საიამ სარიშვილი-ბოლქვაძის საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა

2020 წლის 1 დეკემბერს საიამ საქმეზე სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ზოგადი ღონისძიების სახით გატარებულ ზომებს აფასებს. 

მინისტრთა კომიტეტი 2018 წლის 19 ოქტომბრიდან ზედამხედველობს სარიშვილი-ბოლქვაძის საქმის აღსრულებას. აღნიშნული საქმე კერძო სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადო მკურნალობის შედეგად პაციენტის გარდაცვალებას და გარდაცვლილის ოჯახის წევრისთვის სამოქალაქო სამართალწარმოების გზით გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის მინიჭებაზე უარს შეეხება. ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა

წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში საია ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე საკითხზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. კერძოდ:

ახლო ნათესავის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანისთვის კომპენსაციის მინიჭების საკითხი - დღეის მდგომარეობით, კანონი კვლავ არ ანიჭებს გარდაცვლილის ახლო ნათესავს დაზარალებულის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. სათანადო საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობის ფონზე, დაზარალებულის ახლო ნათესავებისთვის სასამართლოში დავის წარმოება გართულებული და ნაკლებად ხელმისაწვდომია. 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული დავის განახლების შესაძლებლობა - ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული საქმეების განახლებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სპეციალურ რეგულაციას აწესებს და პირდაპირ კრძალავს ევროპული სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში საქმის განახლებას. ხშირ შემთხვევაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადოდ აღსასრულებლად დავის განახლება სრულფასოვანი რესტიტუციის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არსებული რეგულაცია შეცვლას და დახვეწას საჭიროებს, რომელიც მხარეს შესაძლებლობას მისცემს, ადმინისტრაციული დავის დროს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს საქმის განახლება. 

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობის ხარვეზები - აღნიშნული სააგენტო ახორციელებს მათ შორის კერძო სამედიცინო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს. სააგენტოს საქმიანობის კუთხით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი ხორციელდება მხოლოდ პირთა და საგამოძიებო ორგანოების მიმართვის შემთხვევაში. აღნიშნულ საქმიანობას სააგენტო არ ახორციელებს პროაქტიულად, თავისი ინიციატივით. ამ პირობებში, სააგენტო ვერ ჩაითვლება ეფექტიან მექანიზმად, რომელიც პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სათანადო დაცვას უზრუნველყოფს. 

ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან დაკავშირებით საიამ მინისტრთა კომიტეტს დეტალური ანალიზი წარუდგინა შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად. სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ღონისძიებების გატარება უზრუნველყოფს სარიშვილი-ბოლქვაძის საქმის ჯეროვნად და ეფექტიანად აღსრულებას და ასევე, ხელს შეუწყობს შემდგომში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას.  

 

 

                                                                                              


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge