საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2023 წლის 20 ივლისს გამართა პანელური დისკუსია თემაზე - ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საიამ 2023 წლის 15 აპრილის მდგომარეობით შეისწავლა „ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა საქართველოში - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით“.
როგორც მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, თითოეული მიმართულებით ცალკეული გაუმჯობესებების მიუხედავად, კვლავ რჩება გამოწვევები. კერძოდ, საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გასაძლიერებელია მინისტრების მიმართ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მექანიზმები; საარჩევნო სისტემაში კვლავ რჩება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლის დაშინებისა თუ მოსყიდვის რისკი, სათანადო ეფექტიანი რეგულაციების არარსებობის გამო. განსაკუთრებული სამუშაოა გასაწევი მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით, სადაც ჯერჯერობით ყველაზე ნაკლები წინსვლა შეინიშნება - ამ მიმართულებით მხოლოდ ფასადური ცვლილებებია მიღებული და სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ აგვარებს, როგორიცაა სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმი და პირადი ინტერესების არსებობა.
პანელურ დისკუსიაზე მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს დემოკრატიული ზედამხედველობის, მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის პროცესში და ამ მიმართულებით საქართველოს მომდევნო ნაბიჯებზე. ასევე განხილული იყო ის სიკეთეები, რომელსაც ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად მივიღებთ.
პროექტი - ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
ანგარიში იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/wU249
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge