საიამ სამი ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა

დღეს საიამ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის და მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გაცემის ფაქტზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა.

ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოებიდან საია ითხოვდა ინფორმაციას, 2011 წლის 1 იანვრიდან შეძენილი და ჩუქების სახით მიღებული ყველა ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის, შეძენის, ჩუქების თარიღისა და გადახდილი თანხების ოდენობის შესახებ. წარდგენილი განცხადებებით საია ასევე ითხოვდა ყველა იმ სამართლებრივი აქტის გაცემას, რომლის მიხედვითაც შესაბამის დაწესებულებაში ავტო-სატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი განისაზღვრება.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შემდეგ, საიამ განმეორებით მიმართა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული უწყებების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა დღემდე არ მომხდარა. რაც შეეხება თბილისის მერიას, განმეორებით განცხადების წარდგენის შემდეგ, თბილისის მერიამ მხოლოდ ნაწილობრივ გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია და არ მიუთითა თითოეულ ავტომობილში გადახდილი თანხის ოდენობა.
 
საია მოუწოდებს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემის ვალდებულებას და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დაინტერესებული პირების მიერ  საჯარო ინფორმაციის  მიღების უფლებას.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge