საიას დახმარებით მოქალაქემ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დავა მოუგო

საიას დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქემ, რომელიც სისხლის დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში იყო რეგისტრირებული როგორც აივ ინფიცირებული, რის გამოც მას შეეზღუდა სისხლის დონორად ყოფნის უფლება. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აკრძალვის მიზეზად უთითებდა 2012 წელს შპს „სისხლის ბანკის“ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმად თითქოს დადგინდა ამ პირის აივ ინფიცირების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის კვლევის თაობაზე პირს მხოლოდ 2020 წელს აცნობეს, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი მეგობრის დახმარების მიზნით სისხლის ჩაბარებას აპირებდა.

განმცხადებელმა წარმოადგინა 2015, 2016 და 2017 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მას აივ ინფიცირების ფაქტი არ დაუდასტურდა. ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად 2020 წლის 4 დეკემბერს მან განმეორებით მიმართა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრს აივ ინფექციაზე კვლევის მიზნით, საიდანაც 2020 წლის 12 დეკემბერს მიიღო პასუხი  - უარყოფითი (აივ საწინააღმდეგო ანტისხეულები არ აღმოჩნდა).

ცენტრმა შესაბამისი შედეგების წარდგენის მიუხედავად, განმცხადებელს ახალი ინფორმაციის ასახვაზე უარი განუცხადა. მოქალაქეს ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სისხლის გზით გადამდებ ინფექციებზე სკრინინგული კვლევის დადებითი შედეგის გამო დაწუნებული დონორებისათვის დონორის სტატუსის აღდგენას, მათ შორის კონფირმაციული კვლევების უარყოფითი შედეგის შემთხვევაშიც. შესაბამისად, ინფორმაციის განახლების საჭიროებასაც ვერ ხედავდა ცენტრი (ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დადასტურდა რომ მსგავს შესაძლებლობას სხვა ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს).

განმცხადებელმა საიას დახმარებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ „დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზა არ იძლევა დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ქრონოლოგიურად და თანმიმდევრულად ასახვის შესაძლებლობას, მაშინაც კი, როდესაც მომდევნო მონაცემი წინას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ყველა ის პირი, რომელსაც სისხლის დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე აქვს წვდომა, მონაცემთა სუბიექტის შესახებ შესაძლოა ეცნობოდეს მოძველებულ ინფორმაციას, ხოლო თავად მონაცემთა სუბიექტს ეზღუდება შესაძლებლობა იზრუნოს ბაზაში მის შესახებ მონაცემების განახლებულად ასახვაზე.“

სახელმწიფო ინსპექტორის მოსაზრებით, იგი ვერ იმსჯელებს პირისთვის დონორობის უფლების აღდგენის საკითხზე, რადგან ეს სამედიცინო კატეგორიაა, თუმცა ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები განსაკუთრებული მგრძნობელობით ხასიათდება და ადამიანებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, სწორი და სრულყოფილი სურათი შექმნან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა იმ პირის წინაშე, რომელიც სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით მონაცემებს ამუშავებს.

მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 თვის ვადაში სისხლის დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში დონორთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ცვლილებების ასახვის ტექნიკური ფუნქციონალის დამატება და განმცხადებლის აივ-ინფექციაზე ტესტირების 2012 წლის მომდევნო შედეგების სისხლის დონორთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყურადღებას გაამახვილებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნებში არსებობს სისხლით გადამდებ ინფექციებზე დაწუნებული დონორების სტატუსის აღდგენის მექანიზმი, განმეორებითი კვლევების და მოცდის პერიოდის (კარანტის) მკაცრად განსაზღვრული ალგორითმის საფუძველზე და რომ ამ მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით საქართველოშიც მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა.  

საია დააკვირდება როგორც კანონის შემუშავებისა და დამტკიცების, ასევე ინსპექტორის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge