საიას განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1 მაისს მშრომელთა საეთაშორისო დღე აღინიშნება. შრომის უფლება სოციალური უფლებების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და უკავშირდება სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფაა.  საქართველოს კონსტიტუცია იცავს შრომის უფლებას, რაც მოიცავს ადამიანის შესაძლებლობას დასაქმდეს მისი ნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, არ დაექვემდებაროს იძულებით, დამამცირებელ ან ღირსებაშემლახავ შრომით გარემოს.
 
კანონმდებლობით  ასევე აღიარებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება. ასევე იკრძალება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
 
მიუხედავად კანონმდებლობაში დეკლარირებული გარანტიებისა, ხშირია შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები.
 
საიას საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება შრომითი უფლებების დაცვას უკავშირდება.  2013 წლის ივნისიდან დღემდე შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე საკითხებზე საიამ 2800-ზე მეტ პირს გაუწია სამართლებრივი დახმარება  კონსულტაციის გაწევის, სამართლებრივი დოკუმენტის მომზადების და სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელების გზით. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით აქტუალური იყო სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლების და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შემთხვევები, ასევე გაფიცვის წესი და შრომის პირობები და სხვა.
 
შრომის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საიამ არაერთი სასამართლო პროცესი მოიგო. ამ მიმართულებით მუშაობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge