საიამ სასამართლო პროცესების მონიტორინგის მეოთხე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2013 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს. 
 
პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით, საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა. საიამ დღემდე მონიტორინგის სამი ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც ერთიანობაში მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით. საიას ახალი ანგარიში მოიცავს პერიოდს 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით. იმ გამოვლენილ შედეგებს შორის რომლებსაც საია წარმოგიდგენთ არის:
 
სისხლის სამართლის მოსამართეებმა გამოავლინეს შედარებით უფრო მეტი ობიექტურობა ჩვეულებრივი საქმეების განხილვისას ვიდრე ეს წინა პერიოდებში ხდებოდა. მაგალითად, პირველი წარდგენის სხდომებზე, მოსამართლეებმა, წარსულისაგან განსხვავებით, ნაკლებ შემთხვევაში გამოიყენეს პატიმრობა (სანაცვლად უფრო ხშირად იყენებდნენ გირაოს). ამასთან მოსამართლეებმა ბევრად უფრო ნაკლები დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, რომლებიც პროკურორის მიერ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას შეეხებოდა. 
 
მონიტორინგმა გამოავლინა რომ მოსამართლეები ისევ არ იყენებენ თავის დისკრეციას რომ გაათავისუფლონ ბრალებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე ან შეუფარდონ ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება, ნაცვლად - თითქმის ყველა საქმეში - პატიმორბის და გირაოს გამოყენებისა. მონიტორებმა ასევე დაადგინეს რომ მოსამართლეები თითქმის ყოველთვის აკმაყოფილებენ პროკურატურის შუამდგომლობას წინა-სასამართლო სხდომებზე. ამის ფონზე მათ ასევე დააფიქსირეს დაცვის პასიურობა შუამდგომლობათა წრადგენის ეტაპზე. (დაცვა ბევრად აქტიური იყო ე.წ „გახმაურებულ საქმეებში“).
 
წინა პერიოდების მსგავსად სასმართლომ ვერ უზრუნველყო  ინფორმაციის გამოქვეყნება  პირველი წარდგენის სხდომების შესახებ. თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მისაღებში მანდატურები ვერბალურად აცხადებდნენ პირველი წარდგენის სხდომათა შესახებ.
 
წინა პერიოდების მსგავსად, გამოვლინდა რომ მოსამართლეები ძალიან პასიურები იყვნენ საპროცესო შეთანხმების განხილვისას და თითქმის ავტომატურ რეჟიმში ამტკიცებდნე პროკურორის მიერ წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმებებს. თუმცა, იმ საპროცესო შეთანხმებათა რიცხვმა, რომლითაც ბრალდებულებს ჯარიმა შეეფარდათ და შეფარდებული ჯარიმის საშუალო ოდენობამ  წინა პერიოდებთან შედარებით დაიკლო.
 
ჩხრეკისა და ამოღების შესახებ 30 სხდომიდან, რომლის მონიტორინგსაც საია ახორციელებდა, -  მხოლოდ ერთ შემთხვევაში გასცა სასამართლომ წინასწარი ნებართვა ჩხრეკის ჩატარების შესახებ; დანარჩენ 29 შემთვევაში ჩატარებული ჩხრეკა დააკანონა სასმართლომ როგორც გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ღონისძიება. ეს ბადებს  ეჭვს, რომ  სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას იმის შესახებ, რომ თუ ჩხრეკა და ამოღება არ ემყარება გადაუდებელ აუცილებლობას, არ უნდა ჩატარდეს, ან/და შემდეგ დაკანონდეს.   
 
დასრულებული 84 საქმიდან (69 საპროცესო შეთანხმებით და 15 არსებითი განხილვის შედეგად), რომლებსაც საია აკვირდებოდა,  ბრალდებული მხოლოდ ერთ შემთხვევაში  გამართლდა.
 
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას სასამართლო მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ უფრო ლოიალური აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მიმდინარე საქმეთა ბრალდებულთა მიმართ.
 
საია იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი შედეგები ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის სისტემაში დადებითი ცვლილებების განხორციელებას.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge