საიას ადვოკატების მაისის თვის წარმატებული საქმეები

1. საია თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2006-2007 წლებში თბილისში მიმდინარე შენობა-ნაგეობობების დემონტაჟის შესახებ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უარი განაცხადა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე რის შემდეგაც საიამ თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა. 2007 წლის 2 მაისს თბილისის მერიამ განიხილა საქმე და მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. შესაბამისად ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საჯარო ინფორმაციის გაცემა დაევალა.

2. სასამართლომ მოქალაქე ქმედუუნაროდ ცნო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციას დახმარებისათვის მიმართა მოქალაქე ი.ს.-ს ახლობელმა, რომელმაც განაცხადა, რომ დარღვეულია მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები. ი.ს.-მ 1989 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო სხეულის დაზიანება, კერძოდ ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. 2007 წელს, 17 წლის შემდეგ მან მიმართა გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინარული დევნის სამმართველოს სარჩოს დანიშვნისათვის. სარჩოს დანიშვნაზე გენერალურმა ინსპექციამ მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო უარი განაცხადა.
ი.ს. 1992 წლიდან იმყოფება აღრიცხვაზე შპს “თბილისის” ა. გოცირიძის სახელობის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, სადაც მას დიაგნოზი “პარანოიდული შიზოფრენია უწყვეტი მიმდინარეობით, პარანოიდული სინდრომი” დაუდგინეს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს, ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულად ითვლება, ვიდრე პირი სრულად ქმედუნარიანი არ გახდება ან მას არ დაენიშნება წარმომადგენელი. აღნიშნულიდან გამომდინარე ი.ს.-ს ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში წარმოეშვებოდა უფლება მეურვის დახმარებით ხელმეორედ მიემართა  შესაბამის ორგანოსათვის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით.
ამასთან დაკავშირებით სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება პირის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ. სასამართლოში ასევე წარდგენილ იქნა განცხადება საქმის დროულად ჩანიშვნის თაობაზე. 2006 წლის 28 თებერვალს სასამართლომ განიხილა ზემოაღნიშნული განცხადება და დანიშნა ექსპერტიზა ი.ს.-ს ფსიქიკური მდგომარეობის გამოსაკვლევად. ი.ს. წარდგენილ იქნა სამედიცინო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე რის შემდეგაც ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს გადაეგზავნა. სასამართლომ 2007 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ ცნო მოქალაქე ი.ს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ი.ს-ს დაენიშნება მეურვე და საშუალება მიეცემა მიმართოს შესაბამის ორგანოს სარჩოს დანიშვნისათვის.

3. სასამართლომ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე განსასჯელს თავისუფლების აღკვეთა პირობითი პატიმრობით შეუცვალა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრი მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურებას უწევს მოქალაქე მ.პ.-ს. მას ბრალი ედება ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის (სსს კ-ის 3711 მუხლი) და შეფარდებული ჰქონდა წინასწარი პატიმრობა. მოცემულ საქმეში საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ჩართვა მოხდა წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ და განხორციელდა მთელი რიგი საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: მოპოვებულ იქნა დოკუმენტები მისი ავადმყოფობის (გონებრივი ჩამორჩენილობის მარტივი ფორმა) შესახებ; მიმართულ იქნა როგორც სააპელაციო, ასევე უზენაესი სასამართლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე; სასამართლო გამოძიების მიმდინარეობისას დაცვის მიერ დაყენებულ იქნა სამი შუამდგომლობა, რომლებიც დაკმაყოფილებულ იქნა.
სწორედაც ამ მოქმედებების შედეგად სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა განესაზღვრათ მისთვის პირობით გამოსაცდელი ვადა სამი წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით კი დაკისრებოდა 2 000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით. დაცვის მხარე დაცვით სიტყვაში არ დაეთანხმა მოთხოვნას როგორც ძირითადი სასჯელის ასევე დამატებითი სასჯელის ნაწილში და მოითხოვა პირობით გამოსაცდელი ვადის შემცირება და დამატებითი სასჯელის არდაკისრება. სასამართლომ მ.პ.-ს განუსაზღვრა წელიწადნახევარი პირობით გამოსაცდელი ვადა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით კი სრულიად უსამართლოდ დააკისრა ჯარიმის – რვაასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოცემული განაჩენი ჯარიმის ნაწილში დაცვის მხარის მიერ გაასაჩივრებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში.

4. საიას ადვოკატების დახმარებით პენსიონერმა კუთვნილი პენსია მიიღო

საიას ოზურგეთის წარმომადგენლობას დახმარებისათვის მიმართა მოქალაქე რ.ჩ.-მ. მისი განმარტებით, სოფელ ნატანებში მცხოვრებ მარტოხელა პენსიონერს ი.ნ.-ს (რომელიც ღებულობდა ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის პენსიას) ერთი თვის წინ პენსიის აღებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა.
პრობლემის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მის პირადობის მოწმობასა და საპენსიო მოწმობას შორის იყო უზუსტობა, კერძოდ: პირადობის მოწმობაში საპენსიო მოწმობაში სხვადასხვა სახელი იყო დაფიქსირებული.
1965 წლიდან დღე¬მდე ამ უზუსტობას არანაირი პრობლემები არ შეუქმნია მისთვის და შესაბამისად ბოლო მომენტამდე ამ ხარვეზის გამოს¬წორებაზეც არავის უზრუნია. Dდღესდღეობით ი.ნ. ვერ ღებულობდა თავის პენსიას ზემოხსენებული მიზეზის გამო.
იგი გახლავთ 82 წლის მარტოხელა პენსიონერი, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რის გამოც ის ვერ ახერხებდა ოზურგეთში ჩასვლას, საკუთარი ინტერესების დაცვას სასამართლოსა და `საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის~ ოზურგეთის ფილიალში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო წარმომადგენლობა გაუწია მოქალაქე ი.ნ.-ს. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს  2007 წლის 1 მაისის გადაწ¬ყვეტილებით დაკ¬მაყოფილდა მისი მოთხოვნა და სასამართლომ დაადგინა უფლების დამდგენი საბუთის (საპენსიო მოწმობა) კუთვნილების ფაქტი. ამჟამად გადაწყვეტილება ძალაშია შესული პენსიონერი კუთვნილ პენსიას უპრობლემოდ ღებულობს.

5. ტრეფიკიორს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატებმა პროექტ ‘’არა! ადამიანებით ტრეფიკინგის’’ ფარგლებში საადვოკატო მომსახურება გაუწიეს დაზარალებულ რუსეთის მოქალაქეს ვ.ჩ.-ს, რომელსაც ექსპლუატაციას უწევდა საქართველოს მოქალაქე კ.გ.
კ.გ.-ს ბრალად ადამიანის გადაბირება, გადაყვანა და ექსპლუატაციის მიზნით მიღება ედება (სსკ 1431 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული). 1998 წლიდან რუსეთის მოქალაქე ვ.ჩ. ჩამოიყვანეს საქართველოში, ჩამოართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და მთელი ამ ხნის განმავლობაში დაზარალებული კ.გ.-ს ოჯახში  ამუშავებდნენ როგორც შინამოსამსახურეს. ვ.ჩ.  ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და განიცდიდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. სსკ 1431  მუხლის შენიშვნის მიხედვით ექსპლუატაციად ითვლება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულება. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით  დაადგინა, რომ ზ.გ.-ს მხრიდან ადგილი ქონდა დაზარალებულის მიმართ შრომით ექსპლუატაციის ფაქტს. სენაკის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 24 მაისის განაჩენით დამნაშავედ ცნო კ.გ. სსკ 1431  მუხლით და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლითა და ექვსი თვის ვადით.

6. მარტოხელა დედა ალიმენტს მიიღებს

საიას გორის ოფისს იურიდიული დახმარების თხოვნით მიმართა მოქალაქე შ.ბ.-მ. მისი განმარტებით იგი 2004 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჯ.ბ.-სთან, რომელთანაც შეეძინა შვილი. როგორც შ.ბ.-ს თქმით ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადასულიყო თავისი მშობლების ბინაში. მას შემდეგ მის მეუღლეს არანაირი ყურადღება ბავშვის მიმართ არ გამოუჩენია შ.ბ.-ს ბავშვის აღზრდაში საკუთარი მშობლები ეხმარებოდნენ. მოსარჩელე ითხოვდა განქორწინებას მეუღლესთან და მისთვის ალიმენტის დაკისრებას. 
გორის რაიონული სასამართლოს  2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შორენა ბალიაშვილის  სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლომ განაქორწინა ისინი და მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ  ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა დააკისრა.

7. სასამართლომ მამას ბავშვებთან შეხვედრის უფლება მისცა

საიას რუსთავის ოფისის იურიდიული დახმარებისათვის მიმართა მოქალაქე გ.კ.-მ, რომელმაც საადვოკატო მომსახურების გაწევა მოითხოვა.
მოქალაქე გ.კ. 2004 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ.ჩ.-სთან, რომელთანაც 2005 წლის 19 აგვისტოს შეეძინა ქალიშვილი.
ქორწინებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ წყვილს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, მეუღლეებს ფაქტიურად შეწყვეტილი ჰქონდათ საქორწინო ურთიერთობა. ერთი წლის განმავლობაში ცოლი გ.კ.-ს ბავშვის ნახვის უფლებას  არ აძლევდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ.კ.-ს სასარჩელო მოთხოვნა:
გ.კ. განაქორწინა მოპასუხესთან, განსაზღვრა ბავშვის ნახვის დღეები: პარასკევი-შაბათი, ხოლო ბავშვის 4 წლის ასაკის მიღწევიდან, ღამე დარჩენით.

8. საიას ადვოკატების დახმარებით მოქალაქეებს ადმინისტრაციული ჯარიმა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ

საიას დუშეთის ოფისს  სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართა დუშეთის რაიონის სოფელ მანასეულში მცხოვრებმა თ.კ.-მ, ნ.წ.-მ და უ.კ.-მ. აღნიშნული პირების მიმართ სხვადასხვა დროს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის”  641-ე მუხლის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს დაცულ ტერიტორიაზე (ნაკრძალი, ტყე-პარკი) მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვასა და დაზიანებას. აღნიშნული ოქმების საფუძველზე, რაიონული სასამართლოს დადგენილებით მოქალაქეებს  დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 400 ლარის და სახელმწიფო ტყის ფონდის სასარგებლოდ 108 ლარის გადახდა.
საიას ადვოკატის მიერ მოძიებულ იქნა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა,  რომ ადგილი, სადაც მოქალაქეების მხრიდან განხორციელდა საშეშე მერქნის მოჭრა, არ მიეკუთვნება დაცულ ტერიტორიას. შესაბამისად, კანონის უხეში დარღვევით მოხდა ოქმების შედგენა, რაც საფუძველი გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა დადგენილების გადასინჯვისა და საჯარიმო სანქციების შეცვლის შესახებ. აღნიშნული მოქალაქეების მიმართ დაკისრებული ჯარიმა 508 ლარის ოდენობით, შეიცვალა 50 ლარით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  66-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საშეშე მერქნის დამზადება საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე).


9. სასამართლომ უკანონო დადგენილებები გააუქმა

საიას დუშეთის ოფისს 2007 წლის მაისის თვეში სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართა  დუშეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მცხოვრებმა თ.მ.-მ, კ.ლ.-მ და მ.გ.-მ. დუშეთის სატყეო მეურნეობის თანამშრომლების  მიერ (მჭადიჯვრის სატყეო უბანზე) შედგენილი ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ოქმების საფუძველზე, დუშეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებს დაეკისრათ ჯარიმის გადახდა. როგორც ეს უკანასკნელნი აცხადებდნენ, ხე-ტყის მოჭრის ფაქტს მათი მხრიდან ადგილი საერთოდ არ ჰქონია. სასამართლოში წარდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე, როგორც ტყის მცველის, ასევე მოქალაქეების ხელმოწერები გახლდათ გაყალბებული. ჩვენს მიერ გადამოწმებული იქნა  აღნიშნული გარემოებები და ოქმის უკანონობა დაადასტურა სატყეო უბნის უფროსმა გოგი კენტელაძემ და ტყის მცველმა შოთა მალუტაშვილმა. შესაბამისად დადასტურდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მასზე განხორციელებული ხელმოწერები შესრულებული იყო სხვა პირთა მიერ. მათი განმარტებით, აღნიშნული ოქმების შედგენა განაპირობა სამსახურში შემოსულმა ცრუ ინფორმაციამ, რაც რა თქმა უნდა არ აძლევდა მოხელეებს საფუძველს ჩაედინათ ქმედება, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია. აღნიშნული საფუძვლებით, რაიონული სასამართლოს დადგენილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. შესაბამისად, გაუქმდა სასამართლოს უკანონო დადგენილებები.


10. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსანციის უკანონო დადგენილება გააუქმა

სატყეო მეურნეობის თანამშრომელთა მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას დუშეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში მცხოვრებ გ.ს.-ს მიმართ. 2006 წლის 2 ოქტომბერს ამ პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის შესახებ. საიას ადვოკატის  მიერ სააპელაციო სასამართლოში საჩივართან ერთად  წარდგენილ იქნა მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ გ. სააკაშვილი ამ დროისათვის საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში, იგი 01.06.06 წლიდან 02.04.07 წლამდე იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა დაკმაყოფილა და გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს უკანონო დადგენილება.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge