საიას განცხადება გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე

2018 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე შორენა გუნცაძე) დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა). პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წაუყენა იმაში, რომ გიორგანაშვილმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება ‘’ბუპრენორფინის“ (სუბოტექსი)  შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი. ვიდრე საიასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება ამ საქმეზე დამდგარი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, საია თავს შეიკავებს განაჩენის სამართლებრივი შეფასებისაგან. ამასთან, წინამდებარე განცხადებით, გიორგანაშვილის საქმის მაგალითზე საია აფასებს არსებული ნარკოპოლიტიკის შესაბამისობას ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან. 

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2 ცხრილის 29-ე გრაფის თანახმად, 0,12 გრამიდან ზემოთ ბუპრენორფინი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად, 0,3726 გრამი ბუპრენორფინის შენახვა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა. ამ ნორმით სანქციის მინიმალური ზომაა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაქსიმალური ზომა 20 წელი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ეს ნორმა გამორიცხავს განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიჩნეული ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. 

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბექა წიქარიშვილის საქმეზე. ამ საქმეში სადავო იყო ის, რომ 70 გრამამდე მარიხუანას შენახვისათვის კანონმდებლობა ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ის, რომ სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს არ ჰქონდა შესაძლებლობა 7 წლით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი გამოეყენებინა: ,,მართალია, შესაძლოა მოსამართლემ ინდივიდუალური მიდგომა შეინარჩუნოს თავად კანონით დადგენილი ოდენობის ფარგლებში და 50-70 გრამის შეძენა/შენახვისთვის შეუფარდოს 7 წელი, ხოლო 500 გრამისთვის - 14, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაფერი მიუთითებს 50 გრამის შეძენა/შენახვისას მისი რეალიზაციის მაღალ რისკებზე. და ვინაიდან, სადავო ნორმა ასეთ შემთხვევაშიც, სულ მცირე, 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ეს თავისთავად გამორიცხავს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების შესაძლებლობას და ქმედების ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ალბათობას, თავისუფლების აღკვეთის, როგორც ამ შემთხვევაში, არაპროპორციული სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის ჩათვლით.“

0,12 გრამი ბუპრენორფინის შემთხვევაშიც მოსამართლეს არ შეუძლია 8 წელზე მსუბუქი სასჯელი დანიშნოს იმის მიუხედავად, შენახული ბუპრენორფინის ოდენობა 0,37-ია თუ 2 გრამი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში ერთმანეთისაგან არის გამიჯნული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. რაც უფრო მეტია ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მით უფრო მეტად იზრდება მისი გავრცელების საფრთხე და სახელმწიფოს უფლება, ამ შემთხვევაშიც უფრო მეტად გაამკაცროს სასჯელი. საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 14 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მიიჩნია, რომ  150,72 და 63,73 გრამი კანაფის მოყვანა არ ქმნიდა მისი გავრცელების რისკებს, ამიტომ ამ ოდენობით კანაფის მოყვანისათვის ერთი დღითაც კი თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მიიჩნია კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაჰუმანურ და ღირსების შემლახავ სასჯელად. რაც შეეხება 265 გრამ კანაფს, ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: ,,საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი მაღალი ოდენობიდან გამომდინარე, იგი შესაძლოა აჩენდეს მისი გავრცელების ავტომატურ რისკს... მაშინ, როდესაც აშკარაა რეალიზაციის/გასაღების გარდაუვალობა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საშუალება, ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში“

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 265 გრამი კანაფის ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაპროპორციულ და არაკონსტიტუციურ სასჯელად არ მიიჩნია, ამის მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასჯელის მინიმალურ და მაქსიმალურ ზომაზე - თავისუფლების აღკვეთაზე ექვსიდან თორმეტ წლამდე. სწორედ იმის გამო, რომ შეუძლებელია იყო 6 წელზე ნაკლები ვადით ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთა და იმავდროულად, უფრო მძიმე დანაშაულებისათვისაც კი შედარებით მსუბუქი სასჯელები იყო დადგენილი, 265 გრამი კანაფის შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა: ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, ხოლო ყაჩაღობისთვის სანქციის სახედ დაწესებულია ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს იმ ქმედებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს გაცილებით უფრო საშიშ ქმედებებს და უკავშირდება უფრო დიდი ზიანის დადგომას, ვიდრე იმ ოდენობის კანაფის დათესვა და მოყვანა, რომელიც აჩენს მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს.“

ანალოგიურად, 0,37 გრამ ბუპრენორფინის შენახვა წარმოადგენს უფრო მსუბუქ დანაშაულს ვიდრე ყაჩაღობა და გაუპატიურება. ამის მიუხედავად, 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვა უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე ყაჩაღობა და გაუპატიურება. 

გვსურს ავღნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებულ პრაქტიკა იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ  მოსამართლეს გამოეტანა დასკვნები იმის თაობაზე, რომ 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვისათვის თუნდაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოსულიყო კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტთან. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. 

მოსამართლის წარდგინება იმით განსხვავდება მოქალაქის კონსტიტუციური სარჩელისაგან, რომ მოსამართლე ვერ დაადგენს განაჩენს, იმ დრომდე ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მოსამართლის წარდგინებასთან დაკავშირებით. მოქალაქის სარჩელის შემთხვევაში საერთო სასამართლო არ არის ვალდებული დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციური განაჩენი შესაძლოა წინ უსწრებდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად უფრო გამართლებული იქნებოდა თავად მოსამართლეს მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით, ვიდრე გიორგანაშვილს შეეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის ლოდინი, რაც შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს, არ გამოიწვევდა წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის დარღვევას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გიორგი გიორგანაშვილის მიმართ პატიმრობა არ იყო გამოყენებული.     

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან  გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ არსებობდა ძალიან ძლიერი არგუმენტები, იმის თაობაზე რომ 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს არაპროპორციულ და შესაბამისად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო სასჯელს. საია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებამდე არ შეაჩერა საქმის განხილვა და წარდგინებით არ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge