2018 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-12 ანგარიშის პრეზენტაციას გამართა.
აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზით, გაიზარდოს საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები.
საიამ დღემდე მონიტორინგის 12 ანგარიში მოამზადა, რომლებიც მოიცავს 2011 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტამდე დაფიქსირებულ ტენდენციებს. ამჯერად საია საზოგადოებას წარუდგენს 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში 2000-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგებს.
სასამართლო პროცესების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ რიგი პრობლემები, რომლებიც წლებია ფიქსირდება სამართალწარმოების პროცესში როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურის მხრიდან, და საკანონმდებლო ხარვეზები, დღემდე არ გამოსწორებულა.
დაკვირვების შედეგად გამოვავლინეთ შემდეგი ძირითადი მიგნებები:
- ყოველთვის მაღალი იყო და საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობისა და გირაოს გამოყენების მაჩვენებელი. ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებები შემთხვევათა მხოლოდ 3%-ში გამოიყენეს.
- კვლავ პრობლემაა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლად გამოყენება. პროცენტული მაჩვენებელი წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა. კერძოდ, 141 შეფარდებული პატიმრობიდან 17 (12%) იყო დაუსაბუთებელი და არ იყო გამოყენებული, როგორც უკიდურესი საშუალება, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. 245 გამოყენებული გირაოს შემთხვევაში კი 73 (30%) იყო დაუსაბუთებელი;
- პროკურორები კვლავ არ აგროვებდნენ სათანადო ინფორმაციას ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, გირაოს ოდენობის დასასაბუთებლად. ბრალდებულთა 88%-ის მიმართ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობაში ბრალდების მხარეს ყურადღება არ გაუმახვილებია მათ მატერიალურ შესაძლებლობებზე. ასეთ შემთხვევაში, გირაოს მოთხოვნილი ოდენობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილება პატიმრობის ტოლფასია.
- კვლავ არ ფიქსირდება სახელმწიფოს სათანადო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის შემთხვევის გამოძიებაზე, რასაც ბრალდებულები ან პროცესის მონაწილეები სასამართლო პროცესებზე აცხადებენ. მოსამართლის როლი ამგვარ შემთხვევებზე რეაგირების საკითხში ფორმალურია.
- ჩხრეკისა და ამოღების საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრაქტიკა კვლავ პრობლემურია. შემთხვევათა 92%-ში ჩხრეკა/ამოღება გადაუდებელი აუცილებლობით ტარდება, რასაც სასამართლო კანონიერად ცნობს.
- სასამართლო მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასამართლო ნაკლები გულმოდგინებით ეკიდება პატიმრობის პერიოდული გადასინჯვის საკითხს და თითქმის ყველა შემთხვევაში უცვლელად ტოვებს პატიმრობას, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ ასაბუთებს პატიმრობის ვადის გაგრძელების აუცილებლობას.
- სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე უმეტესად ისე დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომ დაზარალებულის პოზიციისა ან მისი ინტერესების შესახებ სასამართლო სხდომაზე პროკურორს არ უსაუბრია;
- ხშირად, საქმის არსებითი განხილვის სხდომები დაგვიანებით იწყება ან გახსნისთანავე ხდება მათი გადადება, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს პროცესების გაჭიანურებას.
- კანონმდებლობით კვლავ მოუწესრიგებელია ნარკოტიკული დანაშაულის თავი. აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესდეს ადეკვატური სასჯელები;
საია იმედს იტოვებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და გაკეთებულ დასკვნებს გაიზიარებენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, ანგარიში საყურადღებო მონაცემებს შეიცავს პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის. იმედი გვაქვს, ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდება საკანონმდებლო ორგანო და სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვასა და პატივისცემას. საიას რწმენით, რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის უფრო მეტად სრულყოფა-გაუმჯობესებას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge