საიამ პარლამენტს „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა

საიამ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ "პროკურატურის შესახებ" ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.

ორგანული კანონის პროექტის თანახმად, ხდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ორგანულ კანონად გარდაქმნა, განისაზღვრება საქართველოს პროკურატურის სტატუსი და დამოუკიდებლობის გარანტიები, დგინდება მისი უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი.

საია მიესალმება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციასთან კანონმდებლობის შესაბამისობისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე ორგანული კანონებისა და კანონების პროექტებს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ნორმები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობას უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან, რაც არ არის საკმარისი პროკურატურის სისტემის სრულფასოვან რეფორმისათვის.

ვფიქრობთ, რომ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობის წესი შესაბამისობაში არ არის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 65-ე მუხლთან, ხოლო მის შემადგენლობაში უმრავლესობით პროკურორების ყოფნა, ვერ უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას.

ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ შემდგომ დახვეწას საჭიროებს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევისა და მისი თანამდებობაზე არჩევის პროცედურა და ორგანული კანონითვე უნდა განისაზღვროს სპეციალიზებული პროკურატურების შექმნის საფუძვლები, მისი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი. აგრეთვე, დამატებით მსჯელობას საჭიროებს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ინიცირებული მასშტაბით მინიჭება და მიზანშეწონილია, განხილული იყოს უფლებამოსილებათა ნაწილის საპროკურორო საბჭოსთვის გადაცემის შესაძლებლობა.

საია მიმართავს პარლამენტს, წარმოდგენილ კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოთ დასკვნაში ასახული მოსაზრებები და შენიშვნები.

დასკვნა სრულად იხილეთ მიმაგრებულ ფაილში:


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge