საიამ რეზინის ტყვიების გამოყენების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

 

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს სათანადო გარანტიების გარეშე რეზინის ტყვიის გამოყენებას უფლებამოსილებას ანიჭებს.

საიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს „სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებებს.1 საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული რეზინის ზედაპირის მქონე ფოლადის ტყვიის გამოყენება, რაც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის. ამასთან, გასაჩივრებული ნორმა არ კრძალავს რეზინის ტყვიის სროლას შემაღლებული ადგილიდან, რაც აჩენს მისი ადამიანის თავის არეში მოხვედრის საფრთხეს. საქართველოს კანონმდებლობით ასევე, არ არის აკრძალული იარაღიდან რეზინის ტყვიის ჯერის სროლა, ასევე, რეზინის ტყვიის გასროლა არაპირდაპირ რიკოშეტის ეფექტით, როცა რეზინის ტყვიის საფანტი მყარ ზედაპირზე მოხვედრის შედეგად შეიძლება გაიშალოს. თოფიდან ერთდროულად რამდენიმე რეზინის ტყვიის სროლა აჩენს ძალადობრივი ქმედების ჩამდენ პირთან ერთად ადგილზე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანის დაზიანების საფრთხეს, ისევე როგორც ტყვიის გაფანტვა შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების საფრთხეს.

საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს არავითარ გარანტიებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეზინის ტყვია გამოყენებული იქნეს როგორც უკანასკნელი საშუალება ძალადობრივი ქმედების აღსაკვეთად, როცა სხვა უფრო ნაკლებად დამაზიანებელი საშუალებით ვერ ხდება ძალადობრივი ქმედების აღკვეთა. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელს უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ჯერ გამოიყენოს რეზინის ტყვია, ხოლო შემდეგ აკუსტიკური საშუალება, მაშინ როდესაც რეზინის ტყვია უფრო დამაზიანებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ვიდრე - აკუსტიკური საშუალება. პოლიციამ რეზინის ტყვია მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს, როცა აკუსტიკური საშუალების გამოყენებით ძალადობრივი ქმედება ვერ იქნება აღკვეთილი. ამასთან, რეზინის ტყვიის გამოყენება არ არის შემოფარგლული მხოლოდ იმ შემთხვევით, როცა პოლიციის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. კანონმდებლობა არ ადგენს, რომ პოლიციამ რეზინის ტყვია გამოიყენოს მხოლოდ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ამგვარ საფრთხეს ქმნის და არა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივ ქმედებას არ სჩადიან.

საიას მიაჩნია, რომ ხსენებული გარანტიების არარსებობის პირობებში, რეზინის ტყვიის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.“

 

სარჩელი მომზადებულია საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR) -ის ფინანსური ხელშეწყობით, პროექტის „პროტესტის უფლების ხელშეწყობა ევრაზიის რეგიონში" ფარგლებში.


1 https://www.ohchr.org/sites/default/files/Documents/HRBodies/CCPR/LLW_Guidance.pdf


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge