საიას დასაბუთებული ვარაუდით, ბრალდებულ მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეოგადაღება პროკურორმა კანონდარვევით განახორციელა
2013 წლის 22 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ,,მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ჩატარებულ ბრიფინგზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერ დადასტურდა ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტები. აქვე ითქვა, რომ თითქოს მ.ივანიაძემ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ადვოკატის დასწრების გარეშე ნებაყოფლობით მისცა პროკურორს ჩვენება. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად პროკურატურის მიერ გავრცელებულ იქნა ფარული ვიდეო ჩანაწერი.
მომდევნო დღეს, 23 ივლისს საიაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნა დაყენებული ფარული ვიდეოგადაღების კანონიერება და ნათქვამი იქნა შემდეგი:
,,...პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რაც არაპროფესიონალის თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ვიდეო მასალა უწყვეტ რეჟიმში არ არის მოწოდებული და დამონტაჟებულია. ამასთან, მ.ივანიაძის განცხადებით, როდესაც ჩვენების მიღების მიზნით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, პროკურორი გიორგი დავითაშვილი მას ეუბნებოდა თუ რა სახის ჩვენება უნდა მიეცა, რასაც მ.ივანიაძე იმეორებდა. მისი განცხადებით, ეს იყო ზეწოლის მთლიანი პროცესის შემადგენელი ერთ-ერთი ეპიზოდი და მასთან პროკურორი დაახლოებით 4-5 ჯერ შევიდა, აქედან 2-ჯერ ღამის საათებში. ფაქტია, რომ ვიდეო გადაღება მოხდა ფარულად, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. როგორც ჩანს, კამერა თავად პროკურორ გიორგი დავითაშვილს ჰქონდა დამონტაჟებული ტანსაცმელზე. შესაბამისად, გასარკვევია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჰქონდა თუ არა პროკურატურას სასამართლოს ნებართვა ფარული ჩანაწერის განსახორციელებლად. სასამართლოს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებაში, ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან/და განახორციელა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება".
აღნიშნულის საპასუხოდ მომდევნო დღეს, 24 ივლისს, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღინიშნა: ,,ვიდეოჩანაწერის როგორც მოპოვება, აგრეთვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვა განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და ხსენებული მოქმედებები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო მოთხოვნებთან".
იმ კითხვაზე, ზემომითითებული ფარული ჩანაწერის მოპოვება და საქმეზე დართვა მართლაც საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით განხორციელდა თუ არა, ცხადია, მაღალფარდოვანი სიტყვები პასუხს ვერ გასცემენ. ერთადერთი მტკიცებულება, რასაც დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, არის სასამართლოს განჩინება. 23 ივლისს საიაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ პროკურატურა სასამართლოს განჩინებას გამოაქვეყნებდა, თუმცა, როგორც აღინიშნა, პასუხად მხოლოდ ზოგადი ფრაზები მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოება აჩენდა კითხვებს, მართლაც არსებობდა თუ არა მსგავსი განჩინება, იმ ეტაპზე ჩვენ თავი შევიკავეთ დამატებითი ჩაძიებისგან, რადგან ვიმედოვნებდით, რომ განჩინება დაცვის მხარეს მტკიცებულებების გაცვლის დროს გადაეცემოდა, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს.
თუმცა, ჩვენი მოლოდინის საწინააღმდეგოდ და დაცვის მხარისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ არც ზემოაღნიშნული ფარული ჩანაწერი გადასცა დაცვის მხარეს და არც სასამართლოს განჩინება მისი დაკანონების შესახებ. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები იმის შესახებ, რომ მსგავსი განჩინება არ არსებობს. 5 აგვისტოს პროცესზე ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა კითხვით მიმართა პროკურორს, იყო თუ არა სასამართლოში წარდგენილი 22 ივლისს პროკურატურაში პრესკონფერენციაზე გავრცელებული მ.ივანიაძის ფარული ჩანაწერის დამაკანონებელი განჩინება. ამ კითხვის პასუხად პროკურორის მიერ ითქვა, რომ ის ვერ იხსენებდა თუ რა ფარული ჩანაწერი გავრცელდა პროკურატურის მიერ 22 ივლისს.
ზემოაღნიშნული გარემოებები გვიქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მსგავსი განჩინება არ არსებობს, რა შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. გარდა ამისა, გასარკვევია იცოდა თუ არა პროკურატურამ 22-24 ივლისს იმის შესახებ, რომ განჩინება არ არსებობდა. თუ იცოდა, გაუგებარია, რატომ გავრცელდა ფარული ჩანაწერი და რატომ არ დაიწყო გამოძიება ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე. ხოლო თუ არ იცოდა, ასევე გაუგებარია, თუ რას ეფუძნებოდა განცხადება იმის შესახებ, რომ ვიდეოჩანაწერის მოპოვება „კანონმდებლობის განუხრელი დაცვით" განხორციელდა.
აღსანიშნავი და საყურადღებოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ფარული ჩანაწერის განმახორციელებელი ნივთის შეტანას. შესაბამისად, გამოძიებულ უნდა იქნეს თუ როგორ მოხვდა ეს მოწყობილობა საპატიმრო დაწესებულებაში. ასევე გასარკვევია, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების იმ თანამშრომლების ქმედებაში არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები, ვისაც ევალებოდა პროკურორ გიორგი დავითაშვილის შემოწმება დაწესებულებაში შესვლისას.
მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაასაჯაროვოს ის სასამართლოს განჩინება, რომლითაც დაკანონდა პროკურორ გიორგი დავითაშვილის მიერ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეო გადაღება. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი განჩინება არ არსებობს, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge