საიამ მინისტრთა კომიტეტს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და სხვა მიმდინარე საკითხებზე ინფორმაცია წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  პარტნიორ ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები, რომელსაც მინისტრთა კომიტეტი გაძლიერებული პროცედურის ფარგლებში ზედამხედველობს, სიცოცხლის უფლების და არასათანადო მოპყრობის დარღვევას და ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობას შეეხება. 

წარდგენილ კომუნიკაციაში საია უთითებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც წინა წლებშიც იკვეთებოდა, და კვლავ არ არის აღმოფხვრილი (მათ შორის, არასათანადო მოპყრობის საქმეების სწორი კვალიფიკაცია, გამოძიების პროცესში დაზარალებულთა ეფექტიანი ჩართულობა, არასათანადო მოპყრობის პრევენციის სხვადასხვა ღონისძიებები და სხვა).

ხაზგასასმელია, რომ უკვე წლებია საია მინისტრთა კომიტეტის წინაშე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერებას ითხოვს რამდენიმე კუთხით, კერძოდ, ხარვეზად მიიჩნევდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფარგლებსა და საგამოძიებო პროცესზე პროკურატურის მიერ სრული კონტროლის შენარჩუნებას, ასევე, ინსპექტორის სამსახურის მიერ მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით საგამოძიებო უფლებამოსილების არქონასა და სხვა. 

წლევანდელ კომუნიკაციაში საია ძირითად ყურადღებას სამ საკითხზე ამახვილებს: 

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - 2021 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ ყოველგვარი წინასწარი საჯარო განხილვებისა, და, მიუხედავად, როგორც ადგილობრივი (სახალხო დამცველიარასამთავრობო ორგანიზაციები), ისე საერთაშორისო (ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი,  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელიHuman Rights Watchაშშ-ის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის ელჩი საქართველოშიგაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელინიდერლანდების სამეფოს ელჩიჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი) კრიტიკისა, მიღებული ცვლილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ არის განზრახ პოლიტიკური ნაბიჯი სახელმწიფოში არსებული დამოუკიდებელი ინსტიტუციის წინააღმდეგ. ამის ნათელი დადასტურება, ასევე, არის ის, რომ ორი ახალი უწყების შექმნის მიუხედავად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მანდატთან დაკავშირებული არც ერთი პრობლემა წინამდებარე ცვლილებებით არ აღმოფხვრილა, პირიქით, სამსახურს აღარ ექნება საგამოძიებო უფლებამოსილება პროკურორებთან დაკავშირებით. 

2. ამნისტიის კანონის მიღება 20-21 ივნისს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით - საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში (იხ. მაგალითად ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ), რომლებიც სწორედ ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების ნაწილია, ევროპულმა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ კანონმდებელმა ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას სათანადო ყურადღება არ გაამახვილა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ (იქნება ეს დაბალი თუ მაღალი რანგის სამართალდამცავი) ჩადენილი სერიოზული გადაცდომის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ამნისტიის ან შეწყალების გამოყენება არ უნდა იყოს დაშვებული ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, არაადამიანურ/დამამცირებელ მოპყრობასთან მიმართებით. იმავე მიდგომას იზიარებს ინტერ-ამერიკული სასამართლო, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო, ეუთო და ევროპული პარლამენტი. შესაბამისად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ  ჩადენილ სერიოზულ დანაშულებში (იმის მიუხედავად, თუ ეროვნულ დონეზე რა კვალიფიკაციით იქნება საქმე წარმოებული), სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ ამნისტიის და შეწყალების გამოყენება არის საერთაშორისო სამართლის დარღევა. ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში მაინც მიიღო ამნისტიის კანონი იმგვარი შინაარსით, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს, და, იძლევა შესაძლებლობას, 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე განხორციელდეს ამნისტია.

3. კრიმინალური სუბკულტურის არსებობა პენიტენციურ დაწესებულებებში: შემაშფოთებელია პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება, რის წინააღმდეგაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები არ დგამენ ქმედით ნაბიჯებს. ამის საპირისპიროდ, ადმინისტრაცია არაფორმალურ მმართველებთან აქტიურად თანამშრომლობს და პატიმრებთან „ურთიერთობების მოსაგვარებლად“ მათ იყენებს.

მინისტრთა კომიტეტი ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებს 2022 წლის მარტში განიხილავს. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge