საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოამზადა ანგარიში, რომელიც აფასებს 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. ანგარიში ფოკუსირებულია მხოლოდ იმ თემებზე, რომლებზეც საია 2023 წლის განმავლობაში მუშაობდა.
2023 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მოვლენები. 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დათქმებით მინიჭების შესახებ, ხოლო 14 დეკემბერს საქართველოს მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს დათქმები, მათ შორის, მოიცავს როგორც ინსტიტუციურ, ისე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით საჭირო რეფორმებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
საიას შეფასებით, 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობით შემდეგი გამოწვევებია:
- 2023 წელს ხელისუფლებას სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
- გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა.
- 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება.
- კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია.
- 2023 წელს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუსტია სასამართლო კონტროლი გარკვეულ გარანტიებთან დაკავშირებით, კონკრეტულად, აღკვეთის ღონისძიებებთან, დაკავების კანონიერებასა და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
- პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, რაც დასტურდება CPT-ისა და სახალხო დამცველის ანგარიშებით, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს პატიმართა უფლებების რეალიზებაზე.
- 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია.
- ლგბტ+ პირები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას განათლების, სამუშაოს, ჯანდაცვისადა სოციალური მომსახურების სფეროებში, მეტწილად, არსებული საკანონმდებლო ნორმების ჯეროვნად აღუსრულებლობით გამოწვეული ხარვეზების გამო. ლგბტ+ ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სტიგმისა და ძალადობისგან. 2023 წლის 8 ივლისს „ლისი უანდერლენდის“ ტერიტორიაზე ანტიდასავლურმა, მოძალადე ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ფესტივალი ჩაშალეს და ტერიტორია დაარბიეს. ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ერთხელაც არ უხსენებიათ ლგბტ+ადამიანები და მათი უფლებები.
- პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ შრომითი ექსპლუატაციის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობის ფორმების დროულად გამოვლენა.
- რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით 2023 წელს თავდაცვის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა დისკრიმინაციულ მოწესრიგებას დაუდო საფუძველი.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში გადადგმული არაერთი პოზიტიური ნაბიჯის მიუხედავად, მათი უფლებების სრულყოფილი რეალიზება კვლავ ვერ ხერხდება.
- პრობლემურია, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებით სათანადოდ სარგებლობა.
- 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში, ხოლო სექტემბერში გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მზად არ არის, გაუმკლავდეს ბუნებრივ კატასტროფებს და თავიდან აირიდოს მათგან მომდინარე საფრთხეები.
- გამოწვევად რჩება ხანდაზმულთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით, სახელმწიფოს მიერ შერჩეული საბანკო დაწესებულების მხრიდან პენსიის სახით მისაღები სახელმწიფო გასაცემელის თვითნებური დაკავების/დაქვითვის მიმართულებით.
- გაუარესდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, სადაც მათი დანიშვნის ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში მოექცა.
- 2023 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდა კიდევ ერთი დამაზიანებელი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მერს აღარ შეუწყდება უფლებამოსილება, თუკი საკრებულო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს კანონით დადგენილ ვადებში ვერ დაამტკიცებს.
- 2023 წელს შენარჩუნდა უკუსვლის დინამიკა ღია მმართველობის და ანტიკორუფციული მიმართულებით.
- მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიღარიბე. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული სიღარიბის დაძლევის ერთიანი და მდგრადი პოლიტიკა.
2023 წელს ხელისუფლებას სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება კორპორატივიზმი, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და ინდივიდუალური მოსამართლეების შიდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ბარიერები.
გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა. 2023 წლის 7 მარტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა პირველიმოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციასა და გაჩუმებას ისახავდა მიზნად, ამასთანავე, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენდა ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალურ გარანტიებზე. მოგვიანებით, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, კანონპროექტი გაიწვიეს. თუმცა, აქციებზე სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასების საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ვალდებულებები. კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, უფლებადამცველების მადისკრედიტირებელი კამპანიები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა გზით.
2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. ეს კი, მათ შორის, ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რომელიც ადამიანებს მნიშვნელოვანი გარანტიების გარეშე ტოვებს.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია.საგამოძიებო პროცესი, უმეტესწილად, ხარვეზებით ხასიათდება. ძალადობისმიმართ შემწყნარებლურ პოლიტიკას და მისი წახალისების პრაქტიკას, რაც, მათ შორის, მოძალადეების დაუსჯელობაში გამოიხატება, დამაზიანებელი ეფექტი აქვს მედიის თავისუფლების ხარისხზე.
2023 წელს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუსტია სასამართლო კონტროლი გარკვეულ გარანტიებთან დაკავშირებით, კონკრეტულად, აღკვეთის ღონისძიებებთან, დაკავების კანონიერებასა და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. უმეტესად, კვლავ ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. დამატებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გაჭიანურებული სამართალწარმოებაა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელსაც არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური, სავარაუდოდ უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმეზე.
პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, რაც დასტურდება CPT-ისა და სახალხო დამცველის ანგარიშებით, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს პატიმართა უფლებების რეალიზებაზე.სახელმწიფოს დღემდე არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლის სტრატეგია. ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთათვის პრობლემურია ასევე სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. კვლავ მაღალია გენდერის ნიშნით ქალთა მკვლელობის მაჩვენებელი. არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობა გამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია. სუსტია როგორც ნაადრევი ქორწინების პრევენციის საკანონმდებლო მექანიზმი, ასევე, ხშირად არაეფექტიანია პრევენციული რეაგირება. სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი ძალადობის პირისპირ კვლავ განსაკუთრებით დაუცველნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები.
ლგბტ+ პირები კვლავ განიცდიან დისკრიმინაციას განათლების, სამუშაოს, ჯანდაცვისა დასოციალური მომსახურების სფეროებში, მეტწილად, არსებული საკანონმდებლო ნორმების ჯეროვნად აღუსრულებლობით გამოწვეული ხარვეზების გამო. ლგბტ+ ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სტიგმისა და ძალადობისგან. 2023 წლის 8 ივლისს „ლისი უანდერლენდის“ ტერიტორიაზე ანტიდასავლურმა, მოძალადე ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ფესტივალი ჩაშალეს და ტერიტორია დაარბიეს. ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ერთხელაც არ უხსენებიათ ლგბტ+ადამიანები და მათი უფლებები.
პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ შრომითი ექსპლუატაციის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობის ფორმების დროულად გამოვლენა. მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს ბავშვთა სოციალური მხარდაჭერის კუთხითაც. მიზნობრივი სახელმწიფო სერვისები არასაკმარისი და არაეფექტიანია. 2023 წელს ბავშვთა სიღარიბე სახელმწიფოში კვლავ ყველაზე მტკივნეულ საკითხად რჩებოდა. იკვეთება ასევე ბარიერები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე წვდომის თვალსაზრისით. სოფლად მცხოვრები ბავშვების გარკვეულ ნაწილს სკოლამდელ განათლებაზეხელი არ მიუწვდება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში გადადგმული არაერთი პოზიტიური ნაბიჯის მიუხედავად, მათი უფლებების სრულყოფილი რეალიზება კვლავ ვერ ხერხდება. შშმ პირთა ინკლუზიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორ ჩართვას დამატებით ბარიერებს უქმნის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება სამედიცინო მიდგომის საფუძველზე. არსებული საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, ინკლუზიური განათლება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დახვეწილი და მისაწვდომი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.
რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის მიმართულებით 2023 წელს თავდაცვის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა დისკრიმინაციულ მოწესრიგებას დაუდო საფუძველი. კონკრეტულად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ გათავისუფლდებიან არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურისგან, მაშინ, როდესაც ყველა სხვა სასულიერო პირს მისი გავლა მოუწევს.
პრობლემურია, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებით სათანადოდ სარგებლობა. ხშირად სახელმწიფო ორგანოებისხვადასხვა პროექტზე გადაწყვეტილებებს კანონმდებლობის ნორმათა დარღვევით იღებენ, ჯეროვნადარ იკვლევენ საქმის გარემოებებს, შესაბამისად, ვერ აფასებენ პროექტის შესაძლო უარყოფით ზეგავლენას გარემოსა და ადამიანზე.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში, ხოლო სექტემბერში გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მზად არ არის, გაუმკლავდეს ბუნებრივ კატასტროფებს და თავიდან აირიდოს მათგან მომდინარე საფრთხეები. ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობსადრეული გაფრთხილების სისტემები და სათანადოდ არ სრულდება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
2023 წლის განმავლობაში, კერძო და საჯარო სექტორში რთული სამუშაო პირობების გამო, გამოვლინდა დასაქმებულ პირთა გაფიცვის არაერთი შემთხვევა. შრომითი უფლებების კუთხით, განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სადაც დაიწყო თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძველზე, მათ შორის, დისკრიმინაციული საფუძვლებით.
გამოწვევად რჩება ხანდაზმულთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით, სახელმწიფოს მიერ შერჩეული საბანკო დაწესებულების მხრიდან პენსიის სახით მისაღები სახელმწიფო გასაცემელის თვითნებური დაკავების/დაქვითვის მიმართულებით. პრობლემური იყო საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით ხანდაზმულთა ინფორმირება, რაც გარკვეულ შემთხვევებში იწვევდა პენსიის შეჩერებას ან/და შეწყვეტას.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიღარიბე. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული სიღარიბის დაძლევის ერთიანი და მდგრადი პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ინკლუზიურმიდგომებს, მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა მოწყვლად ჯგუფს და მიმართული იქნება არსებული სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრისკენ.
საიას მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა ადვოკატირებამ, გაუმჯობესებულიყო პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერები კონტროლის მიმართულებით, შედეგი გამოიღო. თუმცა, გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც, დიდწილად, უსაფრთხოების სექტორის კონტროლს შეეხება, კვლავ დღის წესრიგშია. საპარლამენტო საქმიანობაზე საიას დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ, წინა წლების მსგავსად, დეპუტატები ზოგიერთ საზედამხედველო მექანიზმს იშვიათად ან საერთოდ არიყენებენ.
2023 წელს გაუარესდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, სადაც მათი დანიშვნის ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში მოექცა. კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომელის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების დანიშვნის პროცესი აღარ ეფუძნება პარტიებს შორის ფართო კონსუნსუსის იდეას. გარდა ამისა, პრეზიდენტი დანიშვნის პროცესში არსებით მონაწილეობას აღარ მიიღებს. ახლებური რეგულირებით, ცესკოს თავმჯდომარეს და 7 უპარტიო წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს, ხოლო არჩევისთვის საჭირო ხმებისრაოდენობა, არსებული 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობამდე (76 ხმა) შემცირდა. გაუქმდა უბრალოუმრავლესობით არჩეული პირების 6 თვით დანიშვნის წესი, რითაც საპარლამენტო უმრავლესობას შესაძლებლობამიეცა, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ერთპარტიულად 5 წლის ვადით დანიშნოს.
2023 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდა კიდევ ერთი დამაზიანებელიცვლილება, რომლის მიხედვითაც, მერს აღარ შეუწყდება უფლებამოსილება, თუკი საკრებულო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს კანონით დადგენილ ვადებში ვერ დაამტკიცებს. ეს ცვლილებამერის პასუხისმგებლობას სრულად გამორიცხავს და მას მხოლოდ საკრებულოზე ავრცელებს. პრობლემები გამოიკვეთა არა მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით, არამედ ნორმატიულ დონეზეც.საკრებულოს რეგლამენტებში მექანიზმების შესახებ პროცედურა არასათანადოდაა გაწერილი, რაცართულებს მათ გამოყენებას და პრაქტიკაში დანერგვას.
2023 წელს შენარჩუნდა უკუსვლის დინამიკა ღია მმართველობის და ანტიკორუფციული მიმართულებით. 2022 წლის ნოემბერში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა დაკორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც, სხვა სიახლეებთან ერთად, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს შექმნით გარკვეული უფლებამოსილებები ერთი ორგანოს ქვეშ გაერთიანდა მას არ აქვს საგამოძიებო ფუნქციები. ამასთანავე, ბიუროს ხელმძღვანელი ინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ.
იხილეთ ანაგრიში
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge