენეფიციარებს მიანიჭა დევნილის სტატუსი შესაბამისად, მოსარჩელეებმა სასამართლოდან გამოიხმეს სარჩელი და ისინი შეძლებენ ისარგებლონ იმ სოციალური შეღავათებით, რაც ამ დევნილობის სტატუსთან არის დაკავშირებული.
2. საიას გორის ოფისი ადმინისტრაციული წარმოებისას იცავდა რამდენიმე პირის ინტერესებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. ისინი ცხოვრობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში და დვანში. 2013 წლის მაისში მათ სოფლებში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ იქნა მავთულხლართები. შესაბამისად მათ არ ეძლევათ საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამ პირებმა საიას გორის ოფისის ადვოკატის დახმარებით განცხადებით მიმართეს სამინისტროს, დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. სამინისტრომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და 2014 წლის ივლისში მათ მიანიჭათ დევნილის სტატუსი.
ინდივიდუალურ მეწარმეს აღარ მოუწევს საგადასახადო დავალიანების გადახდა
საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის ინტერესებს, რომელმაც სადაოდ გახადა მისთვის დარიცხული საგადასახადო დავალიანება. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ინდმეწარმეს ერიცხებოდა გადასახადის თანხა 26255.46 ლარის და საურავი 53990.22 ლარის ოდენობით. საიას ადვოკატის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საგადასახადო სამსახურს დაევალა საკითხის თავიდან შესწავლა. საგადასახადომ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი/მ-ს მოთხოვნა რიცხული დავალიანების გაუქმების თაობაზე და მას სრულად ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 80245.68 ლარის ოდენობით.
მოძალადეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალა
2014 წლის 2 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ა.ღ.-ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ა.ღ-ს მიმართ, ყოფილი მეუღლის ზ.წ.-ს მხრიდან ძალადობის ფაქტი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ.წ.-ს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 2 თვის ვადით.
რამდენიმე მოქალაქე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
1. საიას აჭარის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე გ.დ-ს ინტერესებს, რომელიც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილებით უკანონოდ დაჯარიმდა 3 ათასი ლარით. ზემოთ აღნიშნულმა სამსახურმა გ.დ-ს დაჯარიმების საფუძვლად მიუთითა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების კანონდარღვევით ჩატარება.
როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილება გ.დ-სათვის 3 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრების შესახებ.
2. საიას ქუთაისის ფილიალისა და თელავის ოფისის ადოკატების დახმარებით ორი მოქალაქე გათავისუფლებული იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. ორივე შემთხვევაში შედგენილი იყო ელექტრონული საჯარიმო ქვითრები, რომლებიც ჩვენი ადვოკატების მიერ სასამართლოში გასაჩივრდა. ორივე საქმეში სასამართლომ სრულად გაიზიარა საიას ადვოკატების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოქალაქეების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და ბენეფიციარების მიმართ ორივე საქმეში სასამართლომ შეწყვიტა წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
საიას დახმარებით რამდენიმე არასრულწლოვანის ინტერესების დაცვა მოხდა
1. საიას გორის ოფისის ადვოკატი სასამართლოში იცავდა ნ.გ-ს ინტერესებს, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი.ა-თან. ნ.გ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა მისი არასრულწლოვანი შვილის ე.გ-ს მამად ცნობილიყო ი.ა. და მას დაკისრებოდა ალიმენტი. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ი.ა. ცნობილ იქნა ე.გ-ს მამად და მას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 160 ლარის ოდენობით.
2. არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების დასაცავად, საიას დახმარებით ბავშვის დედამ 2013 წელს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვა 2008 წელს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება, მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება, ბავშვის გვარად მამის გვარის განსაზღვრა, ასევე 2008 წლიდან მოყოლებული საქმის განხილვაზე გაწეული ხარჯების გადახდა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უძრავ და მოძრავ ქონებაზე (6 ავტომანქანაზე) ყადაღის დადება.
სასამართლომ განაახლა საქმის წარმოება ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძვლით, განიხილა არსებითად და სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. შედეგად, არასრულწლოვანი ბავშვის გ. ო-ის მიმართ დადგინდა მამობა და მამას ალიმენტის სახით 2008 წლიდან სრულწლოვანების მიღწევამდე დაენიშნა თვეში 120 ლარი, ასევე ბავშვს მიენიჭა მამის გვარი.
3. საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ფ.ღ-ს ინტერესებს, რომელმაც სამტრედიის რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების მისთვის აღსაზრდელად გადაცემა. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე არასრულწოვნები აღსაზრდელად გადაეცა მამას.
მოქალაქემ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის მიღება
საიას გორის ოფისის ადვოკატი სასამართლოში იცავდა იძულებით გადაადგილებული პირის- ვ.კ-ს ინტერესებს, რომლის საცხოვრებელ სახლსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის დროს დაეწვა ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. ვ.კ-ს ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარი უთხრა როგორც დვანის საჯარო სკოლამ, ასევე საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ს.ს.ი.პ. „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“. მან აღიარებითი სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 1996-2007 წლებში გორის რაიონის სოფელ დვანის სკოლაში სწავლის ფაქტის დადგენა. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა, რომ 1996-2007 წლებში ვ.კ. სწავლობდა სოფელ დვანის სკოლაში. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ მასზე გასცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-ატესტატის დუბლიკატი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge