საიას განცხადება წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს სოლიდარობას წამების მსხვერპლთა მიმართ და მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ეფექტური ნაბიჯები მსხვერპლთა უფლებების აღდგენისა, წამების ეფექტური პრევენციისა და დამნაშავეთა გასამართლების მიზნით.
 
წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა არის პიროვნების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული, რომელსაც დამანგრეველი შედეგები მოაქვს როგორც უშუალოდ მსხვერპლისათვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ზოგადად -საზოგადოებისათვის. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მოახდინოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენცია, მათ შორის დახურული და ნახევრად დახურული დაწესებულებების სისტემატური და ეფექტური მონიტორინგის გზით, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - გაასამართლოს და ადეკვატური სასჯელი მიუსაჯოს დამნაშავეს, ასევე უზრუნველყოს მსხვერპლი მისი რეაბილიტაციისათვის საჭირო ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.
 
გასული წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ამ დანაშაულის დაუსჯელობის სისტემურ პრობლემაზე. მისასალმებელია, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად, ინფორმაციამ მსგავსი ფაქტების შესახებ მნიშვნელოვნად იკლო და მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახეს ატარებს.
 
თუმცა, წამებისა თუ დამამცირებელი მოპყრობის ერთი შემთხვევაც კი იმსახურებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მყისიერ და მკაცრ შეფასებას. შესაბამისად, არც ერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების და კანონით გათვალისწინებული ადეკვატური სასჯელის გარეშე. სახელმწიფო ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს მსხვერპლთა რეაბილიტაციისათვის საჭირო შესაბამისი პროგრამების შექმნა და ეფექტური ფუნქციონირება.
 
მეორეს მხრივ, ვფიქრობთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში გაუმჯობესებული მდგომარეობა, სამწუხაროდ, ვერ მოგვცემს მშვიდად ყოფნის საშუალებას და იმის გარანტიას, რომ წამება და დამამცირებელი მოპყრობა, და რაც უფრო მნიშვნელოვანია - მისი ხელშემწყობი გარემოებები, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილია.
 
მიგვაჩნია, რომ ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ციხეებში მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც პრევენციის ეროვნულ მექანიზმის პარალელურად, სისტემატურ მონიტორინგს განახორციელებს სასჯალაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით. გარდა ამისა, არაერთი საქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ეფექტური და ობიექტური გამოძიების საკითხი. დაუსჯელობა არის ის, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება პირველ რიგში უნდა ებრძოლოს, რათა მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს.
 
იმედს ვიტოვებთ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები შემდგომ ნაბიჯებს გადადგამენ მიღწეული შედეგების განმტკიცების და არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ღია იქნებიან წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოებასთან შემდგომი თანამშრომლობისათვის.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge