რა წერია ევროპული კომისიის მოსაზრებაში?
2022 წლის 17 ივნისს ევროპულმა კომისიამ (‘ევროკომისია’ ან ‘კომისია’) გამოაქვეყნა მოსაზრება, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განაცხადზე. მან რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვასთვის „ევროპული პერსპექტივისა“ და გარკვეულ პირობებთან ერთად კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს შემთხვევაში, კომისია მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაციით შემოიფარგლა, ხოლო კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ საბჭოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაბრუნება ურჩია. გამოქვეყნებული მოსაზრებების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.
რა ნაწილებისგან შედგება ევროკომისიის მოსაზრება?
საქართველოს შესახებ კომისიის მოსაზრება შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: (A) შესავალი და (B) წევრობის კრიტერიუმები. შესავალში მოცემულია ორი ქვეთავი წევრობის აპლიკაციის სამართლებრივი საფუძვლების და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. დოკუმენტის მეორე ნაწილი უშუალოდ კომისიის მოსაზრების დასაბუთებას წარმოადგენს. კერძოდ, ის საუბრობს (1) პოლიტიკურ კრიტერიუმებზე, რომელიც მოიცავს დემოკრატიის, საჯარო მმართველობის რეფორმის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ მდგომარეობის შეფასებას; (2) ეკონომიკურ კრიტერიუმებზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის საბაზრო ძალების ზეწოლასთან გამკლავების უნარების შესახებ საკითხებს; (3) სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღების შესაძლებლობაზე; და ბოლოს, კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საჭირო პირობებზე, რომლებიც (4) რეკომენდაციების სახით არის წარმოდგენილი.
რას მოიცავს ევროკომისიის პირობები?
ევროკომისიის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდა, ქვეყანას კვლავ აქვს ბაზა მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების ასაშენებლად. სწორედ ამ მიზნით, ევროკომისია საქართველოს სთავაზობს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანა შეძლებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. პოლიტიკური კრიტერიუმის თვალსაზრისით, ეს ნაბიჯებია:
- პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით, პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;
- ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირების, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;
- საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო გაუმჯობესება, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრის გზით;
- სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
- გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმის მიღება და იმპლემენტაცია, ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებაზე ორიენტირებული საკონსულტაციო პროცესის გზით მართლმსაჯულების ინსტიტუციურ ჯაჭვში სრულიად და ნამდვილად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, ძალაუფლების დანაწილების პრინციპის დაცვა; კერძოდ, მართლმსაჯულებისა და ყველა საგამოძიებო ორგანოს, განსაკუთრებით, უზენაესი სასამართლოს, სათანადო ფუნქციონირებისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა; ამასთან, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, მათ შორის, სხვადასხვა ინსტანციების მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარება და დარჩენილი წევრების დანიშვნა. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს;
- ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რომელშიც გაერთიანდება ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქცია;
- დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, რაც გამოიხატება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების ჭარბი გავლენის შემცირებაში;
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება;
- თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია გარემოს მისაღწევად მეტი ძალისხმევის გაწევა. კერძოდ, მედია კომპანიების მფლობელების მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს; მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ მუქარის ფაქტებზე უნდა დაიწყოს მიუკერძოებელი, დროული და ეფექტიანი გამოძიება ;
- მოწყვლადი ჯგუფების ძირითადი უფლებების დაცვის გაძლიერება, მათ შორის, ძალადობის ჩამდენი და ინიციატორი პირების მიმართ მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების გზით;
- გენდერული თანასწორობის განმტკიცება და ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის გაძლიერება;
- ყველა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა;
- ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტების პროაქტიულად გათვალისწინებას;
- დამოუკიდებელი კანდიდატის ნომინირებისა და შერჩევის გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა ახალი სახალხო დამცველის დანიშვნისას; სახალხო დამცველის ოფისის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის ეფექტიანი დაცვა.
რა იქნება შემდეგი ნაბიჯები?
ევროინტეგრაციის პროცესში, შემდეგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. საბჭო ამ გადაწყვეტილების მისაღებად 23-24 ივნისს ბრიუსელში შეიკრიბება. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროპული საბჭო არ გადაუხვევდა ევროკომისიის რეკომენდაციას. ასეთ შემთხვევაში, ევროპული კომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს, ზემოთ მოცემულ პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესში, და 2022 წლის ბოლოს მასზე ანგარიშს მოამზადებს. ამრიგად, სახელმწიფოს წლის ბოლომდე აქვს დრო იმისთვის, რომ გამოიჩინოს ინიციატივა და ევროკავშირის პირობების შესრულებით (ან ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმით) აჩვენოს ევროპელ პარტნიორებს, რომ კვლავ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება.
საია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებსა და პასუხისმგებელ სახელმწიფო ინსტიტუტებს, გამოიყენონ ეს შანსი, სწრაფად და ეფექტიანად გაატარონ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეფორმები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ასოცირების ტრიოში კუთვნილი ადგილის დასაკავებლად. საია მზად არის, თავისი მანდატის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთოს რეფორმების განხორციელებაში და გაუზიაროს ყველა მონაწილეს წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge