2011 წლის 15 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან პროკურატურის, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროს ჩადენილი დისციპლინარული დარღვევის ფაქტები და დასაჯა 16 თანამშრომელი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი დათხოვნილი იქნა თანამდებობიდან.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საია მიიჩნევს, რომ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისა და მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.
თუმცა საია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან არ ჩანს თუ ფაქტობრივად რა სახის სამართალდარღვევისთვის დაეკისრათ პასუხისმგებლობა აღნიშნულ პირებს და ამასთან, რა თანამდებობები ეკავათ მათ. მათ შორის, განცხადებიდან არ ჩანს დაისაჯნენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობდნენ 26 მაისის აქციის აღკვეთის ღონისძიების დაგეგმვის პროცესში და უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებლები ოპერაციის ჩატარებაზე.
საია მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც აქციის დაშლის დაწყებამდე აქციის მონაწილეები არ იყვნენ ინფორმირებულები ღიად დატოვებული გასასვლელების თაობაზე და პოლიციის მიერ, ფაქტობრივად, გადაკეტილი იყო აქციის ტერიტორიის მიმდებარე ყველა ძირითადი ქუჩა, და ამასთან, აქციის დაშლის პროცესში გამოყენებული იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პოლიციური ძალა, ადეკვატური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც დაგეგმეს და ხელმძღვანელობდნენ აქციის დაშლის ოპერაციას.
მოცემულ საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საია მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ფაქტობრივად რომელი სამართალდარღვევებისთვის და კონკრეტულად რომელ თანამდებობის პირებს დაეკისრათ დისციპლინარული პასუხისმგებლობები.
ამასთან, საია მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისს აქციის დაშლის დროს პოლიციის მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტებზე რეაგირება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დისციპლინარული პასუხისმგებლობით. საიას, ისევე როგორც სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული იქნა პოლიციის მიერ აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების, მათ შორის, არასათანადო მოპყრობისა და ცემის ფაქტები, რომელიც აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, საია მოითხოვს პროკურატურის მიერ დროულად და ეფექტურად იქნეს გამოძიებული პოლიციის მიერ 2011 წლის 26 მაისს აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების ფაქტები. ამ მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამოძიების მიერ სათანადო პასუხი გაეცეს ყველა იმ შეკითხვასა და ეჭვს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში მყოფი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge