2012 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იქნა კვლვევა „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშნვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მონაწილეობას ეხებოდა.
საია აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ამჯერად საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, საქართველოს 2008-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ფონდებიდან თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ააიპ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა და ააიპ თბილისის განვითარების ფინდისთვის გადაცემულ საბიუჯეტო სახსრების შესახებ.
როგორც საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდები დაფინანსებას საქართველოს 2008-2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით გათვალისწინებული ისეთი ფონდებიდან იღებდნენ, როგორიცაა: საქართველო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი.
მნიშვნელოვანია, რომ საიამ მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის განკარგულებების ის ნაწილი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით საიდუმლოს წარმოადგენდა, თუმცა არც საიასთვის და არც სასამართლოსთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია განკარგულებების საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია.
სამართლებრივი აქტების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ უშუალოდ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდსა და თბილისის განვითარების ფონდს 2008-2012 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ორი ფონდიდან ჯამში სულ 129,980,893 ლარი გადაერიცხათ. საიდანაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 47,102,000 ლარის უშუალო ადრესატი ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი იყო. ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გაცილებით მეტი 82,878,893 ლარი თბილისის განვითარების ფონდს გადაერიცხა (მათ შორის მარტო ერთი განკარგულებით 70 მილიონი ლარი). თბილისის განვითარების ფონდმა თანხები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიიღო.
გარდა თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხული თანხებისა, თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის მიზნით თანხები გადაერიცხა ასევე ქ. თბილისის მერიასაც. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თბილისის მერიამ მარტო 2010 წელს 6,000,000 ლარი მიიღო. ხოლო იმავე თბილისის მერიას, თბილისში რიყის ტერიტორიის სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობამ 14,700,000 ლარი გადურიცხა.
საიას საყურდღებოდ მიაჩნია ისე გარემოებები, რომ მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტებით გათვალისწინებული სახსრებიდან ფონდებში გადარიცხული მასშტაბური მოცულობის თანხებისა:
• თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მხრიდან არ ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გამოყენება, რაც ხელს უწყობდა აღნიშნული თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას;
• თანხების სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით ხარჯვა კიდევ უფრო ზრდიდა აღნიშნული თანხების ხარჯვის დროს შესაძლო კორუფციული სქემების გამოყენების ალბათობას;
• საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი, თუ როგორ და რა ფორმით ხდებოდა თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მხრიდან განხორციელებული სამუშაოების შესრულების მიზნით შესაბამისი კომპანიების შერჩევა;
• ამასთან, თბილისის მერიას დღემდე არ გაუსაჯაროებია ფონდების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები, რაც კიდევ უფრო ზრდის საბიუჯეტო სახსრებიდან მიღებული თანხების კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევით ხარჯვის შესაძლებლობას.
საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს თბილისის მერიას, რომ გაასაჯაროვოს და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახადოს თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მიერ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge