საიამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 2013 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა.
საიას მონიტორები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან მოიპოვებდნენ, მათ შორის საჯარო დაწესებულებებიდან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის და მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის გზით. ხშირად მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თავად აწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევების შემთხვევების შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდგომ საიას მონიტორები თითოეულ ფაქტს უშუალოდ განმცხადებლებთან ამოწმებდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. პრეზიდენტობის კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული კამპანია განეხორციელებინათ.
კვლევის მიმდინარეობისას შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
• საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტმა საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წარდგენილ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გაითვალისწინა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თავიდან მაღალი სტანდარტების საარჩევნო კანონმდებლობის შექმნას აპირებდა, საბოლოოდ, საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით დაგეგმილიდან ბევრი არსებითი ხასიათის ცვლილება არ მიღებულა. შედეგად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით კვლავაც პრობლემურად რჩება ისეთი საკითხების მოწესრიგება როგორიცაა: საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, სახელმწიფო და პარტიული რესურსების მკვეთრად გამიჯვნა, ამომრჩევლის მოსყიდვის რეგულაციები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის საკითხები, საარჩევნო დავები, განსაკუთრებულ შემთხვევაში შექმნილი უბნები (სპეც. უბნები), მედია რეგულაციები.
• წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის, მიერ თანამდებობის დატოვება საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების შემაფერხებელი გარემოება იყო. ამასთან, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატი - თამარ ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ცესკომ თავმჯდომარედ აირჩია.
• საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მთელი რიგი პრობლემური საკითხები გამოვლინდა როგორიცაა: პრეზიდენტობის კანდიდატისა და თანამდებობის დაკავებისათვის არსებული მოთხოვნების დაზუსტების აუცილებლობა; ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის საკითხი; ცესკოს სახელმწიფო ორგანოებთან არაკოორდინირებული მუშაობის პრობლემა და ა.შ. საიას მიაჩნია, რომ ცესკოსა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ქ-ნი სალომე ზურაბიშვილისა და ბატონ ზურაბ წიწუაშვილის კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით კონსტიტუციის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რაც წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვან ხარვეზად უნდა ჩაითვალოს.
• საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი არ შეცვლილა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კომისიები გარდა პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრებისა, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის, კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული კომისიის წევრებით დაკომპლექტდა, რაც არაერთხელ კრიტიკის საგანი გახდა. ისე, როგორც 2013 წლის შუალედურ არჩევნებზე, ამჯერადაც დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა იმ პირთა პროფესიული ნიშნით არჩევას საუბნო საარჩევნო კომისიებში, რომელებიც უახლოეს წარსულში სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენდნენ საარჩევნო ადმინისტრაციებში. საიას აზრით აღნიშნული გარემოება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნდობის კუთხით.
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოწოდებული იყო წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და დარღვევების პრევენციისაკენ, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით კომისიამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოსამსახურეთა მონაწილეობის წესის დაზუსტებისა და ცალკეული წესების განმარტების კუთხით. თუმცა, არსებობდა გარკვეული პრობლემები სხდომის კონსტრუქციულ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით.
• დადებითად უნდა შეფასდეს კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული პირის, გიორგი მარგველაშვილის მიერ პირადი ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობის დატოვება მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა მას ამას არ ავალდებულებდა.
• განსხვავებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, საიას მონიტორების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცირე ფაქტები გამოვლინდა. ძირითადად პრობლემები საჯარო მოხელეთა წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობასა და წინასაარჩევნოდ ადგილობრივი ბიუჯეტების მნიშვნელოვნად ზრდაში გამოიხატა. ასევე ამ კუთხით საინტერესო იყო პრეზიდენტის ინიციატივა ფართომასშტაბიან შეწყალებასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.
• მონიტორინგის განხორციელების პროცესში, საიას მონიტორებმა ამომრჩეველის მოსყიდვის ნიშნების შემცველი რამდენიმე ფაქტი დააფიქსირეს.
• წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლისა და მუქარის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, რაც აზიანებდა წინასაარჩევნო გარემოს და საფრთხეს უქმნიდა წინასაარჩევნო კამპანიის ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში. დარღვევათა უმეტეს ნაწილს ადგილი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რასაც თან საჯარო მოხელეთა ნების საწინააღმდეგოდ, მათი სამსახურიდან გათავისუფლება სდევდა. გამოვლინდა საჯარო მოხელეთა სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლების, როგორც ინდივიდუალური ისე კოლექტიური შემთხვევები. აღნიშნული პროცესები ცალსახად ეწინააღმდეგებოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას, რომელიც სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წინასაარჩევნო პერიოდში ყოველგვარი საკადრო გადაადგილებებისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ფაქტები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ შესაძლო დარღვევებში, საიას მონიტორების ინფორმაციით, იკვეთება სამართალდალდამცავი ორგანოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტები.
• წინასაარჩევნო შეხვედრებმა უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა დაფიქსირდა ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც ძირითადად პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო მიმართული და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობრივ ხასიათს ატარებდა.
• 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, მედიის მდგომარეობა გარკვეული თვალსაზრისით გაუმჯობესებულია. განსხვავებით გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისგან, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელშეშლის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. მიუხედავად ამ გაუმჯობესებისა, პრობლემები რჩება მედია საშუალებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისაგან განთავისუფლების თვალსაზრისით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო პროცესების სადამკვირვებლო მისია ფინანსურად მხარდაჭერილია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) მიერ, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლეტქების მონიტორინგი მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge