საიამ საზოგადოებას 2012 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას 2012 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
2012 წლის განმავლობაში, ჩვენ დახმარება გავუწიეთ 100 ათასზე მეტ ადამიანს და აქტიური მონაწილეობა მივიღეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, კანონმდებლობის შექმნასა და საარჩევნო პროცესებში; რეფორმების განხორციელებასა და სტუდენტების გადამზადებაში, კერძოდ:
იურიდიული დახმარება
საიას თბილისის ცენტრალურ და 7 რეგიონულ ოფისში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა უფასო იურიდიული დახმარება. სულ წლის განმავლობაში უფასო კონსულტაცია გავუწიეთ 110 418 პირს. შევადგინეთ 12 266 სამართლებრივი დოკუმენტი; უფასო საადვოკატო მომსახურეობა გავუწიეთ 433 მოქალაქეს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე.საიას ადვოკატების მონაწილეობით წარმატებით დასრულდა 206 საქმე, მათ შორის: დადგა რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი; შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ მსჯავრდებულები; პატიმრების გადაყვანა ხდებოდა სამკურნალო დაწესებულებაში; გათავისუფლდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები; სახელმწიფოს დაეკისრა მოქალაქეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება; პირები გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდისგან; გაუქმდა აქტები, რომლებიც უკანონო შეზღუდვებს უწესებდა მოქალაქეებს; სხვადასხვა პირებმა საკუთრებაში დაირეგისტრირეს სადავო ქონება; 118 ბავშვს დაენიშნა ალიმენტი; მოქალაქეები აღდგენილ იქნენ მათ სამუშაო ადგილებზე და მრავალი სხვა.
სტრატეგიული სამართალწარმოება
საკონსტიტუციო სასამართლოში საიამ მოიგო ორი საქმე:
• თამარ ხიდაშელი და საია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მოსამართლის თანხმობის გარეშე გაგრძელება მიჩნეულ იქნა არაკონსტიტუციურად.
• თამარ ჩუგოშვილი და საია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - დახურული ინტერნეტურთიერთობების კონტროლი მიჩნეულ იქნა არაკონსტიტუციურად.
ასევე, წარდგენილი „სასამართლოს მეგობარის“ მეშვეობით საიას მოსაზრებები სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის ორ მნიშვნელოვან სარჩელზე.
ამის გარდა, წელს შევიტანეთ 8 სხვა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში, საიამ მოიგო საქმე კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევად ცნო 5 პირის 30 დღით დაპატიმრება და სახელმწიფოს მათთვის კომპენსაციების დაკისრება დაავალა.
ამის გარდა, უფასო კონსულტაცია გაეწია 203 მოქალაქეს და სასამართლოში გაგზავნილ იქნა 14 ახალი სარჩელი.
მედიის ინტერესების დაცვა
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა სხვადასხვა მედიასაშუალებების ინტერესების დასაცავად მოამზადა 266 სამართლებრივი დოკუმენტი; აწარმოა 41 საქმე, მათ შორის მოიგო 2011 წლის 26 მაისს დაშავებული ჟურნალისტების საქმე.
მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აქტიურად ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესებს, მყისიერად რეაგირებდა ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, როგორებიც იყო: ტელეკომპანიების კუთვნილი ანტენების დაყადაღება, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა; მედიის საქმიანობაში ჩარევა და ა.შ.
ასევე, მზადდებოდა ჟურნალისტებისათვის სარეკომენდაციო ხასიათის პუბლიკაციები, ტარდებოდა არჩევნებისა და სასამართლო პროცესების გაშუქების ტრენინგები და სხვა.
პატიმრები
უფასო იურიდიული დახმარება გაეწია 4 102 მსჯავრდებულს; მომზადდა 703 სამართლებრივი დოკუმენტი; არასათანადო მოპყრობის 24 საქმეზე ვიცავდით მსჯავრდებულებს.
შედეგად ხდებოდა მსჯავრდებულთა შეწყალება; სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანა, ა.შ.
გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველთან ერთად ვმონაწილეობდით სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგში; გამოიცა არასათანადო მოპყრობის შესახებ ორი ანგარიში; მომზადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების კუთხით არსებული პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციები; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო აქციები.
ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატიული მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებასა და პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემის დახვეწაზე. ასევე, ვაგრძელებთ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს.
საკუთრების უფლება
საკუთრების უფლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ობიექტივში იყო. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვუწევდით სამართლებრივ დახმარებას დაზარალებულ პირებს, ვაწარმოებდით სასამართლო დავებს, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვსწავლობდით საკუთრების სახელმწიფოსათვის ჩუქების და მიტოვების ფაქტებს. გამოვლინდა ათეულობით შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები მასიურად და ორგანიზებულად ტოვებდნენ საკუთრებას ან ჩუქნიდნენ სახელმწიფოს. დეტალური ინფორმაცია ასახულია სპეციალურ ანგარიშში. ჩვენ მოვუწოდეთ საგამოძიებო ორგანოებს, აქტიურად დაინტერესდნენ ამ ფაქტებით.
დევნილები
წელს ათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა ისარგებლა ჩვენი უფასო იურიდიული დახმარებით. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებდით მათი ცნობიერების ამაღლებაზე, რათა ჰქონოდათ ზუსტი ინფორმაცია თავიანთი უფლებების და სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ. ამ მიზნით დევნილების კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ათეულობით შეხვედრა გაიმართა.
ანტიკორუფციული მონიტორინგები
ჩვენი მონიტორინგების შედეგად გამოიკვეთა მსხვილი კორუფციული საფრთხეები. გასული წლის განმავლობაში განვახორციელეთ შემდეგი ანტიკორუფციული მონიტორინგები:
• „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“ - რომელიც ასახავდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ძველი ქალაქის რეაბილიტაციის პროცესს და რომლის განმავლობაში გამოიკვეთა მრავალი დარღვევა;
• საქართველოს პარლამენტის მშენებლობა ქუთაისში - კვლევამ აჩვენა ხარჯვის პროცესის სრული დახურულობა და კორუფციული საფრთხეები;
• ბათუმის გარე განათების მონიტორინგი - გამოიკვეთა შესყიდვების პროცესში არსებული დარღვევები.
საიამ მოითხოვა ამ საქმეების შესწავლა და გამოძიება, ასევე ლობირებდა კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რათა აღმოფხვრილიყო არსებული კორუფციული საფრთხეები.
ტრადიციულად, ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. აქტიურად ვნერგავდით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. ასევე ვიკვლევდით ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტებს, სასამართლო პრაქტიკას და არსებულ პრობლემებს. შედეგები აისახა ანგარიშში „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“.
მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში
საია მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს საკანონმდებლო პროცესზე და ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტზე ამზადებს და აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებებს. გასულ წელს მომზადდა 24 სამართლებრივი დასკვნა, ისეთ პროექტებზე, რომლებიც უკავშირდებოდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას; სისხლის სამართლის კოდექსების ცვლილებებს; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და სხვა. ჩვენი დასკვნები, როგორც წერილობით, ასევე კომიტეტებზე მოხსენების გზით წარედგინებოდა პარლამენტს და საზოგადოებას.
განსაკუთრებულად ვაქტიურობდით საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, აღსანიშნავია, რომ დეპუტატების რაოდენობის ზრდა არ მოხდა სწორედ ჩვენი და ჩვენი კოლეგების აქტიურობის შედეგად.
ასევე, პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადებები: შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით; ანტინარკოტიკული კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულად აქტიურად ვლობირებდით ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების შეჩერებას და მის გაუქმებას.
ჩვენ მუდმივად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას საკანონმდებლო პროცესების შესახებ, ასევე ვაცნობდით ჩვენს მოსაზრებებს განსახილველ პროექტებთან მიმართებით, რაც ყოველთვის იმსახურებდა მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს.
არჩევნები
ჩვენ ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესებს მთელი წლის განმავლობაში. ვმონაწილეობდით საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროცესში. ვიყავით კამპანია „ეს შენ გეხებას“ ერთ-ერთი ინიციატორი და აქტიური წევრი. შედეგად, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“, ასევე ე.წ. Must Carry – Must Offer პრინციპების დანერგვაში, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საარჩევნო პროცესებში.
წინასაარჩევნო პერიოდის ყოველდღიური მონიტორინგის შესახებ ყოველდღიურად ვაკეთებდით განცხადებებს, რის მიმართაც მედიის ინტერესი უკიდურესად მაღალი იყო; მოვამზადეთ წინასაარჩევნო პერიოდის ორი შემაჯამებელი ანგარიში.
არჩევნების დღეს ვაკვირდებოდით 35 საარჩევნო ოლქში 350 დამკვირვებლის მეშვეობით. არჩევნების დღის და მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას აქტიურად ვაწოდებდით ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. არჩევნების დღეს დაიწერა 147 შენიშვნა/საჩივარი.
ჩვენი საჩივრის საფუძველზე გაუქმდა ხაშურის #35 ოლქში რამდენიმე უბნის შედეგები და ხელახალი არჩევნები დაინიშნა.
სასამართლოს დამოუკიდებლობა
ჩვენს განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენდა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ფარგლებში მოვამზადეთ სასამართლოს ინსტიტუციური პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციები. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სწორედ ეს რეკომენდაციები დაედო საფუძვლად იმ სასამართლო რეფორმას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში იქნება განხილული პარლამენტში. მიგვაჩნია, რომ ეს განსაკუთრებული მიღწევა იყო და ჩვენს მიერ გაწეულმა შრომამ ახალი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეფორმის კურსის განსაზღვრაზე.
ასევე, მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებდით სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები და ხარვეზები. პირველი 6 თვის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ხოლო მორიგი ანგარიში უახლოეს მომავალში წარედგინება საზოგადოებას.
ჩვენ შევისწავლეთ არაერთი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიცავდა პოლიტიკური მოტივაციის ნიშნებს. პირველ ანგარიშში თავი მოიყარა 33 საქმის ანალიზმა, სადაც დეტალურად იყო განხილული საქმეში არსებული დარღვევები და გადაცდომები. მოგვიანებით საზოგადოებას ჩვენ კიდევ ერთ ანგარიშს წარვუდგენთ.
ცნობიერების ამაღლება
საიას რეგიონული ოფისები სისტემატურად და მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდნენ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. სემინარები და ტრენინგები უტარდებოდათ საჯარო მოხელეებს, ადვოკატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. 600-მდე გამართულ მსგავს შეხვედრაში წელს მონაწილეობა მიიღო 11 460-მა პირმა.
ავტოტურების მეშვეობით ჩვენ მივდიოდით იმ ადამიანებთან, ვისაც ჩვენამდე მოსვლა უჭირდა. საიას რეგიონული ოფისები სისტემატურად ახორციელებენ ამგვარ გასვლით ტურებს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში, ადგილობრივი მოსახლეობის სამართლებრივი დახმარების გასაწევად და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 300-ზე მეტი ამგვარი გასვლითი ტური ჩატარდა, რომლის მეშვეობით 7000-მდე პირმა მიიღო უფასო იურიდიული კონსულტაცია და დახმარება.
იურიდიული განათლება
საიას მიერ დაფუძნებული იურდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის 6-თვიანი სასწავლო კურსები სამართლის სხვადასხვა დარგში გაიარა 70-მა სტუდენტმა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეხვეწათ პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია იურისტებისათვის. გაიმართა დებატების კონკურსები; იმიტირებული პროცესები; ოლიმპიადა ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის და სხვა. ფონდი ეწოდა საგამომცემლო საქმიანობას, ფუნქციონირებდა იურიდიული ბიბლიოთეკა. ათობით სტუდენტი გადიოდა სტაჟირებას საიას იურიდიული დახმარების ცენტრებში.
სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის რეგიონებში ფუნქციონირებდა სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა.
ჩვენი საქმიანობის წარმატების და ჩვენს მიმართ არსებული მაღალი ნდობის მაჩვენებელია ის საერთაშორისო ყურადღება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იგრძნობოდა. ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციით და ჩვენი შეფასებებით ინტერესდებოდა არა მხოლოდ ადგილობრივი მედია, არამედ საერთაშორისო და მეტად პატივსაცემი მედიასაშუალებები, ისეთები, როგორიცაა: Washington Post; Deutche Welle; Reuters; Internews და სხვა.
ჩვენს განცხადებებს და ანგარიშებს ეყრდნობოდა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორებიცაა: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში ადამიანის უფლებების თაობაზე; Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის მიერ მომზადებული სხვადასხვა განცხადებები და ანგარიშები; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა განცხადებები და სხვა.
ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები ჩვენს მიერ 2012 წლის განმავლობაში გაწეული შრომის მხოლოდ ზედაპირული მიმოხილვაა. დეტალური ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ საიას წლიურ ანგარიშში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge