საიამ ორი კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2012 წლიდან საია ახორციელებს კოალიციურ პროექტს - „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2013 წლის 7 თებერვალს, საიამ ორი კვლევის:  თბილისის მერიის პროექტი - „სავაჭრო ჯიხურები ქალაქის მასშტაბით“ და  „ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის მიმოხილვა’’ - პრეზენტაცია გამართა.

კვლევა თბილისის მერიის პროექტი - „სავაჭრო ჯიხურები ქალაქის მასშტაბით“ მომზადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ: 
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით, ქ. თბილისში, საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობის განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის  უფლებამოსილება სწორედ თბილისის არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, არქიტექტურის სამსახურის მიერ, არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირებს უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი გარე ვაჭრობის განხორციელებაზე. ამასთან მნიშვნელოვანია, როგორც წესი არქიტექტურის სამსახურის მიერ არ ხდებოდა იმ გადაწყვეტილებების დასაბუთება, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირებს გარე ვაჭრობის შესახებ თანხმობის მიღების მიზნით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთვის უნდა მიემართათ და შესაბამის აუქციონებში მიეღოთ მონაწილეობა.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ არ მომხდარა ე.წ. პრივილეგირებული კომპანიების: შპს „EXPRESS”-ის (ძველი სახელწოდება „უაიდ დისტრიბუშენი“), შპს „აუთდორ.ჯი“-ს, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“, შპს „მაგი სტილი მედიის“ და შპს „ნუგეში“-სთვის საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობის განხორციელების თაობაზე გაცემული თანხმობების ვადის გაგრძელება. გაცემული თანხმობების ვადის გასვლის შემდეგ კი ამ კომპანიების სავაჭრო ჯიხურები კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო განთავსებული. 
შპს „EXPRESS”-ს, შპს „აუთდორ.ჯი“-ს, შპს „მაგი სტილი მედიას“ და შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია“-ს არ გაუმარჯვიათ და მაღალი ალბათობით, მონაწილეობაც არ მიუღიათ თბილისის მერიის პროექტი „სავაჭრო ჯიხურები ქალაქის მასშტაბით“ ფარგლებში ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონებში. აღნიშნული ფაქტი კი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ კომპანიების სავაჭრო ჯიხურები კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო განთავსებული ქ. თბილისში. 
თბილისის მერიის ზედამხდეველობის საქალაქო სამსახურის მიერ არ ჩატარებულა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება და არ ყოფილა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა,  შპს „EXPRESS”-ის, შპს „აუთდორ.ჯი“-ს, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“, შპს „მაგი სტილი მედიის“  და შპს „ნუგეში“-ს იმ სავაჭრო ჯიხურების დემონატაჟი, რომლებიც თბილისის მასშტაბით სამართლის ნორმების მოთხოვნათა დარღვევით არის განთავსებული;
ე.წ. პრივილიგირებული კომპანიებიდან ორში, შპს „EXPRESS”-სა და შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“ სახელმწიფოს  საკუთრებაში დღემდე რჩება კომპანიების წილის 70%-70%;
 
საიას მოსაზრებით ზემოთ მოყვანილი გარემოებები ნათლად მიუთითებს, რომ აუცილებელია თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, ქ. თბილისის ტერიტორიაზე განთავსებული ე.წ. პრივილეგირებული კომპანიების ჯიხურები, სამართლის ნორმების მოთხოვნებთან იქნეს შესაბამისობაში მოყვანილი. ხოლო, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ, თუ რის საფუძველზე არის განთავსებული პრივილეგირებული კომპანიების სავაჭრო ჯიხურები დღემდე ქ. თბილისში.
 
რაც შეეხება მეორე კვლევას - „ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის მიმოხილვა“, კვლევის მომზადების შედეგად გაირკვა, რომ: 
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” და საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” სათანადოდ არ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ააიპ-ების საქმიანობის გამჭვირვალობას და მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების თუ ქონების გასხვისების კონტროლს;
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ, ააიპ-ების დაფუძნების შემთხვევაში არ ხდება დასაბუთება, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას;
ზოგიერთ შემთხვევაში, წესდებით არ არის განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ააიპ-ების კონტროლის მექანიზმები, ხოლო სხვა შემთხვევაში, არ ხდება არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენება. 
ზემოთ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, საიას მოსაზრებით აუცილებელია: 
მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ააიპ-ების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი გაიზარდოს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სახელმწიფო ქონების გასხვისებისას არსებული რეგულაციების გამოყენება ამგვარი ააიპ-ების საქმიანობაში. ასევე, ააიპ-ების საჯარო დაწესებულებად განხილვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში და პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა ააიპ-ის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ გახდა საჭირო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და მიუთითონ იმ კონკრეტულ უპირატესობებზე, რაც ახასიათებს  ააიპ-ის ფორმით საქმიანობას ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. დასაბუთების ვალდებულება ასევე უნდა გავრცელდეს ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა: წესდების ცვლილება, ააიპ-ის რეორგანიზაცია თუ ლიკვიდაცია და სხვა;
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უნდა განახორციელონ მათ მიერ დაფუძნებული ააიპ-ების საქმიანობის სრულფასოვანი მონიტორინგი როგორც საქმიანობის შეფასების, ისე ფინანსების ხარჯვის ნაწილში. ააიპ-ებს უნდა დაეკისროთ ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება, ხოლო წარმოდგენილი ანგარიში დეტალურად უნდა იქნეს განხილული დამფუძნებელთა მიერ. ასევე, ამგვარი ანგარიშები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი გაცემა მოთხოვნის შემთხვევაში. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge