საიამ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ(საია)  პროექტის „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული  პროექტები გამოავლინა. აღნიშნული პროექტების დონორია   გერმანული ფონდი „პური მსოფლიოსათვის(BFDW)“.

კონკურსში გამარჯვებული პროექტები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვას საქართველოში, ადგილობრივ დონეზე შემოსავლის მომტანი აქტივობების ხელშეწყობას და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას სიღარიბით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების შესამცირებლად.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული  პროექტებია:

- ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  პროექტი „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების  მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“.  პროექტის ამოცანაა მოსახლეობის შრომითი მონაწილეობით და შესაბამისი მუნიციპალიტეტების  მერიების მხარდაჭერით ქედის სოფელ ბზუბზუში  და ხულოს სოფელ მახალაკურში მცხოვრები ოჯახების სასმელი/ სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. ამ სოფლებში მცხოვრებთათვის დღემდე წყლის მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე წყარო. პროექტით ასევე დაგეგმილია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში გარე განათების  20 ბოძის დამონტაჟება, რის შედეგადაც  განათდება შიდა სასოფლო გზის 3 კილომეტრიანი გზის სახიფათო მონაკვეთები. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად პირდაპირ სარგებელს მიიღებს მახალაკურში, ბზუბზუსა და ჩანჩხალოში მცხოვრები 535 მოქალაქე და გაიზრდება ეკოტურისტულად მიმზიდველი სამივე სოფლის შესაძლებლობები.  

- ა(ა)იპ „ჭიათურელთა კავშირის“ პროექტი „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საბავშვო ბაღის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია“. აღნიშნულ  ბაღში სკოლამდელ  განათლებას იღებს სვერსა და ცხრუკვეთში მცხოვრები ბავშვები. მთლიანობაში ორივე სოფელში 605 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის განხორციელების შედეგად ბაღის აღსაზრდელები  სასმელად ვარგის, უსაფრთხო წყალს მიიღებენ. 

-  ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტი „ხევსურეთში დაცლის პირას მყოფ სოფლებში  ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ხევსურეთში, დაცლის პირას მყოფ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ეკოტურიზმის განვითარების გზით, რეგიონის  ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივ თემში შემოსავლის მომტანი აქტივობების მხარდაჭერა.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია  სამი ახალი ეკოტურისტული მარშრუტის შექმნა, მისი დატანა  საქართველოს ტურისტული მარშრუტების ელექტრონულ  რუკაზე, ადგილობრივი გამყოლების გადამზადება და მათი გაძლიერება სათანადო უნარებით, ახალი ტურისტული ბილიკების მონიშვნა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ხევსურეთის ნაკლებად ცნობილი ტურისტული პოტენციალის განვითარებით მოხდება დამატებითი ტურისტული პროდუქტის განვითარება რეგიონში, რის შედეგადაც  დაცლის პირას მყოფი 15 სოფლის მაცხოვრებელი   ადგილზევე  მიიღებს   შემოსავალს და  ამავე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის გაჩნდება  განვითარების პერსპექტივა. პროექტის განხორციელება დაგეგმილია ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საია კვლავაც გააგრძელებს ადგილობრივ დონეზე განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას, რომ    მოსახლეობის  მონაწილეობით და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით  უზრუნველყოს ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი საჭიროებების გათვალისწინება.

    

 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge