საიას განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ბოლო 10 წლის განმვალობაში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ანტიკორფციული ხასიათის რეფორმა იქნა გატარებული, რომელმაც ძირეულად შეცვალა მძიმე კორუფციული მდგომარეობა საქართველოში და არსებითად შეამცირა მისი მასშტაბები. მიმდინარე წელს წარმატებული ნაბიჯები იქნა გადადგმული ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის შექმნის მიზნით. ასევე, დამტკიცდა - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის პრაქტიკაში ეფექტურმა რეალიზებამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი მმართველობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის სტანდარტების ამაღლებას. თუმცა, წარმატებების პარალელურად კვლავაც რჩება არაერთი გამოწვევა, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს ხელისფლებამ. კერძოდ:
მიუხედავად არაერთი შეხვედრის, განხილვის და დისკუსიისა (რაც თავისთავად დადებითად უნდა შეფასდეს) საქართველოს დღემდე არ აქვს განახლებული და სათანადო წესით დატკიცებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით კვლავაც პრობლემად რჩება გამარტივებული შესყიდვები, როდესაც „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის“ საფუძვლით მილონობით ლარის ღირებულების შესყიდვა ხორციელდება ყოველგვარი კონკურცენციის გარეშე. შესყიდივის აღნიშნული ფორმა გამოიყენება ისეთ სახელმწიფო შესყიდვებშიც, რომელიც წინასწარ დიდი ხნით ადრე არის ცნობილი და თავისუფლად შეიძლება მოექცეს ბევრად უფრო კონკურენტული და გამჭვირვალე შესყიდვის პროცედურების ქვეშ. ვფიქრობთ, რომ ხელისფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის“ საფუძველზე განსახორციელებელი გამარტივებული შესყიდვების სათანადო რეგულირების კუთხით;
სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით პრობლემას წარმოადგენს ასევე ის შესყიდვები, რომელიც არ ექვემდებარება სახელმწიფო შესყიდვების კანონის რეგულირებას. ასეთი შესყიდვების რაოდენობა დღეისათვის საკმაოდ დიდია;
სამწუხაროდ, საიდუმლო შესყიდვების წესის არ არსებობის ფონზე დღემდე გრძელდება ასეულობით მილიონი ლარის ღირებულების საიდუმლო შესყიდვების განხორციელება, რაც რეგულაციის არ არსებობის პირობებში მნიშვნელოვნად ზრდის საიდუმლო შესყიდვების პროცესში კორუფციული გარიგებების დადების შესაძლებლობას;
პრაქტიკულად არ არსებობს სახელმწიფოს და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების გამჭვირვალობის სტანდარტი. საწარმოების ნაწილს, რომელთა სამეთვალყურეო საბჭოებში ხშირად მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები არიან წარმოდგენილი არ აქვთ ვებ-გვერდი და რთულია მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვებაც კი. აღარაფერს ვამბობთ ამ საწარმოებში კორუფციის პრევენციის, შიდა აუდიტის, თვითშეფასების და ეთიკის სათანადო მარეგულირებელი წესების არარსებობაზე;
კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების მიმართულებით დღეისთვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. საკითხი კიდევ უფრო მწვავე ხასიათს იღებს პრაქტიკაში გამოყენებისას. როგორც წესი საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის შრომითი გასამრჯელოს ისეთი კომპონენტი, როგორიცაა პრემია, ფაქტობრივად კონკრეტული დაწესებულების ხელმძღვანელის სუბიექტურ გადაწყვეტილბაზეა დამოკიდებული. სამწუაროდ, ამ პრობლემას ვერც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესი ვერ აგვარებს;
სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ეფექტური მონიტორინგის სისტემის დანერგვის საჭიროება.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები შესაძლოა სრულად ვერ ასახავდეს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, მიგვაჩნია, რომ საიას მიერ დასახელებული საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდას და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge