საიამ პარლამენტს საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობაზე მოსაზრებები წარუდგინა

2020 წლის 6 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა, რომელიც საერთაშორისო მექანიზმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას შეეხება. 

პარლამენტი 2016 წლიდან ახორციელებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულებაზე ზედამხედველობას. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. პარლამენტი თავის მხრივ, შესაბამისი კომიტეტების ჩართულობით, განიხილავს წარდგენილ ანგარიშს, რის შემდეგაც ამზადებს დასკვნას აღსრულების მდგომარეობის შესახებ. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, უწყებამ, რომელიც სახელმწიფოს სახელით, პასუხისმგებელია საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულებაზე. პარლამენტის წინაშე ანგარიში პირველად 2017 წელს წარადგინა. ამ დრომდე სამინისტროს სამი ანგარიში აქვს წარდგენილი და 2020 წლის 1 აპრილამდე მეოთხე ანგარიშის წარდგენა უწევდა. 2019 წელს, საიამ ასევე, წარუდგინა პარლამენტს ალტერნატიული ანგარიში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით. 

2017-2019 წლებში პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ანგარიშის განხილვამ გამოავლინა გარკვეული ხარვეზები პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების პროცესში. გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, საია პარლამენტს მისი საპარლამენტო კონტროლის დამატებით დახვეწას რამდენიმე მიმართულებით სთხოვს, მათ შორის: 

1. აღსრულების ზედამხედველობის პროცესში პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი - წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ანგარიშის განხილვის მიზნებისთვის 2017 წელს წამყვან კომიტეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარმოადგენდა, 2018 და 2019 წლებში კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. წამყვანი კომიტეტის განსაზღვრა პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, წლის განმავლობაში აქტიურად მიადევნოს გადაწყვეტილებების და განჩინებების აღსრულების მიმდინარეობის პროცესს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ წელიწადში ერთხელ, მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის მოსმენითა და დასკვნის მომზადებით. 

2. შემუშავდეს წამყვანი კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმი - წინა წლების განმავლობაში წამყვანი კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნები არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენად შეასრულა საქართველოს მთავრობამ პარლამენტის მიერ წინა წელს გაცემული რეკომენდაციები. დასკვნაში ასევე, არაფერია ნათქვამი, თუ რომელი რეკომენდაცია ჩათვალა წამყვანმა კომიტეტმა შესრულებულად ან რომელი დარჩა შეუსრულებელი. პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა ეფექტიანს გახდის პარლამენტის მუშაობას გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებასთან დაკავშირებით.

3. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიში განხილულ იქნეს პლენარულ სხდომაზე და პარლამენტის მიერ რეკომენდაციების გაცემა მოხდეს დადგენილებით - წამყვანი კომიტეტის მიერ ამ დრომდე გაცემული დასკვნებიდან იკვეთება, რომ წამყვან კომიტეტს არასდროს მოუთხოვია მთავრობის ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და შესაბამისად, არც დადგენილება მიუღია პარლამენტს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მექანიზმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების თაობაზე მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის განხილვა სავალდებულო გახდეს პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში ასახულ რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათს მისცემს.

4. დაინერგოს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ალტერნატიული ანგარიშების წარდგენისა და განხილვის ეფექტიანი მექანიზმი - საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, აუცილებელია, პარლამენტმა განსაზღვროს აღსრულების ზედამხედველობის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ალტერნატიული ანგარიშების წარდგენის და მათი სხდომაზე მოსმენის პროცედურა. 

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინება ხელს შეუწყობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას. აღნიშნული კი უფრო ქმედითს გახდის პარლამენტის მუშაობას ამ მიმართულებით და უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე საერთაშორისო მექანიზმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და განჩინებების ეფექტიან და დროულ აღსრულებას.


 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge