2011 წლის 4 თებერვალს, პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა კანონპროექტი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”. შემოთავაზებული ცვლილებებით გამარტივებული შესყიდვის გამოყენების ფარგლები მნიშვნელოვნად იზრდება. საიამ უარყოფითად შეაფასა კონკრეტული შემსყიდველებისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) გამარტივებული შესყიდვების ფარგლების დაუსაბუთებელი გაფართოება და შემსყიდველ სუბიექტთა წრის გაზრდით კანონის მოქმედების სფეროდან ახალი გამონაკლისების გაკეთება. ამასთან, საიამ მოუწოდა პარლამენტის წევრებს ისეთი მოქმედებების განხორციელებისკენ, რომლებიც არ დაუშვებენ კანონმდებლობაში არსებული მექანიზმების გაუარესებას. (საიას მიერ მომზადებული დასკვნის სრული ტექსტი: http://gyla.ge/legislature/?formm=3&da_index=525).
საიამ ასევე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა მოსაზრებები “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც დასკვნაში აღინიშნა, დადებით მოვლენას წარმოადგენს კანონში ისეთი რეგულირების გაჩენა, რაც პირს შესაძლებლობას მისცემს, კანონით მკაცრად გაწერილი ვადის ამოწურვამდე, აღიდგინოს ჩამორთმეული უფლებები. ამასთან, როგორც პარლამენტისთვის გაგზავნილ მოსაზრებაში აღინიშნა, უმჯობესი იქნება თუკი ასეთი შესაძლებლობა არ შემოიზღუდება მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დადებით და პირს შესაძლებლობა ექნება შეზღუდული უფლებები სასამართლოს გზით აღიდგინოს იმ შემთხვევებშიც, როდესაც ის გათავისუფლდება ძირითადი სასჯელის მოხდისგან, ან შეეფარდება უფრო მსუბუქი სასჯელი. (საიას მიერ მომზადებული დასკვნის სრული ტექსტი: http://gyla.ge/legislature/?formm=3&da_index=523).
პარლამენტი განიხილავს პატიმრობის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებსა და დამატებებს, რაც ითვალისწინებს მსჯავრდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საიამ პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა. დასკვნის თანახმად, კანონპროექტით შემოთავაზებულმა ცვლილებებმა და დამატებებმა ხანგრძლივი პაემნის უფლება ყველა პატიმარზე უნდა გაავრცელოს. გარდა ამისა, აუცილებელია პატიმარს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიეცეს იმ პირთან, რომელთანაც ის ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში. ამასთან, აუცილებელია კანონპროექტმა გაითვალისწინოს ხანგრძლივ პაემანზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გაცემული უარის გადასინჯვის წესი და პირდაპირ გაითვალისწინოს პაემნის განმავლობაში ვიზუალური კონტროლის აკრძალვა. (საიას მიერ მომზადებული დასკვნის სრული ტექსტი: http://gyla.ge/legislature/?formm=3&da_index=524)
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge