საიას განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს სახელმწიფოს მხრიდან იმ ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რომლებიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს და მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების უფლების დაცვას ემსახურება. ამისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსური და ქმედითი მექანიზმების არსებობა, რომლებიც ბავშვთა უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას უზრუნველყოფს.

COVID 19-ის გავლენა ბავშვთა უფლებებზე

კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან 1 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ბავშვთა უფლებების ეფექტიანი დაცვა კვლავ პრობლემურია. განსაკუთრებით თვალშისაცემია ბავშვთა სიღარიბე. მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს განათლების, ასევე მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით.[1] ცხოვრების არასათანადო დონისა და სიღარიბის რისკები  პანდემიის პირობებში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით კიდევ უფრო გაიზარდა, რაც განსაკუთრებით აისახა ქუჩაში მცხოვრებდა  სოციალურად დაუცველ ბავშვებზე.[2]

განათლება

პანდემიამ მასშტაბური გავლენა იქონია ბავშვის განათლების უფლებაზე, მსოფლიოს 180-ზე მეტქვეყანაში გარკვეული პერიოდით სკოლები დაიხურა ან/და გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.[3] 1 მილიარდი ბავშვი დადგა საფრთხის წინაშე, დარჩენილიყო განათლების მიღების გარეშე.[4] იმავდროულად, ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომის არქონამ გამოიწვია ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.

საქართველოში COVID-19-ის პირველივე ტალღის დროს დაინერგა დისტანციური სწავლება. ასევე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წამოიწყო ე.წ. ტელესკოლის პროგრამა.[5] თუმცა, ამ ღონისძიებებმა სკოლების სრულყოფილი ჩანაცვლება ვერ უზრუნველყო. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა ან/დაინტერნეტზე წვდომა. შესაბამისად, ბავშვების დიდი ნაწილი დისტანციურ გაკვეთილებზე ჩართვას ვერ ახერხებდა.

ონლაინ სწავლების რეჟიმი, ნაწილობრივ, ახლაც გრძელდება, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში სწავლება მხოლოდ დისტანციურად მიმდინარეობდა. სათანადო ტექნიკური მხარდაჭერის არარსებობა კი, ფაქტობრივად, ბავშვების ნაწილის განათლების უფლების გარეშედარჩენას იწვევდა/იწვევს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს არ შეუმუშავებია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლითაც ამ პერიოდში საგანმანათლებლო სფეროშისახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი აქტივობები გაიწერებოდა.[6]

პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდნენ სსსმ და შშმ ბავშვები. მათი სასწავლო განრიგი,რომელიც მორგებული იყო სასკოლო ფორმატსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე, სრულყოფილად ვერპასუხობდა ახალ გამოწვევებს.[7] ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გაუთვალისწინებლობის გამო, შშმ ბავშვთა ნაწილი საგანმანათლებლო პროცესის მიღმა აღმოჩნდა.[8]

ბავშვთა მიმართ ძალადობა

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით იზრდება ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები. სერვისების გარკვეული ნაწილი დისტანციურად მიმდინარეობს. ასეთ დროს კი რთულდება ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა იდენტიფიცირება და მხარდამჭერი პროგრამებისა თუ სერვისების ეფექტიანობა კითხვის ნიშნისქვეშ დგება.[9]

ბავშვთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულებზე სახელმწიფოს მუშაობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სექსუალური ძალადობის მძიმე ფაქტები მოითხოვს სახელმწიფოს აქტიურ მუშაობას მათი პრევენციისთვის. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მხრიდან აუცილებელია სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი დაზარალებულების შესაბამისი ქმედითი დაცვისა და დახმარებისსერვისებით აღჭურვა.[10] სახელმწიფოს მხრიდან სისტემური ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითია ქობულეთში მომხდარი 14 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევაც.[11]  

სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები

გამოწვევად რჩება დიდი ზომის დაწესებულებების სრულყოფილი ჩანაცვლება ზრუნვის ალტერნატიული ფორმებით. ამგვარი ინსტიტუციების პრობლემურობამ პანდემიის პირობებში მეტად იჩინა თავი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ა(ა)იპ ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალი 10-დღიანი მომსახურების რეჟიმზე გადავიდა. ბავშვები ოჯახის წევრებს, ძირითადად, დისტანციურად ეკონტაქტებოდნენ, თუმცა, მათი სიმრავლის გამო, ვერ ხერხდება ელექტრონულ და კომპიუტერულ საშუალებებზე სათანადო ხელმისაწვდომობა. ამავე პანსიონში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, დაინფიცირდა 58 არასრულწლოვანი და 20 დასაქმებული პირი.[12]

განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში არსებული ვითარება. წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველს არ ეძლევა დაწესებულების მონიტორინგისა და იქ მყოფი ბავშვების უფლებების შესწავლის შესაძლებლობა.[13]სახელმწიფო დღემდე არ ასრულებს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიების მოთხოვნას ეფექტიანი მონიტორინგის ჩატარებასთან დაკავშირებით.[14]

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია:

· პანდემიის პირობებში, სახელმწიფომ გააძლიეროს სათანადო ღონისძიებები ბავშვთა უფლებებისდაცვის მიზნით და შეიმუშაოს შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრებიდა უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად, ასევე, ძალადობისგან მათ დასაცავად.

· განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დროულად აღრიცხოს ტექნიკისა და ინტერნეტის საჭიროების მქონე ბავშვები და უზრუნველყოს მათი ტექნიკური მხარდაჭერა.

·   შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, ეფექტიანი და დროული გამოძიება დაგამომძიებლების გადამზადება.

·    მთავრობამ დროულად შეიმუშაოს დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა.

·    მთავრობამ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში.

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

[1] UN Policy Brief: The Impact of COVID-19 on children. ხელმისაწვდომია: https://unsdg.un.org/sites/default/files/2020-04/160420_Covid_Children_Policy_Brief.pdf.

[2] სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2021 წელი, გვ. 357. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3uESNro.

[3] UN Policy Brief: The Impact of COVID-19 on children. 

[4] UNICEF, Education and COVID-19, ხელმისაწვდომია: https://data.unicef.org/topic/education/covid-19/.

[5] პირველი არხი | განათლების ეთერში „ტელესკოლა“ დაიწყო. ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/news/pirveli-arkhi-ganatlebis-etershi-teleskola-daiwyo/

[6] სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2021 წელი, გვ. 368.

[7] იქვე, გვ. 377.

[8] იქვე, 387.

[9] იქვე, 352.

[10] ევროპის საბჭოს კვლევა „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“, 2020, გვ. 30. ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/-/1680a13605.

[11] არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, სამოქალაქო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის უმძიმეს საქმეს ეხმიანებიან, 2021 წელი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qnWD6e.

[12] სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2021 წელი, გვ. 366. 

[13] იქვე.

[14] კოალიცია თანასწორობისთვის ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებების განგრძობადი დარღვევის ფაქტს ეხმიანება. ხელმისაწვდომია: http://equalitycoalition.ge/article/69.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge