დღეს, 8 საათზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტს.
ეს პროექტი მომზადებულია საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში და ემსახურება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციის შესრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველომ მეტი უნდა იმუშაოს კამპანიისა და პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობაზე, საარჩევნო დავების გადაწყვეტას საკითებსა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აღკვეთაზე. ასევე, სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებლობა ეუთო/ოდირის 2020 და 2021 წლების რეკომენდაციებთან.[1]
საია მიესალმება რიგ ცვლილებებს, რომლებიც ზრდის და აკონკრეტებს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების გადათვლის კრიტერიუმებს, ცვლის საარჩევნო დავების წარმოების ვადებს და ასახავს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ზოგიერთ რეკომენდაციას. მიუხედავად ამისა, პროექტი სრულად ვერ აუმჯობესებს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს და ვერ გადაწყვეტს ზოგიერთ პრობლემას, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლის ნების კონტროლისა და საარჩევნო დავების სამართლიანად გადაწყვეტის საკითხებს.
საია კვლავ აგრძელებს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე ადვოკატირებას და მონაწილეობას მიიღებს შესაბამის საკომიტეტო განხილვებში. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს და შესაბამის კომიტეტებს, გააფართოვონ საკითხთა ის ჩამონათვალი, რომლებსაც ცვლილებები შეეხება.
საიამ პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები პარასკევს გაუგზავნა.
[1] Opinion on Georgia's application for membership of the European Union, European Commission, ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3C4lnrU, განახლებულია: 03.10.2022.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge