საია საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს დასკვნას წარუდგენს

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ითვალისწინებს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გათანაბრებას 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის.

ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გათანაბრება საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალწლიანი რეკომენდაციის საგანს წარმოადგენს.[1] თუმცა, გვინდა დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ინიციატივა არ არის საკმარისი ქვეყანაში უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემისა და გარემოს ჩამოსაყალიბებლად, ვინაიდან იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრას, რაც არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას გააჩნია. (მაგალითად, ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში). შესაბამისად, არსებული გამოწვევების გადასაჭრელად,  მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება.

კანონის პროექტის თანახმად, შემოთავაზებული საარჩევნო ოლქების ახლებური ფორმირება არ ემყარება ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს, რიგ შემთხვევაში შეინიშნება საკითხის გადაწყვეტისას  არაერთგვაროვანი მიდგომა, ხოლო განმარტებითი ბარათი ვერ გვთავაზობს ინიცირებულ ცვლილებათა მყარ დასაბუთებას. ეს საკითხი დგას იმ ოლქებთან მიმართებაში, რომელსაც შედარებით მცირე ამომრჩეველი ჰყავს. მაგალითად საზღვრები არ იცვლება და ერთ მანდატიან მაჟორიტარულ ოლქად რჩება მესტია, მაშინ, როდესაც ამ ოლქში სულ რაღაც 8315 ამომრჩეველი ცხოვრობს. იმავდროულად ხდება 5242 ამომრჩეველით ყაზბეგის და 11717 ამომრჩევლით ამბროლაურის სხვა ოლქებთან შერწყმა და ორივე ოლქი საკუთარ მაჟორიტარს კარგავს.[2] აღნიშნული საერთო ჯამში აჩენს არაერთ კითხვას საარჩევნო ოლქების ამ სახით ჩამოყალიბების მართებულობასთან  დაკავშირებით, ისევე როგორც იწვევს საზოგადოების დაინტერესებას იმ გარემოებებით, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების განმსაზღვრელად გახდა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილებები დაიგეგმა და ხორციელდება დაბალი საზოგადოებრივი ჩართულობის პირობებში,  რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო ოლქების გადასინჯვის საერთაშორისო სტანდარტს.[3] ასევე არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ოლქების დაყოფამ და შერწყმამ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვიოს და დამატებითი ბარიერები შეუქმნას მოსახლეობას.  ჩნდება კითხვები უშუალოდ საარჩევნო პროცესების ადმინისტრირებასთან დაკავშირებითაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ  2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უნდა მოხდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ოლქების გამოთანაბრების რეფორმა კი ვერ ხნის არსებული საარჩევნო სისტემის გამოწვევებს და ის სახელმწიფო ფინანსების არაგონივრულ ხარჯვას წარმოადგენს.

დამატებით ინფორმაციისთვის,  თანდართულ დოკუმენტში იხილეთ საიას დასკვნა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

 

 

[1] ერთობლივი მოსაზრება საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტზე. ვენეციის კომისია და ეუთოს/ადამიანის უფლებათა ოფისი. 19 დეკემბერი 2011 წელი. გვ 7

[2] ყაზბეგის ოლქი უერთდება დუშეთისა და თიანეთის ოლქებს და მათ ერთი მაჟორიტარი ეყოლებათ. ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ერთიანდება ონის მუნიციპალიტეტთან და ორივე ოლქს ერთი მაჟორიტარი ეყოლებათ.

[3] საბაზისო ანგარიში: დემოკრატიული არჩევნებისათვის ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები. მესამე ნაწილი.  გვ. 55.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge