საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 12 დეკემბერს, პროგრამაში ‘კურიერი P.S.’ გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა საიას საქმიანობას აგვისტოს ომის შემდეგ უკანონოდ დაკავებული და გაუჩინარებული ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვინაიდან სიუჟეტის ავტორისა და პროგრამის პროდიუსერის მიერ მნიშვნელოვნად იქნა დამახინჯებული ზოგიერთი დეტალი, ხოლო ჟურნალისტების სუბიექტური, გადაუმოწმებელი მოსაზრება დაეყრდნო არსებითად მცდარ ფაქტებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს შემდეგი განცხადება.
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ საიამ 350-ზე მეტი დაზარალებულის სახელით 55 სარჩელი გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საქმეების შერჩევისას საია ყურადღებას აქცევდა ადამიანის უფლებათა დარღვევის სიმძიმეს და დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობას, თუმცა, არავითარ შემთხვევაში დაზარალებულების ეროვნულ კუთვნილებას.
საიასთვის მიუღებელია ადამიანების დაყოფა ეროვნული ან ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნის მიხედვით _ ადამიანის უფლებების დაცვა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ჩვენი საქმიანობის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს.
სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით, როდესაც მიმდინარე წლის 17 სექტემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ორი განაცხადი გავაგზავნეთ: ერთი რუსეთის, მეორე კი საქართველოს წინააღმდეგ. პირველი განაცხადი ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ოთხ ეროვნებით ქართველ მოქალაქეს ეხებოდა და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა. მეორე კი საქართველოს ხელისუფლების ხელში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ, სამ ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც ეროვნებით ოსები იყვნენ.
საქართველოს ეს სამი მოქალაქე ‘კურიერი P.S.’-ის სიუჟეტში საიას დამსახურებით გათავისუფლებულ “ოს კრიმინალებად” მოიხსენიეს, რომლებიც ვითომდა აგვისტოს კონფლიქტის დროს დააკავეს და საქართველოს ხელისუფლება მათ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებზე გაცვლისთვის ინახავდა.
რელურად, ლავრენტი კაზიევი და იბრაგიმ ლალიევი არა კონფლიქტის დროს, არამედ 2008 წლის ოქტომბერში, ომის დამთავრებიდან ორი თვის შემდეგ დააკავეს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით. ვლადიმერ ელოევი კი, 2009 წლის აპრილში, კონფლიქტიდან 8 თვის შემდეგ დააპატიმრეს და ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, იარაღის უკანონო ტარებასა და პოლიციელის ტყვედ აყვანაში წაუყენეს. სამივე მათგანთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. რის შემდეგაც, 2009 წლის 4 აგვისტოს, ქართულმა სასამართლომ, სამივე განმცხადებელი სასამართლო დარბაზებიდან გაათავისუფლა.
თუმცა 4 აგვისტოს შემდეგ ქართული სასამართლოს მიერ გათავისუფლებული კაზიევი, ლალიევი და ელოევი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ. საიას მათი ოჯახის იმ წევრებმა მიმართეს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან. მას შემდეგ, რაც მათი ადგილსამყოფელის შესახებ საიამ ვერც შინაგან საქმეთა და ვერც იუსტიციის სამინისტროებიდან ვერაფერი შეიტყო, თვენახევრის ლოდინის შემდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნა.
2009 წლის სექტემბერის ბოლოს ევროპულმა სასამართლომ ქართულ მხარეს მოსთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია დაკავებული პირების შესახებ, რის საპასუხოდაც იუსტიციის სამინისტრომ აღიარა, რომ 4 აგვისტოს შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული კაზიევი, ლალიევი და ელოევი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. საკუთარი მოქალაქეების დაკავების მოტივი ქართულ მხარეს სასამართლოსთვის არ განუმარტავს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ჩვენი თანამოქალაქეების კაზიევის, ლალიევის და ელოევის მიმართ იყო უკანონო და გაუმართლებელი შემდეგი გარემოებების გამო:
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge