საიამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 2013 წლის 11 თებერვალს გამართა. ანგარიში მოიცავს 2012 წლის 1 აგვისტოდან 20 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს (წინასაარჩევნო პროცესების დაკვირვება საიამ გაცილებით ადრე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და წინასაარჩევნო გარემო ორ შუალედურ ანგარიშში შეაფასა).
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში (1 აგვისტო- 30 სექტემბერი) საარჩევნო დარღვევებზე ინფორმაციის მიღების შემდგომ საიას მონიტორები ცდილობდნენ თითოეული ფაქტის პირველწყაროსთან გადამოწმებას. არჩევნების დღეს უბანზე მივლინებული დამკვირვებლებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით საია დაკვირვებას თბილისსა და რეგიონებში არსებულ 35 საარჩევნო ოლქში ახორციელებდა. ესენია ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, ქუთაისის, წყალტუბოს, საჩხერის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ახალციხის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, დუშეთი საარჩევნო ოლქები, ასევე თბილისის 10 საარჩევნო ოლქი. საია 300-ზე მეტი დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.
ამასთან საია სადამკვირვებლო მისიას საზღვარგარეთის ხუთ ქვეყანაში - აშშ-ში (ნიუ- იორკი), უნგრეთში (ბუდაპეშტი), დიდი ბრიტანეთში (ლონდონი), საფრანგეთში (პარიზი) და გერმანიაში (ბერლინი) ახორციელებდა.
არჩევნების დღიდან შედეგების შეჯამებამდე, საიას დამკვირვებლები მუდმივი წესით აკვირდებოდნენ პროცედურების წარმართვას 35 საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში საჩივრების წარდგენის გზით ორგანიზაცია ცდილობდა ხელი შეეწყო ამომრჩეველთა ნების ობიექტურად დაფიქსირების, კანონმდებლობის პროგრესული განმარტების დანერგვის, დამრღვევთა წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების გატარებისა და საარჩევნო დარღვევათა შემდგომი პრევენციისათვის.
საიამ, ასევე განახორციელა 2012 14 ოქტომბერს გამართული განმეორებითი არჩევნების მონიტორინგი ხაშურის, გორისა და სიღნაღის ოლქებში.
მონიტორინგის ანგარიშში დაწვრილებით ასახულია როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შედეგების შეჯამებისას გამოვლენილი დარღვევები; წარმოდგენილია ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც თან ახლა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ანგარიშში ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც, ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში უნდა აისახოს როგორც კანონმდებლობაში, ასევე უნდა განხორციელდეს პრაქტიკაში.
წინასაარჩევნო პერიოდი გამორჩეული იყო მაღალი პოლიტიკური კონკურენციით, დაძაბული ატმოსფეროთი და მრავალრიცხოვანი დარღვევებით. სამწუხაროდ, საზოგადოება მოკლებული იყო საარჩევნო პროგრამების განხილვაზე ორიენტირებულ კამპანიას და თემატურ პოლიტიკურ დებატებს. აღნიშნულის ნაცვლად, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უხვი კომპრომატებით დაპირისპირების, მრავალრიცხოვანი კანონდარღვევების, სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების, ძალადობრივი და აგრესიული შეჯახებების ფონზე.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ, სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის, რაც განპირობებული იყო მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ორგანოების ადმინისტრაციულ ფუნქციებს შორის ზღვრის არ არსებობით. აღნიშნული თითქმის შეუძლებელს ხდიდა ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას. განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირებით გამოირჩეოდა წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო პერიოდი, რა დროსაც სხვადასხვა სახის დარღვევებთან ერთად განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ოპოზიციის წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა აქტივისტების ხშირი დაკავებები. ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ რამოდენიმე ათეულ პირს, რაც ჩვენს მიერ შესწავლილ შემთხვევებში, მაღალი ალბათობით, პოლიტიკური მოტივაციით იყო განპირობებული. ზოგადი შეფასების სახით შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო და უსამართლო.
მიუხედავად გარკვეული პროცედურული დარღვევებისა, კენჭისყრის დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი ზოგიერთი ოლქის გარდა, ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. დარღვევების მხრივ განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ხაშურის #35 ოლქი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმები და შეიარაღებული ნიღბიანი პირები 10-ზე მეტ საარჩევნო უბანზე შევიდნენ. მათ ძალადობითა და მუქარით აიძულეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების შედეგები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' სასარგებლოდ შეეცვალათ. მიგვაჩნია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყენება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობის, ჩართულობისა თუ ინფორმირებულობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ეს ფაქტები აუცილებლად საჭიროებს დაუყოვნებლივ, ეფექტურ და ობიექტურ გამოძიებას, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ფაქტების ამსახველი უამრავი მტკიცებულება არსებობს, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.
დასასრულს უნდა ითქვას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იმით იყო განსაკუთრებული, რომ აღნიშნულ დღეს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა პირველად მოხდა, რაშიც ყველაზე დიდი როლი ქართველმა ამომრჩეველმა ითამაშა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge