2020 წლის 19 და 20 ოქტომბერს საიამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების და განჩინების აღსრულების მდგომარეობას აფასებს.
საიას მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრებები შემდეგ საქმეებს მოიცავს:
მახარაძის და სიხარულის ჯგუფის საქმეები - აღნიშნული საქმეები პენიტენციურ და კერძო სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა არასათანადო მკურნალობას შეეხება. პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მიღების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ამ მიმართულებით კვლავ იკვეთება გარკვეული ხარვეზები, რაც უარყოფითად ისახება პატიმრებისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების კუთხით.
ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები - ამ ჯგუფში არსებული საქმეები სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის დარღვევას და აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას შეეხება. ამ საქმეთა აღსრულების მიმართულებით, პრობლემად რჩება სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება როგორც პრაქტიკული, ასევე, ინსტიტუციური თვალსაზრისით. გამოწვევები რჩება სამართალწარმოებაში დაზარალებულის ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხითაც. დამატებით, პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მანდატთან დაკავშირებული ხარვეზები. ამასთან, შეშფოთებას იწვევს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება და დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ მათი არაფორმალური მმართველობისთვის გამოყენება/ხელშეწყობა.
ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - აღნიშნული საქმე ეროვნული ორგანოების წინაშე ბავშვის ხარვეზიან წარმომადგენლობას და ამ პროცესში ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლობას შეეხება. ამ საქმის აღსრულების მიმართულებით, პრობლემად რჩება, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კოდექსი და სხვა მომიჯნავე კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს ბავშვის საპროცესო წარმომადგენლობას და ამ პროცესში სოციალური მუშაკის უფლებებსა და ფუნქციებს. ამასთან, არსებული რეგულაციებით, ერთი და იგივე უწყება ახორციელებს როგორც ბავშვის ინდივიდუალურ შეფასებას, ასევე, ბავშვის წარმომადგენლობას სასამართლოში. აღნიშნული კი ამგვარი წარმომადგენლობის არსს ეწინააღმდეგება.
დამატებით, წარდგენილ კომუნიკაციაში საიამ სახელმწიფოს მიერ 4 საქმეზე გატარებული ინდივიდუალური ღონისძიებები შეაფასა. აღნიშნული საქმეები სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს შეეხება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განჩინების საფუძველზე სახელმწიფოს ამ ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება დაევალა. მოცემულ საქმეებზე გამოძიება დღემდე გრძელდება ისე, რომ რაიმე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და არ მომხდარა პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა. გარდა ამისა, მიმდინარე გამოძიებები გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება, რომელიც დროულ გამოსწორებას საჭიროებს ამ საქმეების ეფექტიანად აღსასრულებლად.
საიამ წარდგენილ დოკუმენტში მინისტრთა კომიტეტს ზემოთ ჩამოთვლილ ინდივიდუალურ და ზოგად პრობლემებთან დაკავშირებით დეტალური ანალიზი წარუდგინა შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად.
აღნიშნული ღონისძიებების გატარება უზრუნველყოფს როგორც უშუალოდ დაზარალებულების დარღვეული უფლებების და სამართლიანობის აღდგენას, ასევე, სახელმწიფოს მიერ ამ საქმეების ჯეროვან და ეფექტიან აღსრულებას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge