დღეს, 4 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პატიმრის სახელით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სანქციის - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე“ არაკონსტიტუციურად ცნობა.
378-ე მუხლი ადგენს სასჯელს პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლის ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაციისათვის და განსაზღვრავს სხვადასხვა სიმძიმის სისხლისამართლებრივი დანაშაულის კატეგორიებს. აღნიშნული მუხლის მიზანია პენიტენციური დაწესებულის თანამშრომლის უსაფრთხოების დაცვა, რაც უდავოდ მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს, თუმცა, მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბლანკეტური დანაწესი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არღვევს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლებას. კერძოდ, მე-5 ნაწილი აწესებს უფრო მძიმე სანქციას, ვიდრე ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, მხოლოდ იმიტომ, რომ პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.
საია მოსაზრებით, ის დანაშაული, რომლისთვისაც პირი სასჯელს იხდის, გავლენას არ უნდა ახდენდეს 378-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დაწესებულ სასჯელზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები შესაძლებელია იყოს როგორც ძალადობრივი, ისე არაძალადობრივი ხასიათის, მაგრამ 378-ე მუხლის მე-5 ნაწილი არ უშვებს გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობას.
საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ბლანკეტურად განსაზღვრავს დანაშულის კატეგორიებს, რაც მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, შეაფასოს და განსაზღვროს შესაბამისი სანქცია. ამგვარი ბლანკეტური აკრძალვა კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული არაადამიანიური სასჯელის გამოყენების აკრძალვას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge